LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიკა ჭყონია: “მოსაზრება, რომ ქიმიოთერაპიის შემდეგ პაციენტთა დიდი ნაწილი შვილოსნობის უნარს კარგავს, მცდარია”

15

გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”

 

23 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკის „რეპროარტის” დირექტორი, ევროპის რეპროდუქციული მედიცინისა და ემბრიოლოგიის ასოციაციაში საქართველოს წარმომადგენელი ლიკა ჭყონია სტუმრობდა, რომელმაც ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის შემდეგ შვილოსნობის შენარჩუნების აქტუალურ და ბევრი ქალბატონისთვის მეტად მტკივნეულ თემაზე ისაუბრა.

– ქალბატონო ლიკა, რა ღონისძიება იმართება 3-5 მაისს ESHRE-ს (ევროპის რეპროდუქციული მედიცინისა და ემბრიოლოგიის ასოციაცია) ორგანიზებით, კონკრეტულად რა მიზანს ემსახურება და ვინ მიიღებს მონაწილეობას?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება ჩვენს ქვეყანაში. ევროპის რეპროდუქციული მედიცინისა და ემბრიოლოგიის ასოციაცია ერთგვარი სქემით ხელმძღვანელობს და პერიოდულად მართავს სხვადასხვა ქვეყანაში საინფორმაციო შეხვედრებს წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით. ჩვენს შეხვედრას 20 ქვეყნის, მათ შორის ჰოლანდიის და საფრანგეთის, ინგლისის, იტალიისა და ისრაელის წარმომადგენლები ეწვევიან, რომლებიც ერთნაირი წარმატებით მუშაობენ როგორც ონკოლოგიის, ისე რეპროდუქციული მედიცინის სფეროში. ზოგადადა, ონკოლოგებისა და რეპროდუქტოლოგების ერთობლივი მუშაობის კონცეფცია – მეტად სერიოზული განაცხადი, ფიქრის საგანი და აუცილებლად განსახორციელებელი მიზანია. სამუშაო მართლაც ბევრია, რადგან მნიშვნელობა არ აქვს ცოტა ხნის წინ აღმოუჩინეს პაციენტს ონკოლოგიური დაავადება თუ ბავშვობაში გადაიტანა, რეპროდუქტოლოგის ჩართვა და გარკვეული ანალიზებების გაკეთება მაინც აუცილებელია, რათა მკურნალობის დასრულების შემდეგ პაციენტს შვილის ყოლის შესაძლებლობა შეუნარჩუნდეს.

– მძიმე მკურნალობის შემდეგ, ყოველთვის დგება შვილოსნობის პრობლემა. ქალბატონთა ნაწილს შეუძლია შვილის ყოლა, ნაწილი კი, სერიოზულ პრობლემებს აწყდება. ვინ ავლებს ე.წ. დემარკაციულ ხაზს და რამდენად მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში  რეპროდუქტოლოგის ჩართვა?

– სწორედ ამ საკითხებს ეხება ჩვენი კონფერენცია. 2015 წელს, ბარსელონაში 20-მდე ქვეყნის მედიკოსის შეკრებაზე ძალიან საინტერესო ნაშრომი იქნა წარმოდგენილი ყველა ნიუანსით. ერთგვარი გზამკვლევში დეტალურად იქნა გაწერილი თუ რა პრინციპითაა საჭირო მუშაობა, რომელი დარგის ექიმის ჩართვაა აუცილებელი და რა ქმედებაა განსახორციელებელი, რათა არც გადავაჭარბოთ, არც დავაკლოთ პაციენტს მკურნალობა. გავრცელებული აზრის მიუხედავად, თითქოს ქიმიო- ან რადიოთერაპიის შემდეგ პაციენტთა დიდი ნაწილი შვილოსნობის უნარს კარგავს – მცდარია, რადგან არსებობს გარკვეული მიდგომები, რომელთაც ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად მიმართავენ. პირველ რიგში აუცილებელია სრული ანამნეზის შეკრება. გასათვალისწინებელია ქალის ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა, დასადგენია მკურნალობის მეთოდი – თუ რა დოზით იქნა გამოყენებული რადიაციული დასხივება და მრავალი სხვა, ასევე აუცილებელია პაციენტის რეპროდუქციულ ფუნქციის ზუსტად განსაზღვრა. წამყვან ქვეყნებში ხშირად მიმართავენ მოზარდი პაციენტის საკვერცხის მთლიანად ან მხოლოდ საკვერცხის ქსოვილის ამოღების და გაყინვის მეთოდს, რომლის რეინპლანტაცია ზრდასრულ ასაკში ხდება, თუმცა არსებობს ადამიანის ორგანიზმში კიბოს გამომწვევი უჯრედების დაბრუნების რისკიც. ზრდასრულ ასაკში, შესაძლებელია როგორც კვერცხუჯრედის, ისე ემბრიონის გაყინვა, რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემები ამ შემთხვევაშიც იქმნება, რადგან არაა გამორიცხული მკურნალობა სასწრაფოდ იქნას  ჩასატარებელი და პაციენტს დრო არ ჰქონდეს დამატებითი პროცედურებისთვის, თუმცა, შესაძლებელია კვერცხუჯრედის ორგანიზმის გარეთ მომწიფება. ერთი სიტყვით,  ონკოლოგისა და რეპროდუქტოლოგის თანამშრომლობა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია.

– მიეცემათ თუ არა ქართველ სპეციალისტებს თქვენს ღონისძიებაზე დასწრების და ავტორიტეტული სპეციალისტების გამოცდილების გაზიარების საშუალება?

– პირველ რიგში მადლიერება მინდა გამოვხატო უცხოელი კოლეგების მიმართ, რომელთა ხელშეწყობითაც ეწყობა ჩვენი ღონისძიება. ნაციონალური კომიტეტის კონფერენციაზე, რომელიც ყოველწლიურად იმართება, ერთი დღე სპეციალურადაა გამოყოფილი, რათა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგნენლებმა ერთმანეთს საკუთარ დარდი და წარმატება გავუზიაროთ. ერთ-ერთ შეკრებაზე კომიტეტის თავჯდომარემ შენიშნა, რომ მართალია ამგვარი ღონისძიებების მოწყობა საკმაოდ ხარჯიანია, მაგრამ თუ არსებობს დაინტერესება, საკუთარი ფინანსებითა და ორგანიზებით, ასოციაცია სიამოვნებით ესტუმრება ნებისმიერ ქვეყანას. ვფიქრობ, კონფერენციის გამართვა მართლაც დიდი საჩუქარია ჩვენი სამედიცინო საზოგადოებისთვის, თუმცა დამსწრეთა რაოდენობა  შეზღუდულია, რადგან ღონისძიება არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი სპეციალისტებისთვისაც იმართება. სხვათაშორის, ბელგიის, ბულგარეთის, რუსეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებმა უკვე გაიარეს რეგისტრაცია და მალე გვეწვევიან. კონფერენციას მე ვუმასპინძლებ და ერთგავრი გაცნობითი მოხსენებით წარმოვუდგენ შეკრებილ საზოგადოებას ჩვენს ქვეყანას.

– როგორ შიძლება თქვენს ღონისძიებაზე დასწრება?

– საჭიროა რეგისტრაციის გავლა და გარკვეული თანხის გადახდა. წესები და პირობები დეტალურადაა მოცემული ESHRE-ს საიტზე.

– თქვენი აზრით, რა არის მთავარი ონკოლოგიური და რეპროდუქტიული პრობლემების დასაძლევად?

– ვფიქრობ, მთავარი ონკოლოგიისა და რეპროდუქციულ მედიცინის შორის თანამშრომლობაა, რათა შემუშავდეს მუშაობის ის ტაქტიკა, რომელიც კომპლექსურად უზრუნველყოფს პაციენტებს მკურნალობას და სწორედ ამ საკითხს ეძღვნება ჩვენი ღონისძიებაც.

გადაცემის ლაივი

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები