LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა „მე“-ს – FM ქოუჩი

11

რა უნდა „მე“-ს – ეს არის კითხვა, რომელზე პასუხსაც, ხშირ შემთხვევაში, მთელი ცხოვრება ვეძებთ. ზოგჯერ ადვილად ვპოულობთ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი საკუთარ თავს ვუსვამთ სწორ კითხვებს. გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ქოუჩი, ტრენერი ირინა ჭოჭუა.

რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს, რომლებიც მიზნამდე მისვლაში დაგვეხმარება?

ქოუჩინგი არის კითხვების დასმის ხელოვნება და მისი მიზანია ადამიანს აპოვნინოს ამ კითხვებზე პასუხი. რამდენად ხშირად ვეკითხებით საკუთარ თავს: ვინ ვარ? როგორი ადამიანი ვარ? რა მინდა? რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ჩემთვის? როგორ შემიძლია ამისი მიღწევა? რა შემიძლია, რა უნარები და რესურსები მაქვს? როგორ მივხვდები, რომ ამას მივაღწიე? როგორი ვიქნები, როცა ამას მივაღწევ? რა შეიცვლება ჩემი და ჩემი გარშემომყოფების ცხოვრებაში?

პასუხების მაძიებელ ადამიანებს ქოუჩინგი საინტერესო ტექნიკას სთავაზობს – „90 წლის იუბილე“. მოთავსდი კომფორტულად, დახუჭე თვალები და წარმოიდგინე, რომ ხარ 90 წლის (პირობითად) და არის შენი დაბადების დღე. ხარ ძალიან კარგ ფორმაში, ირგვლივ ყველა ის ადამიანი გყავს, ვისი ნახვაც გინდა და ყველა ერთად ზეიმობს შენს დაბადების დღეს. სად ხარ? როგორ გამოიყურები? როგორია გარემო? იღებ სტუმრებს, ვინ მოდიან შენთან? ვის მოიწვევდი, ვინ გინდა ნახო? ამ ადამიანებს უნდათ მადლიერება გამოხატონ შენს მიმართ, რისთვის გიხდიან მადლობას? შენ რისთვის უხდი მათ მადლობას? რითი გასაჩუქრებენ?

საკუთარ თავს რისთვის ეუბნები მადლობას? მნიშვნელოვანი რა შექმენი შენს ცხოვრებაში? რა არის შენი ყველაზე დიდი მიღწევები? ვინ იყვნენ შენთან ერთად? როგორ ვითარდებოდი? რა გაძლევდა საშუალებას ყოფილიყავი ამ მდგომარეობაში? რა იყო ძირითადი ღირებულებები?

რომ გადახედო შენს განვლილ ცხოვრებას, რა მნიშვნელოვანი/საკვანძო მომენტები იყო? რა გააკეთე? როგორ გამოვლინდა შენი ღირებულებები ამ საკვანძო მომენტებში? რა ხდებოდა? შენი ღირებულებები როგორ ვლინდება ახლა? ვისთან ერთად ხარ ახლა? რას აკეთებ ახლა?

ეს ყველაფერი არის თქვენი მიზნები, ცხოვრებისეული ხედვა და ღირებულებები, რომელიც გინდათ, რომ გქონდეთ ღრმა სიბერეში, თუმცა რას აკეთებთ ამისთვის ახლა?

ალბათ ვიტყვით, რომ ვერ ვხედავთ ჩვენ თავს ამ ასაკში, ან ვხედავთ და წარმოგვიდგენია, ისიც ვიცით დაახლოებით რა გვინდა, მაგრამ რაღაც შინაგანი ხმა გვეუბნება, რომ არ გამოგვივა, ვერ შევძლებთ. ან გარემო ფაქტორებს ვაბრალებთ ჩვენს ასეთ მდგომარეობას, ვადანაშაულებთ სისტემას, ადამიანებს: „მე რომ ამერიკაში დავბადებულიყავი“, „მე რომ კარგ უნივერსიტეტში მესწავლა“  და ა.შ. ან კიდევ გვეშინია ცვლილების საკუთარ თავში და გარემოში, „ისევ ესე ჯობია, როგორც ვარ. არ ვიცი, რომ შეიცვლება, მერე რა იქნება“.

ეს ყველაფერი არის ჩვენი გაუცნობიერებელი შიშები, რომელიც იწვევს სტაგნაციას, ერთ ადგილზე გაყინვას და ამის ფონზე არანაირი სასიკეთო ცვლილებები არ ხდება. ჩვენი ტვინი ვეღარ გეგმავს მომავალს, ვერ ხედავს, ვერ წარმოუდგენია რა უნდა და რა ნაბიჯები უნდა გადადგას ამისთვის. და რჩება მხოლოდ ეს შინაგანი ხმები და ნეგატიური ემოციები.

რა უნდა გავაკეთოთ ბლოკებისა და შიშების მოსახსნელად?

ამ ბლოკების მოსახსნელად ისევ კითხვების მეთოდია ყველაზე ეფექტური: რომ შეგეძლოს თუნდაც ერთი წუთით წარმოიდგინო შემი მომავალი, როგორი იქნებოდა? რა შეიცვლება, თუკი გაბედავ და გადადგამ პირველ ნაბიჯს? წარმოიდგინე, რომ ერთი წუთით არ ხარ მსხვერპლი, ვინ ხარ ასეთ დროს? რა მოხდებოდა, შენ რომ ეს უკვე გაგეკეთებინა/ეს რომ უკვე მომხდარიყო? ვთქვათ, ხელს არაფერი გიშლი და პირიქით, ყველა გარემოპირობა ხელს გიწყობს, რას გააკეთებდი? რომ შეგეძლოს სხვანაირად ფიქრი და მოქცევა, რას იზამდი? საიდან დაიწყებდი? რისთვის გააკეთებდი ამ ყველაფერს?

თვითქოუჩინგი არის მეთოდი, სადაც კითხვებს ქოუჩი კი არა, საკუთარი „მე“ გისვამთ. თვითქოუჩინგი გულისხმობს პირველ რიგში ძალიან მაღალ დისციპლინას და პასუხისმგებლობას საკუთარი თავის წინაშე, რომ ეს კითხვები დასვათ დილას და საღამოს უწყვეტ რეჟიმში.

ცხოვრების იმ გრაფიკში და ტემპში, რაც გვაქვს, გამოვძებნოთ 5 წუთი საკუთარ მიზნებზე სამუშაოდ – ეს ნებისყოფის ამბავია. ზოგჯერ მიზნები გვეკარგება და ინტუიტიურად ვაგრძელებთ მოქმედებას. ასე რომ არ მოხდეს, არსებობს ეს მარტივი და ეფექტური ინსტრუმენტი – დილის და საღამოს კითხვები საკუთარ თავს. მარტივი იმითი, რომ ნაკლები დრო მიაქვს და შეგიძლიათ ეს პროცესი სახალისოც გახადოთ.

ნაბიჯი პირველი: ყოველ დილას, თქვენი საყვარელი რიტუალის დროს, რომელიც შეიძლება იყოს ყავის დალევა ან თავის მოწესრიგება, დაუსვით საკუთარ თავს სამი კითხვა: ჩემი მიზნის მისაღწევად დღეს რა შემიძლია გავაკეთო? რა შემიძლია შევცვალო და ისე გავაკეთო? რატომ არის საინტერესო ეს მიზანი? დღეს პირველ რიგში რაზე მოვახდენ ფოკუსირებას?

5 წუთიანი დაფიქრება, დღის დაგეგმვა და ვიზუალიზაცია დაალაგებს თქვენი დღის გრაფიკს. ვიზუალიზაციის დროს დაიმახსოვრეთ, რომ ყველაფერს ხედავთ ფერადად, ნათლად და დიდ ეკრანზე. გესმით ხმები და სხეულში აფიქსირებთ შეგრძნებებს, მერე კი ამ გამოსახულებასთან ასოცირდებით. საღამოს კი შედეგების შეჯამების დროა. და აქვე საღამოს კითხვები: დღეს რა გავაკეთე ისეთი, რამაც ჩემს მიზანთან დამაახლოვა? რა ვისწავლე დღეს? რა გავიგე ახალი? როგორ შემიძლია დღეს მიღებული ცოდნა გამოვიყენო?

ამ პროცესის კიდევ უფრო გასახალისებლად შეგიძლია გააკეთოთ მინიშნებები. მაგალითად, გაიკრათ სტიკერები ან დააყენოთ ენერგიული მუსიკა მობილურზე იმისათვის, რომ საკუთარ თავს შეახსენოთ კითხვების დასმა. და როდესაც მიხვდებით, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგით, დააჯილდოვეთ საკუთარი თავი რაიმე სასიამოვნოთი. თვითქოუჩნგის უნარების გამომუშავებით თქვენ ყოველთვის პირდაპირ იმოძრავებთ თქვენი მიზნისკენ. და, რაც მთავარია, ჰკითხათ საკუთარ „მე“-ს, რა სურს მას და ის აუცილებლად გიპასუხებთ.

გადაცემის ლაივი

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/1902367986454688/

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები