LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინიკა „ენმედიცი“ – 21-ე საუკუნის ოფთალმოლოგია დიაბეტური რეტინოპათიის მკურნალობა

27

გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”

 

23 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ კლინიკა „ენმედიცის“ ოფთალმოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი სოფო ტურძილაძე და ოფთალმოქირურგი ონკო-ოფთალმოლოგი ილონა წერედიანი სტუმრობდნენ.

– ქალბატონო სოფო, რა ტიპის დაავადებები გხვდებათ ყველაზე ხშირად და ძირითადად რა პრობლემებით გაკითხავენ პაციენტები?

– კლინიკა „ენმედიცი“ ენდოკრინოლოგიური ცენტრია, შესაბამისად ჩვენი პაციენტების დიდი ნაწილიც შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტები არიან. ალბათ იცით, რომ დიაბეტს მრავალი გართულება ახასიათებს, რომელთა შორის ერთ-ერთი რეტინოპათიაა. გამომდინარე აქედან, ჩვენი პაციენტების უმრავლესობაც სწორედ ამ სენითაა დაავადებული. რეტინოპათია ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული თვალის პათოლოგია და პროგრესირებადი დაავადებაა, რომელსაც უამრავი გართულება აქვს. სამწუხაროდ, ჰიპერგლიკემია ანუ დიაბეტის შედეგად სისხლში მომატებული შაქრის კონცენტრაცია სისხლძარღვების კედლების დაზიანებას და თვალის ბადურა გარსზე სისხლჩაქცევების წარმოქმნას იწვევს, იშემია ანუ ჟანგბადის ნაკლებობა კი, მხედველობის დაკარგვას მიზეზი ხდება, რაც სამწუხაროდ პროგრესირებადი და შეუქცევადი პროცესია.

– სწორად მართვის შემთხვევაში დიაბეტით დაავადებული ნაკლებად განიცდის პრობლემებს და ისეთივე სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს, როგორც ჯანმრთელი ადამიანი. თვალის დაავადებები რამდენად ექვემდებარება ამგვარ მართვას?

– ტიპიური შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის დასმის შემდეგ, 30 წელს გადაცილებული პაციანტისთვის ოფთალმოლოგთან ვიზიტია რეკომენდებული მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ჩივილები. ინსულინდამოკიდებული დიაბეტის შემთხვევაში კი, დიაგნოზის დასმიდან მაქსიმუმ ხუთ წელიწადშია დაშვებული პირველი კონსულტაცია. თუ კონსულტაციის შემდეგ არ დადგინდა რეტინოპათიის არსებობა, მაშინ პაციენტს წელიწადში ერთხელ ვუნიშნავთ შემოწმებას. რა თქმა უნდა, აუცილებელია შაქრის კონტროლი, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არტერიული წნევის კონტროლსაც განსაკუთრებით ხანდაზმული პაციენტების შემთხვევაში. რადგან ეს ორი დაავადება ცალ-ცალკე და მითუმეტეს ერთად სამწუხაროდ სისხლძარღვების სერიოზულ დაზიანებებს და შესაბამისად გართულებებსაც იწვევს.

– როგორ მოქმედებს ოფთალმოლოგი დიაბეტის დიაგნოზის დასმის შემდეგ, თქვენი კლინიკის მაგალითის გათვალისწინებით, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა პაციენტს ერთ სივრცეში შეუძლია ენდოკრინოლოგოს და ოფთალმოლოგის კონსულტაციის მიღება?

– გეთანხმებით, ერთ კლინიკაში ორივე ექიმის მომსახურებით სარგებლობა მეტად კომფორტულია. დიაბეტის არსებობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უპირატესობა ენდოკრინოლოგს ენიჭება, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ოფთალმოლოგთან კონსულტაციაც. ალბათ იცით, რომ ოფთალმოლოგია მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული აპარატურით აღჭურვაზე, ამიტომ სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი კლინიკაში ყველა ის აუცილებელი აპარატურაა, რაც პაციენტის სრულ გამოკვლევას და ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა. პირველ ვიზიტზე პაციენტის მხედველობა ფასდება, ვზომავთ თვალსშიდა წნევას, თვალის გუგის გაფართოვებით კი, დეტალურად ვათვარიელებთ ბადურა გარსს, რადგან პირველი სიგნალი მიკროანევრიზმების ანუ წერტილოვანი სისხლჩაქცევების სახით სწორედ ბადურა გარსზე ჩნდება. თუმცა, პაციენტი ამას ვერ გრძნობს, ჩივილებიც არ აქვს და სწორედ ამიტომაა აუცილებელი ექიმთან დროული ვიზიტი. დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სტადიაზე მკურნალობას, რადგან საშუალება გვაქვს შევაჩეროთ დაავდება.

– რა საშუალებებს ფლობს 21-ე საუკუნის ოფთალმოლოგია დიაბეტური რეტინოპათიის სამკურნალოდ?

– დიაბეტური რეტინოპათიის მკურნალობის ოქროს სტანდარტი ბადურის ლაზერი კუაგულაციაა, თუმცა ამ მეთოდს საწყის სტადიაზე არასდროს მივმართავთ და მხოლოდ მაშინ ვიყენებთ, როცა ბადურის პათოლოგიური სისხლძარღვების მოწვა ანუ კუაგულაცია გვჭირდება, რათა არ გაღრმავდეს იშემიური პროცესი და შევინარჩუნოთ ჟანსაღ ქსოვილზე ჟანგბადის ნორმალური მიწოდება. გარდა ამისა, თვალში არსებობს მაკულა ანუ ცენტრალური ზონა, რომელიც კარგ და მკვეთრ მხედველობას უზრუნველყოფს, დიაბეტური რეტინოპათიის დროს კი, ძალიან ხშირად სწორედ ამ ზონაზე მოდის გართულებები. არსებობს სხვადასხვა ტიპის მაკულოპათია, თუმცა ნებისმიერი ტიპი აუარესებს მხედველობას. ამ კონკრეტული პათოლოგიის დროს სხვადასხვა პერეპარატების თვალსშიდა ინექცია გამოიყენება, რათა არ მოხდეს პათოლოგიური სისხლძარღვების წარმოქმნა, რაც აღრმავებს პროცესს, იწვევს უფრო მასშტაბურ სისხლჩაქცევებს და იშემიის გააქტიურებას. ძირითადად მკურნალობის ეს ორი მეთოდი გამოიყენება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენ მკურნალობის ორივე მეთოდი შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს პაციენტებს ჩვენს ხელთ არსებული ფრანგული ლაზერული აპარატის საშუალებით და ძალიან გამოცდილი ლაზერო-ქირურგის, ბატონ რამაზ ცინცაძის ხელმძღვანელობით. გარდა ამისა, გვაქვს ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფი, რომელიც საშუალებას გვაძლევს დეტალურად გამოვიკვლიოთ ბადურა გარსი, ჩავატაროთ შრეობრივი ანალიზი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად დადგინდეს რა პროცესები მიმდინარეობს და რომელ შრეშია პათოლოგია.

– ქალბატონო ილონა, რას გულისხმობს ზოგადად ონკო-ოფთალმოლოგია და რა ტიპის პაციენტები მოგმართავენ ყველაზე ხშირად?

– ონკო-ოფთალმოლოგია თვალის წინა და უკანა მონაკვეთის ონკოლოგიურ დაავადებებს გულისხმობს. უკანა მონაკვეთის დაავადებებში ძირითადად თვალბუდის ანუ ორბიტის ონკოლოგიური წარმონაქმნები მოიაზრება, რომლებიც კეთილთვისებიანიც შეიძლება იყოს და ავთვისებიანიც. წინა მონაკვეთში კი, კონიუქტივალური გარსის და თვალის დანამატი ოგანოების – ქუთუთოების და საცრემლე სისტემის სიმსივნე იგულისხმება. არსებობს თვალსშიდა ონკოლოგიური დაავადებებიც, რომლებიც საკმაოდ ფართოდაა  გავრცელებული. თუმცა, საბედნიეროდ ძირითადად მაინც წინა მონაკვეთის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები ანუ ქუთუთოს სხვადასხვა ტიპის, პაპილომატოზური და კისტოზური წარმონაქმნები გვხვდება. კეთილთვისებიანი წარმონაქმნი ყოველთვის ნელა იზრდება, არ იწვევს ირგვლივ არსებული ქსოვილების დესტრუქციას, არაა აგრესიული და არ იძლევა მეტასტაზირებას. ავთვისებიანი სიმსივნე კი, პირიქით სწრაფად იზრდება, იწვევს მეტასტაზირებას და ქსოვილების დესტრუქციას.

– ალბათ, ამ შემთხვევაშიც მეტად მნიშვნელოვანია დროული დიაგნიოსტირება

– თვალის ონკოლოგიური დაავადებების დროს პაციენტს ძალიან კონკრეტული ჩივილები აქვს, რადგან ისეთი სიმპტომები ვლინდება, რომლებიც აიძულებს მას მიმართოს ექიმს. რა თქმა უნდა, აუცილებელია ანამნეზის სწორად შეკრება და დროული დიაგნოსტირება, დადგენა თუ რა ტიპის წარმონაქმნია და საჭიროებს თუ არა ქირურგიულ ჩარევას.

– ქალბატონო სოფო, ისვე თვალის პათოლოგიებს რომ დავუბრუნდეთ, საკმაოდ ხშირია პოლინოზები ანუ სეზონური ალერგიის შემთხვევები. საინტერესოა, რა ტიპის გართულებები გვხვდება პოლინოზის დროს და როგორ შეიძლება მათი მკურნალობა?

– პოლინოზი საკმაოდ შემაწუხებელი ქრონიკული პათოლოგიაა, რომელიც ქავილს, ცრემლდენას და ზოგჯერ შეშუპებასაც იწვევს. მათ, ვისაც მსგავსი პრობლემა სეზონურად აწუხებს, წინასწარ შეუძლია თადარიგის დაჭერა და ანტიჰისტამინების მიღება, ის კი, ვინც პირველად გადააწყდა მსგავს პრობლემას, უკეთესია ოფთალმოლოგს მიმართოს, რომელიც შეაფასებს მდგომარეობას და გარკვეულ ანტიალერგიულ წვეთებს და აბებს დანიშნავს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ალერგოლოგის კონსულტაციაც, რადგან ზოგჯერ ალერგია არა მხოლოდ თვალის დაავადებებით, არამედ სხვა ფორმითაც ვლინდება.

– რა საშუალებებით იკურნება დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება კატარაქტა?

– სამწუხაროდ, დიაბეტის გართულებებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კატარაქტაა, თუმცა, მსგავსი დაავადება ასაკოვან პაციენტებშიც საკმაოდაა გავრცელებული. კატარაქტა ქირურგიული პათოლოგიაა და ოპერაციით იკურნება ანუ თვალის ბურებრივი ბროლი ხელოვნურით იცვლება. აუცილებელია ბროლის ზუსტად გამოთვლა, რის საშუალებასაც ჩვენს კლინიკაში არსებული სპეციალური აპარატი იძლევა, რომელიც ზუსტად ითვლის ხელოვნური ბროლის სიმძლავრეს.  აღსანიშნავია, რომ ოპერაციის შემდეგ პაციენტს აღარ სჭირდება სათვალე შორი ხედვისთვის და მარტო საკითხავად იყენებს. გარდა ამისა, ჩვენთან  ანტიგლაუკომოტაზური ოპერაციებიც გეთდება ანუ ჩვენი განყოფილება არა მხოლოდ თერაპიულ, არამედ ქირურგიულ ნაწილსაც მოიცავს.

– ქალბატონო ილონა, საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა ბავშვთა სიელმე. რას ურჩევთ ამ შემთხევვაში მშობლებს?

– რა თქმა უნდა, ყველას ვურჩევ დროულად მიმართოს ექიმს, რათა შეირჩეს მკურნალობის სწორი ტაქტიკა. ყოველთვის არაა საჭირო ქირურგიული ჩარევა, აუცილებლობის შემთხვევაში კი, სასურველია ოპერაციის ექვს წლამდე ჩატარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები