LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს – ასმათ კევლიშვილი გადაცემაში “პულსი”

15

გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”

 

21 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ თერაპევტ-დიეტოლოგი ასმათ კევლიშვილი სტუმრობდა, რომელმაც ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს სწორი კვების თავისებურებებზე ისაუბრა.

– ქალბატონო ასმათ, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები განსაკუთრებით საქართველოშია აქტუალური, რისი მიზეზიც პირველ რიგში არასასურველი რადიაციული ფონი და დაბინძურებული გარემოა.

– გეთანხმებით, თუმცა, მხოლოდ მომატებულ რადიაციასა და მძიმე ეკოლოგიური პირობებზე ყველაფრის გადაბრალება არ იქნება მართებული. ზოგადად, ენდოკრინოლოგია ძალიან რთული დარგია, რადგან უამრავი კითხვა ჩნდება პასუხები კი, არა რსებობს. გამომდინარე აქედან, ცალსახად და ერთმიშვნელოვნად ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე საუბარი ძალიან რთულია, რადგან ყველა ექიმს თავისი ხედვა აქვს. საკუთარი მოსაზრება მაქვს მეც და ვთვლი, რომ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მიზეზიც თვითონ ვართ და თვითონვე შეგვიძლია მისი მართვა და გაკონტროლება, თუ რა თქმა უნდა სათანადო ყურადღებას მივაქცევთ საკუთარ ჯანმრთელობას.

– ზოგადად რა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს?

– ადამიანის ორგანიზმს სამი დამცავი ფუნქცია აქვს, რომელთაგან პირველი კუჭ-ნაწლავის ტრაქტია, მეორე – ღვიძლი, მესამე კი, ენდოკრინული სისტემა. როცა ღვიძლი ვერ უმკლავდება საკუთარ ბარიერულ ფუნქციას ანუ ვეღარ წმენდს სისხლს და ორგანიზმი ზეტოქსიურ მდგომარეობაშია, მაშინ ერთვება ენდოკრინული სისტემა,  რომელიც ცდილობს გამოსავალი მოუძებნოს ტოქსიურ სისხლს და სწორედ მაშინ ააქტიურებენ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებიც სეკრეტის გამოყოფას ანუ ჰორმონების გამომუშავებას. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ჯირკვლებში სეკრეტის და მასში გამავალი სისხლის ოდენობა თანაბარია, თუმცა დიდი რაოდენობით ტოქსიური სისხლის არსებობის შემთხვევაში ჯირკვლები დიდდება. სხვათაშორის, წუთში ფარისებრი ჯირკვალი 300 მლ. სისხლს ატარებს და ადვილი წარმოსადგენია ამ რაოდენობის ტოქსიური სისხლის გატარების შემდეგ რამდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება ორგანო – იზრდება მოცულობაში და ვიზუალურ პრობლემასთან ერთად ჩნდება სისტემური პრობლემაც. გამომდინარე აქედან, ჰიპოთირეოზის არსებობის შემთხვევაში პირდაპირ ჰორმონებით მკურნალობას პირადად მე არ მივესალმები, რადგან თუ  ენდოკრინული სისტემის დაზიანების ფაქტორები მოიხსნება, მაშინ ორგანიზმიც შეძლებს მიძინებული რესურსების გაღვიძებას, დაიწყებს აღდგენით პროცესს და დაბრუნდება საწყის პოზიციაზე.

– თქვენი, როგორც თერაპევტ-დიეტოლოგის აზრით, რამდენად შეიძლება ენდოკრინული სისტემის მკურნალობა კვების წესის შეცვლით?

– პირველ რიგში უნდა ავღნიშნო, რომ სისხლი არასდროს დაბინძურდება და არასდროს იქნება ტოქსიკური თუ კვებაა სწორი და ჯანსაღია. გული მწყდება, რომ ბავშვებში თითქმის ეპიდემიადაა ქცეული ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და განსაკუთრებით ჰიპოთირეოზი. ამგვარი დაავადებების მიზეზი პირველ რიგში მომავალი დედის უყურადღებობაა საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ, რომელიც თვლის, რომ ბავშვზე ზრუნვა მხოლოდ დაბადების შემდეგ იწყება. ასევე გულისტკივილით მინდა ავღნიშნო, რომ ხშირად ბავშვებს ადრეულ ასაკში ენიშნებათ არასწორი კვება, ასაკთან შეუსაბამო რაციონი კი,  პირველ რიგში კუჭ-ნაწლავის ტრაქტს აზიანებს, რომელიც ვერ მუშაობს გამართულად და სწორედ მაშინ ბინძურდება სისხლი, მერე კი, ღვიძლი ზიანდება, რადგან სწორედ ის ასრულებს კუჭ-ნაწლავის ფუნქციებს და ორმაგ სამუშაოს, ბოლოს კი, როცა ორივე სისტემა მწყობრიდან გამოდის, ენდოკრინული სისტემა იღებს საკუთარ თავზე მთავარ დარტყმას. რა თქმა უნდა, სწორი კვება აუცილებელია, თუმცა, ჯანსაღ საკვებზეც ყველას საკუთარი მოსაზრება აქვს. ბევრი თვლის, რომ მთავარი პატარა ბავშვის გაძლიერებული კვება და მოსუქებაა, ამიტომ ხშირად რთულად ასათვისებელი, თუნდაც ეგზოტიკური პროდუქტით ტვირთავს და მხოლოდ მაშინ იწყებს ფიქრს ჯანსაღ კვებაზე, როცა ბავშვი სერიოზულად ავადდება. ამიტომ, უმჯობესია მშობელმა მანამდე გაიაროს კონსულტაცია პედიატრსა და დიეტოლოგთან, ვიდრე მძიმე შედეგებთან მოუხდება ბრძოლა. არსებობს კიდევ ერთი პრობლემა – დღეს ენდოკრინული სისტემის ნებისმიერ დაავადებას ჰორმონალური პრეპატარებით მკურნალობენ, რადგან ბევრს ჰგონია, რომ ჰორმონოთერაპია მკურნალობის ყველაზე ოპტიმალური მეთოდია და არავინ ფიქრობს, თუ რა გახდა ამ დაავადებების წარმოშობის მიზეზი, არადა, მხოლოდ პრობლემის სათავის აღმოჩენის შემთხვევაში შეიძლება მისი ეფექტური მკურნალობა.

– მართალია, სწორი კვება აუცილებელია, მაგრამ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ძილი. რა პრობლემებს იწვევს ძილის რეჟიმის დარღვევა?

– როცა ორგანიზმის დეტოქსიკაციაზეა საუბარი, აუცილებელია ვიზრუნოთ  ემოციონალურ დეტოქსიკაციაზე და ნეგატიური ემოციებისგან განთავისუფლებაზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვებს, რომელთა ნერვული სისტემა ყველაზე ლაბილურია. ხშირად მშობელს ჰგონია, რომ რაც მეტს დატვირთავს ბავშვს, მით უფრო კარგ შედეგს მიიღებს და არ აძლევს ამოსუნთქვის საშუალებას. ბავშვს დაფიქრების და არჩევანის გაკეთების უფლებაც არ რჩება და ძალიან უჭირს საკუთარი თავის რეალიზება. ზოგადად, ფარისებრი ჯირკვლების სამკურნალოდ მხოლოდ ჰორმონოლოგია ან დიეტოლოგია საკმარისი არაა, ძალიან კარგია აკუპუნქტურა და იოგა, რადგან მკურნალობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი სწორედ ფსიქო-ემოციონალურ ფონზე მუშაობაა ანუ თუ არ მოვაწესრიგებთ ჯერ ნერვულ სისტემა, მერე კი, დღის განრიგს და ძილის რეჟიმს, დადებითი შედეგის მიღწევა ძალიან გაგვიჭირდება. გამომდინარე აქედან, კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მთავარი მიზეზი ისევ ჩვენ და ჩვენი ცხოვრების წესია, მკურნალობა კი, პაციენტის ობიექტური მონაცემების, მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის არარსებობის გარეშე შეუძლებელია, რადგან მკურნალობა ყველათვის ინდივიდუალურია. თუმცა, ნებისმიერს, ვისაც ენდოკრინული პრობლემები აქვს, მინდა ვურჩიო ეძებოს მიზეზი ტოქსიურ სისხლში, რომლის დაბინძურების მიზეზი კუჭ-ნაწლავი და ღვიძლია. პირველ რიგში აუცილებელია სწორედ ამ ორგანოების დეტოქსიკაცია და გასუფთავება შესაბამისი კვებით, რადგან ვერასდროს ვერ იქნება ორგანო ჯანრთელი, თუ ის ტოქსიკური სისხლით იკვებება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები