LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაშვილის კლინიკას 40 წელი შეუსრულდა

30

გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”

 

23 დეკემბერს რადიო „ფორტუნამ“ და თიკო დაბრუნდაშვილის  გადაცემამ „პულსი“ მურმან იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებს, რესპირაციული მედიცინის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელს, ქალბატონ ნანა ცხაკაიას და საკონსულტაციო პოლიკლინიკის ხელმძღვანელს, ბატონ თემურ ფურცხვანიძეს უმასპინძლა.

სულ რამდენიმე დღის წინ იაშვილის კლინიკას 40 წელი შეუსრულდა. უკვე 4 ათეული წელია საავადმყოფოს მედიკოსები ბავშვთა ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგანან და წარმატებით ართმევენ თავს ამ მეტად საპასუხისმგებლო, თუმცა სასიამოვნო საქმეს.

– ქალბატონო ნანა, იაშვილის კლინიკა 40 წლის იუბილეს აღნიშნავს, თქვენ კი, იქ დაარსების დღიდან მუშაობთ. როგორ გაიხსენებთ თქვენს პირველ ნაბიჯებს კლინიკაში?

– იაშვილის კლინიკაში, რომელსაც იმ პერიოდში ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფო ერქვა, მუშაობა 1976 წლის სექტემბერში დავიწყე. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ჩემი ახალგაზრდობა სწორედ ამ კლინიკას უკავშირდება. მაშინ მხოლოდ ერთი სამსართულიანი კორპუსი ფუნქციონირებდა, სადაც საკონსულტაციო პოლიკნინიკა, რამდენიმე ლაბორატორია, რენტგენის კვლევის ცენტრი და ადმინისტრაცია იყო მოთავსებული. პაციენტებს პოლიკლინიკაში ვღებულობდით, მე პულმონოლოგად დავინიშნე და რამდენადაც მახსოვს, სწორედ მაშინ დაარსა ბატონმა მურმანმა ბავშვთა პულმონოლოგის განყოფილება. რა თქმა უნდა, მანამდეც იყვნენ პედიატრები, რომლებიც ამ მიმართულებით მკურნალობდნენ, თუმცა, ბავშვთა პულმონოლოგია მანამდე არ არსებობდა. არაჩვეულებრივი გარემო იყო. მეტწილად ახალგაზრდები ვიყავით, დიდი ენთუზიაზმით ვაკეთებდით ჩვენს საქმეს, შედარებით ასაკოვანი ექიმები კი, ყველაფერში ხელს გვიწყობდნენ და გვეხმარებოდნენ. ერთ წელიწადში მეორე სამსართულიანი კორპუსიც გაიხსნა, ნეონატოლოგიური დღენაკლულ და ჩვილ ბავშვთა განყოფილებებით. არაჩვეულებრივი კოლექტივი იყო, რომელსაც საკმაოდ მძიმე პაციენტების მკურნალობა უწევდა.

– ბატონო თემურ, თქვენ როგორ გაიხსენებდით 40 წლის წინანდელ ისტორიას და ბატონ მურმანთან პირველ შეხვედრას?

– შესანიშნავი კოლექტივი შეიკრა ბატონ მურმანის ხელმძღვანელობით. აუცილებლად  მინდა გავუსვა ხაზი მის პიროვნებას, რადგან ის საუკეთესო ორგანიზატორი იყო. მართალია, მაშინ სიტყვა „მენეჯერი“ არ არსებობდა, მაგრამ ბატონი გურამი მართლაც მოწოდებით მენეჯერი იყო, რომელსაც განსაკუთრებით უყვარდა თავისი საქმე. ხშირად, შუაღამისას მოდიოდა კლინიკაში, ყველა განყოფილებას ამოწმებდა, ყველაფერს გულისყურით ათვარიელებდა და სწორედ ასე – ეტაპობრივად კრავდა კოლექტივს. სხვათაშორის, საკუთარ მომხიბვლელობასაც იყენებდა, შესანიშნავი გარეგნობა ჰქონდა, სულით კი, ნამდვილი ექიმი იყო, ნამდვილი პროფესიონალი და სხვებისგანაც იგივეს მოითხოვდა. მე დაარსების დღიდან კლინიკაში ვარ, ჩვილ ბავშვთა განყოფილებაში მივედი და პირველი პაციენტებიც კარგად მახსოვს. აუცილებლად უნდა გავიხსენო ჩვენი განყოფილების გამგე – ნაზი ჯორბენაძე, ბრწყინვალე ქალბატონი, რომელმაც ბატონ მურმანთან ერთად, რესპუბლიკაში პირველმა შექმნა ჩვილ ბავშვთა განყოფილება. მანამდე ბავშვები სახვადასხვა სამშობიაროებში იყვნენე გაფანტული და ვერ ღებულობდენენ სათანადო დახმარებას, ამგვარი განყოფილების გახსნით კი, უზარმაზარი საქმე გაკეთდა, რადგან ათასობით ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა შევძელით. რამდენიმე წელიწადში ჩვენი კლინიკა მრავალპროფილიანი გახდა და16 ახალი განყოფილებაც შეემატა. მე 1980 წლიდან 2012 წლამდე ვხელმძღვანელობდი ჩვილ ბავშვთა განყოფილებას და კარგად მახსოვს მისი მუშაობის სტილი. ყველა პაციენტის ჯანმრთელობის ისტორია ზეპირად უნდა გცოდნოდა, რადგან ბატონი მურმანი ყველაფერს დეტალურად კითხულობდა. სამსახურში ძალიან მკაცრი იყო, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სამედიცინო ეთიკას და ჩვენც ყოველთვის უფროსის პატივისცემისა და პაციენტის მშობელთან სწორი ურთიერთობისკენ მოგვიწოდებდა.

– თქვენი საავადმყოფო პირველი მულტიპროფილური კლინიკა იყო მთელ ამიერკავკასიაში, ბატონი მურმანი კი, ნამდვილი ნოვატორი, რომელმაც უამრავი სიახლე დანერგა. 

– გეთანხმებით. ბატონ მურმანს მართლაც უნიკალური ნიჭი ჰქონდა და თავის ეპოქაში, რამდენიმე ათწლეულით უსწრებდა დროს.

– ქალბატონო ნანა, როგორც თავად აღნიშნეთ, თქვენ ახალგაზრდა მიხვედით კლინიკაში, იქ კი, უფროსი და გამოცდილი ექიმები დაგხვდნენ. როგორი იყო ურთიერთობა თაობებს შორის?

– მშვენიერი ურთიერთობა გვქონდა. ერთ კონფლიქტსაც ვერ ვიხსენებ ჩვენს შორის მომხდარს, რაც ვფიქრობ ისევ ბატონი მურმანის დამსახურებაა. უფროს თაობას უზარმაზარი ცოდნა და გამოცდილება ჰქონდა, რომელსაც ყოველდღე გვიზიარებდა, ჩვენ კი, ვცდილობდით ყველაფერი მათგან გვესწავლა. კვირაში ერთხელ კონფერენციას ვმართავდით, საინტერესო შემთხვევებს განვიხილავდით და მედიცინის სიახლეებს ვეცნობოდით. სწორედ ბატონმა მურმანმა შექმნა ინფორმაციული განყოფილება, სადაც მსოფლიო მედიცინის სიახლეები ქართულ ენაზე ითარგმენობა და ყოველ დილას სამუშაო მაგიდაზე უკვე გამზადებული გვხვდებოდა.

– ბატონო თემურ, მართალია, ბატონი მურმანი საუკეთესო მენეჯერი იყო, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ფინანსური მხარდაჭერის გარეშე არაფერი არ გამოვა, არადა თქვენი კლინიკა უმაღლესი ხარისხის უცხოური აპარატურით სარგებლობდა. ვისი თანადგომით კეთდებოდა ეს მართლაც დიდი საქმე?

– პირადი თვისებებიდან გამომდინარე ბატონ მურმანს უამრავი მეგობარი ჰყავდა. ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი იყო და არსდროს უჭირდა სხვებთან საერთო ენის გამონახვა. განსაკუთრებით ქალბატონები იყვნენ მოხიბლული, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ მისი ხათრით. ერთ-ერთ მეგობარს გამოვყოფდი, ბატონ ნიკა ცხაკაიას, ქალბატონი ნანას მამას, რომელიც ჩვენი კლინიკის ქომაგი და პირდაპირ ვიტყვი, მამა-მარჩენალი იყო. სწორედ მისი მხარდაჭერითა და უანგარო დახმარებით შევძელით ჩვენს კლინიკაში მაღალი სტანდარტების დანერგვა.

– ქალბატონო ნანა, სამომავლოდ რა გეგმები აქვს იაშვილის კლინიკას?

– სამომავლოდ მართლაც ამბიციური გეგმები გავქვს. იანვრის თვეში თირკმლის ტრანსპლანტაციის განყოფილებას გავხსნით. იგეგმება ეპილეფსიის ქირურგიული მკურნალობის და ღვიძლის გადანერგვის განყოფილებების გახსნა, ასევ ონკო-ჰემატოლოგიური განყოფილების გაფართოება, რომელიც საქართველოში ერთადერთია და ძალიან ბევრი პაციენტი ჰყავს. სულ ცოტა ხნის წინ კი, კარდიო-ქირურგიული განყოფილება გავხსენით, სადაც ქართველი კარდიო-ქირურგები ოპერაციებს უცხოელ სპეციალისტებთან ერთად აკეთებენ და განყოფილებაც მეტად წარმატებულად მუშაობს.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები