LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება თუ არა სტრესი გახდეს სერიოზული დაავადების მიზეზი – ფსიქოლოგის რეკომენდაციები

15

გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”

 

24 თებერვალს რადიო “ფორტუნას” და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას “პულსი” ფსიქოლოგი, ქალთა ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი ინგა ბლესსი სტუმრობდა. ფსიქოლოგმა რადიოს ეთერში სტრესზე და სტრესის თანმხლებ დაავადებებზე ისაუბრა.

– ქალბატონო ინგა, რამდენად შეიძლება გახდეს სტრესი სერიოზული დაავადების მიზეზი?

– ადრე ითვლებოდა, რომ მხოლოდ ზოგიერთი დაავადების მიზეზი იყო სტრესი, ახლა კი, მედიკოსები დარწმუნდნენ, რომ სწორედ ფსიქოლოგიური პრობლემებითაა გამოწვეული ყველა დაავადება.

– შესაძლებელია თუ არა პაციენტის ანამნეზის მიხედვით მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა?

– გარკვეულწილად შესაძლებელია, რადგან დიაგნოზით თავისუფლად შეიძლება განისაზღვროს თუ რა ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებს ადამიანს. არსებობს ამერიკელი ავტორის ლიზ ბურბოს წიგნი “სხეული გვეუბნება გვიყვარდეს საკუთარი თავი”, სადაც თითქმის ყველა სამედიცინო დიაგნოზია მოცემული და ახსნილია თუ რა ფსიქოლოგიური პრობლებლემებითაა გამოწვეული ესა თუ ის დაავადება. მაგალითად, ქალურ დაავადებებს მამაკაცებზე განაწყენება იწვევს და ა.შ. ანუ როცა ადამიანი ავადაა, მან პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, რისი გაკეთების საშუალებას არ აძლევს ეს დაავადება და სწრაფად მიხვდება თუ რა არის მის ცხოვრებაში დაბლოკილი.

– სტრესი თანამედროვე ცხოვრების თანმდევია. ჩვენ მუდმივად ვფუსფუსებთ, სადღაც ვჩქარობთ და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს შეუძლებელია სტრესისგან თავის დაღწევა.

– გეთანხმებით, სტრესისგან თავის დაცვა მართლაც ძალიან რთულია, რადგან თანამედროვე ადამიანს ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს. გასულ საუკუნეში, რომ არაფერი ვთქვათ, უფრო ადრეულ პერიოდზე, ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებაში სულ რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავი ხდებოდა და მისი ფსიქიკაც ახერხებდა სტრესთან გამკლავებას, დღეს კი, ადამიანს, რომელსაც არც საკუთარი განცდები და პრობლემები აკლია, გარე ინფორმაციის მიღებაც უწევს, რაც არანაკლები სტრესის გამომწვევია. ამიტომ, ყველაფერი ადამიანზე და მის ფსიქიკაზეა დამოკიდებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად ძლიერი ფსიქიკა აქვს მას და რამდენად შეუძლია ნეგატიური ინფორმაციისგან თავის დაცვა.

– ვირუსების სეზონზე მეტად აქტუალურია იმუნიტეტის არსებობა ანუ ორგანიზმის უნარი გაუწიოს წინააღმდეგობა და დაიცვას თავი სხვადასხვა დაავადებებისგან. თქვენი აზრით, რამდენად მოქმედებს სტრესი და ფსიქოლოგიური პრობლემები ადამიანის იმუნურ სისტემაზე?

– რა თქმა უნდა, სტრესი აქვეითებს იმუნურ სისტემას. არსებობს ასეთი პროგრამა “საზღვრების დაცვა და თავდაჯერებულობა”, რომელიც ადამიანის დაუცველობის პრობლემას განიხილავს. მათ, ვისაც არ გამოსდით სხვების პირდაპირი თუ ფარული თავდასხმისგან დაცვა,   როგორც წესი ძალიან დაბალი იმუნიტეტი აქვთ, მათი საზღვრები დაუცველია და ამიტომ ნებისმიერი ვირუსი და ბაქტერია, ნეგატიური ინფორმაცია და ემოცია ადვილად არღვევს ამ საზღვრებს, რაც სხვათაშორის, ბავშვობაში გადატანილი სტრესის ბრალია. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ასეთ ადამიანებთან, ვეხმარებით გაძლიერებაში, რაც ეტაპობრივად ხდება და ნელ-ნელა ისინი არა მარტო ფსიქოლოგიურად, არამედ ენერგეტიკულადაც ჯანსაღდებიან, ძლიერდება იმუნიტეტი და მკვეთრად მცირდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

– მსმენია, თითქოს ონკოლოგიური დაავადებიც სტრესის ფონზე ვითარდება. თქვენ რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

– ნაწილობრივ ვეთანხმები. ზოგადად, სტრესი ძალიან ფართო მცნებაა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ის არასასიამოვნო შემთხვევა ანუ ფსიქოლოგიური ტრავმაა, რომელსაც ადამიანი ვერ უმკლავდება. მაგალითად, თუ გარკვეულ სიტუაციაში ადამიანი მარცხდება, სტრესი მასზე ნეგატიურად მოქმედებს, ასუსტებს და აუძლურებს, მაგრამ თუ ის ამ სიტუაციიდან გამარჯვებული გამოდის, მაშინ სტრესი ერთგავარი მოტივატორი ხდება, რომელიც მობილიზაციაშიც ეხმარება და პოზიტიური ენერგიითაც მუხტავს.

– ყველაფერს ორი მხარე აქვს და როგორც ჩანს, სტრესსაც შეუძლია გარკვეული სარგებლის მოტანა.

– ადამიანის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ ნებისმიერ, თუნდაც ძალიან არასასიამოვნო სიტუაციაშიც პოულობს სარგებელს ანუ ჩვენი ქვეცნობიერი ახერხებს ნეგატიურის თავის სასარგებლოდ გამოყენებას. მაგალითად, ბავშვმა იცის, რომ დედის ყურადღების მისაქცევად ავად გახდომაა საჭირო – რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მშობელს ბუნებრივად არ გამოსდის შვილის მოფერება და ამასაც გარკვეული ფსიქოლოგიური მიზეზები აქვს. თუმცა, ბავშვი ამას იყენებს და პოზიტიურს ნეგატიურის წყალობით იღებს, ანუ ადამიანის ქვეცნობიერი ხშირად მეტად უკუღმართი გზით აღწევს მისთვის საჭიროს და აუცილებელს.

– შეუძლია თუ არა თანამედროვე ადამიანს დაიცვას თავი ფსიქოლოგიური ტრავმისგან და ერთგვარი კედელი აღმართოს საკუთარ თავსა და იმ სტრესებს შორის, რომლითაც გარე სამყარო ემუქრება?

– რა თქმა უნდა, თანამედროვე ცხოვრება მეტად მრავალფეროვანია და ძალიან სწრაფი რიტმით ვითარდება, თუმცა ყველას თვითონ შეუძლია აირჩიოს, ჩაებას თუ არა ამ რიტმში. ვფიქრობ, მთავარი პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაა, ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა არის მისთვის აუცილებელი, განთავისუფლდეს უმნიშვნელო პრობლემებისგან და ყველაფერი, წვრილმანებიც კი, გულით და სიყვარულით აკეთოს.

– თქვენი აზრით, როგორ უნდა ისწავლოს ადამიანმა ყოველდღიური წვრილმანებით სიამოვნების მიღება?

– ბოლო დროს ადამიანები სულ უფრო ხშირად ამარცხებენ ონკოლოგიურ დაავადებებს, რასაც თანამედროვე მედიცინასთან ერთად საკუთარი ცხოვრების გადაფასებაც უწყობს ხელს. ადამიანი რეალურად უყურებს საკუთარ თავს, ცხოვრებას და სწავლობს ყოველი წუთის, წამის დაფასებას. ბევრმა შეიძლება არ იცის, მაგრამ ამ დროს ძალიან დიდ ძალას იძლევა ბუნება, რადგან ის არა მარტო ლამაზი ხედები, არამედ დადებითი ენერგიის წყაროცაა. უმთავრესი კი, ვფიქრობ მაინც ადამიანია, რომელიც ხშირად მექანიკურად მიჰყვება ცხოვრების დინებას და აბსოლუტურად დაკარგული აქვს ორიენტირი. არადა, ადრე თუ გვიან ნებისმიერს მოუწევს გაჩერება და დაფიქრება  რისთვის ცხოვრობს და რას ნიშნავს მისთვის ბედნიერება. ხშირად, ჩვენ ბედნიერება რაღაც გრანდიოზული გვგონია, სინამდვილეში კი, ის წვრილმანებშია, ამიტომ  პირველ რიგში ბედნიერება საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები