LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარევაჭრობა სკვერებში და მეტი მწვანე სივრცე – კახა კალაძე ინიციატივით გამოდის

118

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისი მერმა, კახა კალაძემ ქალაქში მწვანე სივრცეების შექმნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობენ გამგეობები და პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია ხდება.

„ჩვენ დაწყებული გვაქვს საქალაქო პარკების სარეაბილიტაციო პროექტების მომზადება. დაგეგმილი გვაქვს ორი ახალი დიდი საქალაქო პარკის მშენებლობა მომავალი წლისთვის, ამაზე უკვე კვლევა დაწყებულია.

„დღეს მინდა, წარმოგიდგინოთ ერთი კონკრეტული პროექტი, რომელზე მუშაობაც უკვე დასრულებულია და ჩვენ გამოცხადებული გვაქვს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი, რომელიც 25 ივნისს უნდა დასრულდეს. ეს არის ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკი, იგივე ე.წ. წითელი ბაღი, რომელიც ყაზბეგის გამზირზე მდებარეობს და წელს ვიწყებთ ამ პარკის სრულ რეაბილიტაციას. პარკი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გაშენებული, დაახლოებით 35 000 კვ. მეტრი, რომელშიც მოეწყობა ორი საბავშვო სათამაშო მოედანი, გაჩნდება საპიკნიკე სივრცეები, ჭადრაკის დეკორატიული დაფა, ბილიკებით გამოყოფილი დასასვენებელი ზონები, სავარჯიშო ზონა, საგამოფენო ღია სივრცე, მცირე ზომის ღია კინოთეატრი და დახატული სივრცე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოსაწყობად,“ – განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, პარკის გარშემო მოეწყობა 700 მეტრიანი ველობილიკი და აღნიშნული პარკის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 თვის განმავლობაში დასრულდება. კალაძემ პარკის კეთილმოწყობის სამუშაოებით დაინტერესებისკენ მოუწოდა ბიზნეს სექტორს და აღნიშნა, რომ სამშენებლო კომპანია „აქსისმა“ გამოთქვა სურვილი, საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ პროექტის განხორციელებაში.

კალაძემ ასევე, ისაუბრა გარევაჭრობის საკითხზე და პარკებსა და სკვერებში გარემოვაჭრეებზე.

„ესენი არიან ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ. ამ ადამიანების მიმართ ჩვენი მხრიდან თანადგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა, დავავალო ჩვენი პარკების ადმინისტრაციას, ასევე, ზედამხედველობის სამსახურს, არქიტექტურის სამსახურს, რომ ყველაფერი გააკეთეთ ძალიან მოკლე დროში იმისთვის, რომ ამ ადამიანებს ჩვენ მივცეთ ნორმალურად ვაჭრობის შესაძლებლობა. პარკებში კონკრეტული ადგილები გამოიყოს, რომლებიც უნდა იყოს კეთილმოწყობილი, ანუ ქაოტურად არ მოხდეს ამ ადამიანების პროდუქტის გაყიდვა. გააკეთეთ ყველაფერი, რომ ეს პრობლემა უახლოეს მომავალში იქნეს მოგვარებული. დავდგათ პატარა, ლამაზი ჯიხურები,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები