LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინვესტორები გვჭირდება და რაკი ბიძინა ივანიშვილია, არ დავიცვათ ინვესტიცია, არასწორია – პრემიერი

34

“მინდა, ჩვენი გუნდის წევრებს მივმართო – როდესაც შენ მართალი ხარ, ცოტა უფრო თამამად არის საჭირო ამ სიმართლის თქმა,” – ამ განცხადებით პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებზე საუბრისას მინისტრთა კაბინეტის წევრებს მიმართა.

“არავის უნდა მოერიდოს, რომ ვთქვათ, რაზეა საუბარი. საუბარია მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციაზე. ჩვენ ინვესტორები გვჭირდება და რაკი ბიძინა ივანიშვილია, არ ამოვიღოთ ხმა და არ დავიცვათ ინვესტიცია, ვფიქრობ, ეს არასწორია. საუბარია იმაზე, რომ 20 ათასი ადამიანი საქმდება დღეს ამ ინვესტიციებზე – თბილისში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში. 680 მილიონ დოლარზე მეტია მთლიანად ინვესტიცია, ეს მილიარდ-ნახევარ ლარზე მეტია და რა ვქნათ, გავაჩეროთ ინვესტიცია, გადავკეტოთ ქალაქი იმიტომ, რომ ხუთი ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის, აბრიალებს თვალებს და ყვირის?!“ – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” აქცია მერიის შენობასთან გუშინ გამართა. ისინი პუშკინის სკვერის მიმდებარედ და თაბორის მთაზე მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით საკრებულოს მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. პრემიერმინისტრმა მათ ქმედებებს “პოლიტკური უსინდისობა” უწოდა.

აქციაზე ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. ნიკა მელიას ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი მძიმედ ნაცემია, მათ შორის ლევან ხაბეიშვილიც. მერიამ ამ ბრალდებას სიცრუე უწოდა და ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც მერიის შენობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილია გადაღებული.

პოპულალურები