LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უროლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი, პროფესორი არჩილ ჩხოტუა სტუმრად გადაცემაში “პულსი”

18

გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”

 

16 დეკემბერს რადიო „ფორტუნამ“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემამ „პულსი“ უროლოგთა ასოციაციის გენერალურ მდივანს, პროფესორ არჩილ ჩხოტუას უმასპინძლა, რომელმაც საქართველოს უროლოგთა ასოციაციის და ევროპის უროლოგიის სკოლის ერთობლივ ყოველწლიურ კონგრესზე ისაუბრა.

– ბატონო არჩილ, წლევანდელმა კონგრესმა მეტად მნიშვნელოვან სტუმრებს უმასპინძლა. მოეწყო სესიები და კონფერენცები, სადაც განსაკუთრებით აქტუალური საკითხები განიხილა. როგორ მოხდა კონგრესის ორგანიზება და რა იყო მისი მთავარი მიზანი?

– ყოველწლიურ კონგრესში უროლოგთა ასოციაციის წევრები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ყველა რეგიონის უროლოგები მონაწილეობენ. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვიკრიბებით ერთ დიდ ფორუმზე, სადაც განვიხილავთ თანამედროვე უროლოგიის ყველაზე აქტუალურ საკითხებს, ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს მიდგომებსა და ხედვებს უროლოგიური დაავადებების მართვის პრინციპებზე, ვეცნობით ახალ პუბლიკაციებს, უროლოგიის სიახლეებს და იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენი დარგი განიცდის. სწორედ ამ ფორმატში ჩატარდა წლევანდელი კონგრესიც, რომელიც საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ყრილობით და ევროპის უროლოგთა ასოციაციის უროლოგიის სკოლის გასვლითი სხდომით დაგვირგვინდა.

– რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი უროლოგებისთვის ევროპის ასოციაციასთან ერთად ჩატარებული მსგავსი ღონისძიება?

– ეს ევროპის უროლოგთა ასოციაციის უაღრესად მნიშვნელოვანი ფორმატია. საქართველოს უროლოგთა ასოციაცია დიდი ხანია ევროპის ასოციაციის თანაბარუფლებიანი წევრია, ჩართულია სხვადასხვა სტრუქტურაში და მონაწილეობას ღებულობს მის ყოველდღიურ საქმიანობაში. ასოციაციის ერთ-ერთ აქტივობას და მეტად მნიშვნელოვან ინიციატივას წარმოადგენს ევროპის უროლოგიის სკოლა – უაღრესად მაღალი დონის ექსპერტების შემადგენლობით, რომლებიც ეროვნული ასოციაციის თხოვნით ყოვლეწლიურად სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნებს, აცნობენ ადგილობრივ ექიმებს  დარგის მიღწევებს და ასწავლაინ უროლოგიური დავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. ჩვენც სწორედ ამ ფორმატში ვეცნობით უროლოგიური დაავადებების მართვის, მათ შორის დიაგნოსტიკის, მკურნალობის, ოპერაციის, მედიკამნტოზური და შემდგომი მეთვალყურეობის იმ მეთოდებს, რომლებიც ევროპის წამყვან კლინიკებშია დანერგილი.

– რამდენადაც ვიცი, კონფერენციის ფარგლებში ოპერაციის ჩატარების უახლესი ტექნიკის, მათ შორის რობოტული ქირურგიის დემონსტრირება მოხდა. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ქართველი უროლოგებისთვის გამართული ღონისძიება?

– როცა საუბარია ევროპის უროლოგიის სკოლასა და ამგვარ პრეზენტაციებზე, რა თქმა უნდა არ იგულისხმება, რომ ჩვენ შესაბამისი ცოდნა არ გვაქვს. უბრალოდ, ასეთი ღონისძიებებზე ჩვენ დამატებით ინფორმაციას ვიძენთ ახალ მეთოდებსა და ტექნოლოგიებზე ან უკვე დანერგილი მეთოდების ახლებურად წარმოებაზე, რაც თავისუფლად შეიძლება ავითვისოთ და გარკვეული უპირატესობა მივიღოთ პანციენტების მკურნალობისას, ანუ ჩვენ არა პრინციპულად ახალ მეთოდს ვნერგავთ, არამედ ვაუმჯებესებთ ან ერთგვარ მოდიფიცირებას ვუკეთებთ უკვე დანერდიულ ოპერაციულ ტექნიკას და მკურნალობის მეთოდებს. რაც შეეხება რობოტულ ქირურგიას – ჩვენ მეტად ავტორიტეტული ევროპელი ქირურგი, გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რობოტული ქირურგიული ცენტრის ხელმძღვანელი – ესერ ბარტესი მოვიწვიეთ, რომელმაც უროლოგიაში ქირურგიის როლსა და რობოტული ქირურგიით ე.წ. ქალთა დაავადებების მკურნალობაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, რომ რობოტული ქირურგია ძალიან სწრაფად ვითარდება ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში, ბოლო დროს კი, აღმოსავლეთ ევროპაშიც, შესაძლოა დღეს საქართველოში ის  ნაკლებად რეალურია, თუმცა დარწმუნებული ვარ უახლოეს მომავალში აუცილებლად იქცევა რეალობად.

– როგორია ქართული უროლოგიის ტრადიციები, რამდენად წარმატებული იყო ეს დარგი ადრე და რამდენად შეესაბამება დღევანდელი უროლოგია მსოფლიო სტანდარტებს?

– ქართული უროლოგია მართლაც ძალიან სწრაფად პროგესირებს. ეროვნული უროლოგიის ფუძემდებლად აკადემიკოსი, ბატონი ალექსანდრე წულუკიძე ითვლება, რომლის პატივსაცემად ჩვენმა ასოციაციამ შარშან უმაღლესი ჯილდო – ალექსანდრე წულუკიძის სახელობის მედალი დააწესა. ჯილდო ნებისმიერ ქართველ ან უცხოელ ექიმს გადაეცამა ქართული უროლოგიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. წელს ჩვენი ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით აღნიშნული ჯილდო გერმანელ უროლოგს რუდოლფ ჰოინფელერს მიენიჭა, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა არა მარტო გერმანულ, არამედ მსოფლიო უროლოგიაში, უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული უროლოგიის განვათრებაში და მთელი თაობის აღზრდაში.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები