LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანე ჩხაიძე: „იმუნიზაცია საუკეთესო გამოსავალია მათი შვილების სიცოცხლის გადასარჩენად”

4

გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”

 

27 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი ივანე ჩხაიძე სტუმრობდა, რომელმაც იმუნიზაციის მეტად აქტუალურ თემაზე ისაუბრა.

– ბატონო ივანე, ევროპის იმუნიზაციის კვირეულის აღნიშვნისას, რომელსაც საქართველოც შეუერთდა, განსაკუთრებით აქტუალურია ვაქცინაციის თემა. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია იმუნიზაცია და რატომაა აუცილებელი ბავშვების აცრა?

– პედიატრებისთვის იმუნიზაციის თემა არა უბრალოდ აქტუალური, არამედ მტკივნეულია, რადგან, როცა ბავშვი მხოლოდ იმიტომ იღუპება, რომ თავის დროზე მშობელმა არ იზრუნა მის აცრაზე, ძალიან რთულია გამოსავლის პოვნა. რა თქმა უნდა, მერე ყველა მშობელი ნანობს, თუმცა უკვე გვიანაა. ვფიქრობ, არა მხოლოდ იმუნიზაციის კვირეულის მიმდინარეობისას, არამედ მუდმივად უნდა შევახსენოთ მშობლებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, ექიმებს კი, ვურჩიოთ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ ვაქცინაციის უკუჩვენებებზე საუბრისას. სამწუხაროდ, ჯერ ვერ მივაღწიეთ იმ 95%-იან მაჩვენებელს, რაც იმუნიზირებული და დაავადებებისგან მაქსიმალურად დაცული მოსახლეობის ოდენობას განსაზღვრას. მართალია, მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ კომფორტულ 95%-იან ზღვარს მაინც ვერ მივაღწიეთ.

– თქვენი აზრით, რატომ იკავებენ მშობლები თავს იმ ერთ ჩხვლეტისგან, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის?

– მიზეზი ბევრია, მათ შორის ოჯახური გარემო, საზოგადოების დამოკიდებულება ვაქცინაციის მიმართ და უმთავრესი – ბავშვის ექიმი, რომელსაც მშობელი ყველაზე მეტად ენდობა. პირველი ვაქცინაცია ჯერ კიდევ სამშობიაროში კეთდება და არავინ აპროტესტებს, ორი თვის შემდეგ კი, მშობელს პირველი ეჭვი უჩნდება, ღირს თუ არა ვაქცინაციის გაკეთება, რომელიც ერთი წლის ასაკში, წითელას ვაქცინაციისას უფრო აქტუალური ხდება, 5 წლის ასაკში კი, თითქმის არავის ახსენდება ბავშვის აცრა. ვფიქრობ, პირველ რიგში ექიმია ვალდებული, მეტი დრო დაუთმოს ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბარს, რადგან რთული წარმოსადგენია საღად მოაზროვნე მშობელი, რომლიც უარს იტყვის საკუთარი შვილის დაცვაზე.

– რა მთავარი არგუმენტები არსებობს ვაქცინაციის აუცილებლობაზე, რათა არცერთ მშობელს არ გაუჩნდეს წინააღმდეგობის გაწევის სურვილი?

– ბევრს აინტერესებს, შეიძლება თუ არა დაავადების მართვა ვაქცინაციის გარეშე, რადგან არსებობს მითი, თითქოს თუ ბავშვი დამოუკიდებლად დაძლევს დაავადებას, მისი იმუნიტეტი მნიშვნელოვნად გაძლიერდება, რაც დიდი შცდომაა, რადგან სწორედ ამგვარი დამოკიდებულება იწვევს ბავშვის გარდაცვალებას. სხვათაშორის, ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი დაავადება წითელაა, რომელიც შესაძლოა ადრეულ ასაკში დაიწყოს და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გამოვლინდეს მძიმე ნევროლოგიური გართულებებით, რომელთა თავიდან აცილება თავისუფლად შეიძლებოდა მხოლოდ ერთი აცრით. სამწუხაროდ, წითელასთან ერთად კიდევ რამდენიმე მძიმე დაავადება არსებობს, მათ შორის დიფტერია, რომელიც სწორედ ვაქცინაციის წყალობით იქნა დაყვანილი მინიმუმამდე, არანაკლებ ვერაგია ტეტანუსიც, რომელიც ნერვული სისტემის დაზიანებას იწვევს. 12 დაავადებას შორის, რომელთა ვაქცინაცია სავალდებულოა, რადგან დასნეულების შემთხვევაში შეუძლებელია მათი მკურნალობა, ერთადერთ ნაკლებად სახიფათო დაავადებად როტავირუსი ითვლება, რომელიც ძალიან იშვიათად სრულდება ლეტალური შედეგით, თუმცა, აცრა მაინც აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ მძიმე დიარიული დაავადებები. გარდა ამისა, ბოლო წლებში კიდევ ერთი – პნევმოკოკის ვაქცინა დავნერგეთ, რომელიც ბავშვს მენინგიტისგან და ნერვული სისტემის დაზიანებისგან იცავს.

– ალბათ, საიდუმლო არაა, რომ მედიკოსთა ნაწილი ყურადღებას ვაქცინაციის უკუჩვენებაზე უფრო ამახვილებს და მშობლებს აცრისგან თავის შეკავებას ურჩევს. თქვენი აზრით, რატომ უჩნდებათ თავად მედიკოსებს ამგვარი ეჭვი?

– ვფიქრობ, ადამიანს, რომელიც მსგავს რეკომენდაციას გასცემს, არ შეიძლება ეწოდოს ექიმი, რადგან მედიკოსის მოვალეობა არა მხოლოდ დაავადების მკურნალობა, არამედ მისი პრევენციაცაა. იმ შემთხვევაში კი, თუ ექიმი ვერ არწმუნებს მშობელს ვაქცინაციის აუცილებლობაში ან უარის თქმას ურჩევს, მაშინ დაავადების ყველა გართულებაც მისი პასუხისმგებლობაა. საბედნიეროდ, მშობლების ინფორმირებულობა და განათლება ბოლო წლებში საგრძნობლად ამაღლდა და უმეტესობა რეკომენდაციის გარეშე, საკუთარი ინიციატივით მიმართავს ვაქცინაციას.

– ზოგჯერ დარწმუნების მიუხედავად, მშობლები მაინც უარს ამბობენ ბავშვის აცრაზე. ამ შემთხვევაში როგორ ახსნით მათ ქცევას?

– ბევრი ინფორმაციას ინტერნეტით იღებს, რც ნაკლებად გამართლებულია. ინტერნეტში  ინფორმაციის დიდი ნაწილი არასწორია, რადაგან ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება, მშობელს კი, უჭირს გააკეთოს სწორი არჩევანი კომპეტენტური მედიკოსისა და დილეტანტის რჩევებს შორის.

– ვაქცინაცია ბავშვებისთვის უფასოა, ამიტომ ჩნდება ეჭვი მის ვარგისიანობაზე, მით უფრო, რომ არსებობს მოსაზრებ, თითქოს უფასო არაფერი არ ვარგა. საინტერესოა, რამდენად ხარისხიანია სახელმწიფოს მიერ შეძენილი ვაქცინა?

– 1990-იანი წლების ბოლოს მართლაც ხშირად ჩნდებოდა კითხვა, რამდენად ვარგისი და ხარისხიანი იყო უფასო ვაქციანაცია. იმ პერიოდში, მთავარი ვაქცინის შოვნა, შემოტანა იყო და ნაკლებად ვინტერესდებოდით მისი მწარმოებლით, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, რომელთაც საკუთარი თავზე აიღეს ჩვენი მომარაგება სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა, დღეს კი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფოს მხოლოდ მაღალი ხარისხის ვაქცინა შემოაქვს, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა დამოწმებული. ასე რომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩვენს სლოგანს „აცერი და დაიცავი!“, მშობლებს კი, შევახსენებ, რომ იმუნიზაცია საუკეთესო გამოსავალია მათი შვილების სიცოცხლის გადასარჩენად!

გადაცემის ლაივი

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები