LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხათუნა ზახაშვილი: “ეს ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმა იყო იმუნიზაციის პროგრამაზე”

10

გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”

 

19 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი ხათუნა ზახაშვილი სტუმრობდა, რომელმაც პრესაში გამოქვეყნებულ იმ პუბლიკაციაზე ისაუბრა, სადაც მეტად არაკურექტულად იყო ასახული ცოფის ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები.

– ქალბატონო ხათუნა, სტატიამ, სადაც ზოგადად იმუნიზაციის პროგრამა გაკრიტიკდა, იმ მშობლების შეშფოთება გამოიწვია, რომელთაც შვილები იმუნიზაციის კალენდრის გათვალისწინებით აცრეს

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ  ეს ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმა იყო იმუნიზაციის პროგრამაზე, რომელიც ფლაგმანია ჯანდაცვის პროგრამებს შორის, რადგან სწორედ მისი წყალობით შემოდის ქვეყანაში უმაღლესი ხარისხისა და სტანდარტის ვაქცინები. დღეს იმუნიზაციის პროგრამა 12 დაავადებისგან იცავს ჩვენს ბავშვებს. საუკეთესო ვაქცინებს შორისაა ჰექსავალენტური ვაქცინაც, რომლის დანერგვა ქვეყანას საკმაოდ ძვირი დაუჯდა, რადგან მას მხოლოდ მოწინავე ქვეყნებში იყენებენ, ამიტომ, პროგრამისთვის ამგვარი დარტყმის მიყენება და მშობლების, ბავშვთა აცრის მართებულობაში დაეჭვება, ვფიქრობ, მავნებლობა და ნამდვილი ბოროტებაა, მით უფრო, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების შეფასებით, ჩვენს ქვეყანაში გატარებული იმუნიზაციის პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. ცოფის ვაქცინასთან დაკავშირებით იმდენად უცნაური ინფორმაცია იქნა სტატიაში გამოყენებული, რომ საკითხის მცოდნე პროფესიონალებსაც გაუჭირდათ გარკვევა. ამასთანავე, ცოფის ვაქცინა აბსოლუტურად ცალკე თემაა და საერთოდ  არ ეხება გეგმიურ იმუნიზაციას, რადგან ის, ბავშვებს შესაძლო დაავებდებებისგან თავის დაცვაში ეხმარება, ცოფის ვაქცინა კი, შეიძლება ითქვას, უალტერნატივო საშუალებაა, რომელიც მხოლოდ დასნეულებულ ადამიანს მიეწოდება, მასზე უარის თქმა კი, ფატალური შედეგით სრულდება. საქართველო ცოფის ენდემური გავრცელების ქვეყანაა, ანუ ცხოველებში ცოფი მუდმივად ვრცელდება, თუმცა ბოლო სამი წლის მანძილზე ადამიანის ცოფით დაავადების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირდა, რაც პირველ რიგში სწორედ აცრის დამსახურებაა, რომელიც უფასოა და ყველასთვის ხელმისაწვდომი.

– მედიასაშუალებებში საუბრობდნენ, თითქოს ეს უვარგისი და უხარისხო ვაქცინა იყო, რომელსაც არ ჰქონდა მინიჭებული პრეკვალიფიკაცია. საინტერესოა, რას ნიშნავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინა და რას ნიშნავს პრეკვალიფიკაციის გამოთხოვა?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ პრეკვალიფიკაციის გამოთხოვა არ ნიშნავს უხარისხო ვაქცინას. ზოგადად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია ვაქცინის ხარისხის ინდივიდუალურად შეამოწმებას და დადასტურებას ნიშნავს, რომ ის აბსოლუტურდ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რაც ვაქცინის წარმოებისთვისაა აუცილებელი. სხვათაშორის, ჯანმო ძალიან იშვიათად გასცემს პრეკვალიფიკაციას, რადგან დიდი ქვეყნები, რომლებიც თავად აწარმოებენ ვაქციას, თავადვე ატარებენ სათანადო შემოწმებას და აძლევენ რეგისტრაციის უფლებას, თავისუფლად მოიხმარენ საკუთარ ტერიტორიაზე და არ სჭირდებათ გარე ბაზარი. ამიტომ, არც ფიქრობენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაციაზე, რადგან ეს, მისთვის მხოლოდ ზედმეტი ხარჯი და დროის კარგვაა. ჩვენ კი, პირიქით, პირველ რიგში სწორედ გარანტია გვჭირდება, რომ ქვეყანაში უმაღლესი ხარისხის ვაქცინა შემოდის და ჯანმო-ს პრეკვალიფიკაციაც სწორედ ამგვარი გარანტორია. სტატიაში აღნიშნული იყო, თითქოს ცოფის ვაქცინა „ლისავაკი“ საქართველოში არ იყო დარეგისტრირებული და მხოლოდ ერთჯერადი რეგისტრაციის უფლებით იყო შემოტანილი, რაც სიმართლეს არ შეეფერება. მართალია, ქვეყანაში რეგისტრაციის ოროივე ფორმა კანონითაა დაშვებული, მაგრამ ამ შემთხვევაში პრეპარატი რეგისტრირებული იყო 2012 წლიდან, მოსახლეობის დეზინფორმაცია კი, კონკრეტულად ვაქცინის და ზოგადად იმუნიზაციის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად, რადგან ვერასდროს დავიჯერებ, რომ ჩვენს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ვინმემ გაბედოს და იმუნიზაციის პროგრამაში არასაიმედო პრეპარატი შეიტანოს.

– გამოითქვა მოსაზრება თითქოს საჭირო იყო ვაქცინაციის შეჩერება, რადგან ვაქცინას აღარ ჰქონდა ჯანმოს პრეკვალიფიკაცია,

–  საკმაოდ რთული აჩევანის წინაშე აღმოვჩნდით – ან უნდა შეგვეჩერებინა ვაქცინაცია ან გაგვეგრძელებინა. პროცესის შეჩერება დაუშვებელად მივიჩნიეთ, რადგან ცოფი ის დაავდებაა, რომელიც დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს, რადგან ვაქცინაააციის გადადება რისკის ქვეშ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჩვენ კი, საკმაოდ ბევრი დაკბენილი პაციენტი გვყავდა და მათი ცოფით დასნეულების საფრთხეც აბსოლუტურად რეალური აღმოჩნდა, ამიტომ მეორე გზა ავირჩიეთ და პრეკვალიფიკაციის მოხსნის მიუხედავად,  ვაქცინაციის პროცესის გაგრძელება გადავწყვიტეთ, რადგან არც სხვა ალტერნატივა გვქონდა, არც ინფორმაცია არსებობდა, რომ ვაქცინა უხარისხო იყო და განადგურებას ექვემდებარებოდა, თუმცა დაუყონებლივ დავიწყეთ ზრუნვა ახალი ვაქცინის შემოტანაზე, რაც წარმატებით განვახორციელეთ და სულ რაღაც ერთ თვეში ძველი ვაქცინა ახლით ჩავანაცვლეთ. აქვე ავღნიშნავ, რომ ჯანმო-მ 2015 წელს შეამოწმა  „ლისავაკის“ მწარმოებელი და პროცესუალური დარღვევების აღმოჩენის შემდეგ, მხოლოდ 2016 წლის დასაწყისში შეუჩერა პრეკვალიფიკაცია ანუ, ჯანმო რომ არ ყოფილიყო დარწმუნებული ვაქცინის უსაფრთხოებაში, ნამდვილად არ დაუშვებდა მისი წარმოების რამდენიმე თვით გაგრძელებას და არ დააყენებდა საფრთხის წინაშე მთელ მსოფლიოს. აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ პრეკვალიფიკაციის მოხსნა არ გულისხმობს ვაქცინის უხარისხობას.  შესაძლოა, მისი მწარმოებელი არ იცავს ორგანიზაციის სტანდარტებს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის უხარისხო, ადამიანისთვის დამღუპველ პრეპარატს აწარმოებს.

– თქვენი აზრით რა ზიანი შეიძლებ მიაყენოს იმუნიზაციის პროგრამას ამგვარმა არაკორექტულმა განცხადებებმა?

– სამწუხაროდ, რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტი უკვე დაფიქსირდა, რეგიონებიდან ექიმი-რაბიოლოგები დაგვიკავშირდნენ, რომელთა განცხადებით ცოფის იმუნიზაციის პროგრამაში ჩართულმა პირებმა უარი თქვეს ვაქცინის გაკეთებაზე, ისინი კი, იძულებული გახდნენ, ზოგჯერ მკაცრად, მაგრამ აუცილებლად დაერწმუნებინათ ადამიანები აცრის გაკეთებაზე. ყველას მინდა შევახსენო, რომ ჩვენ ცოფის ენდემური გავრცელების ქვეყანაში ვცხოვრობთ,  ვაქცინაციაზე უარის თქმით კი, დაკბენილი ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს რისკავს. რაც შეეხება ზოგადად იმუინიზაციის პროგრამას, მინდა ყველა დავარწმუნო, რომ  ჩვენს ქვეყანაში შემოტანილი ვაქცინები უმაღლესი ხარისხის, უსაფრთხო და ყველაზე ეფექტურია, ამასთანავე აუცილებლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა პრეკვალიფიცირებული. ვაქცინაციით ჩვენ არა მხოლოდ აცრილ ბავშვის ვიცავთ, არამედ მის გარემოცვასაც, ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და არ  ჩააგდოს საკუთარი შვილების სიცოცხლე საფრთხეში!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები