LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიული შეხვედრა სინგაპურში – ვინ არის ყველა ტურში გამაჯვებული

127

ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ცდებისა და ურთიერთმუქარის შემდეგ სინგაპურში აშშ-ის პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ისტორიული შეხვედრა გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მ ჩრდილოეთ კორეას სანქციები გაუმკაცრა, მის სანაპიროს ატომური ავიამზიდები მიაყენა და „ცეცხლითა და მძვინვარებით“ დაემუქრა, კიმ ჩენ ინმა კუნძულ სენტოზაზე დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მათ „წარსული უკან მოიტოვეს“. მოლაპარაკებებს ძალიან კარგი უწოდა დონალდ ტრამპმა და განაცხადა, რომ ფხენიანთან შესანიშნავი ურთიერთობის დამყარებაში ეჭვიც არ ეპარება. თუმცა, რამდენად რეალურია წარსულის უკან მოტოვება და იყო თუ არა ეს შეხვედრა პრობლემის გადაწყვეტის რეალური გზა, ამაზე ექსპერტებს სხვა მოლოდინები აქვთ.

 

არის თუ არა ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა გარიგების ხელოვნება? – საერთაშორისო ექსპერტები

სინგაპურის სამიტზე ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა უპრეცედენტოა, თუმცა, ამავეს ვერ ვიტყვით შეთანხმებაზე, რომელსაც მათ მიაღწიეს. 90-იან წლებში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი მოქმედი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის დავალებით ფხენიანში ჩავიდა და ჩრდილოეთ კორეის მაშინდელ ლიდერს კიმ იპ სენს, დღევანდელი ლიდერის კიმ ჩენ ინის მამას შეხვდა. მოლაპარაკების შედეგად, 1994 წელს, აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ჟენევის შეთანხმება გამოფორმდა, რომელსაც ბირთვული კრიზისი უნდა დაეძლია. ექსპერტთა ნაწილი დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის მოსალოდნელი შედეგების შეფასებებისას სწორედ ამ ფაქტს იხსენებს.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი, ვიპინ ნარანგი ისტორიული შეხვედრის შეფასებისას ამბობს, რომ დეჟავუს შეგრძნება აქვს – გახსოვთ, როცა მათ 25 წლის წინ კარატისტი ბიჭუნას“ რიმეიქი გააკეთეს?“ – ამაში პროფესორი სწორედ იმ შეხვედრას გულისხმობს, როცა ჩრდილოეთ კორეამ და აშშ-მ ბირთვული პროგრამის გაყინვაზე მოაწერეს ხელი.

სებასტიან ჰარნიკი

1994 წელის შეთანხმებას იხსენებს გერმანიის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორი ჩრდილოეთ კორეის საკითხებში სებასიან ჰარნიკი “ფრანს 24”-თან ინტერვიუში და ამბობს, რომ შეუძლებელია პარალელი არ გაავლო იმ შეხვედრასთან, რომლის დროსაც ბირთვულ განიარაღებაზე დოკუმენტი მაგიდაზე იდო.

და ახლა ჩვენ ვნახეთ ფრაზები, რომელიც იდენტურია…  როგორიცაა ვიმუშავებთ ხანგრძლივი მშვიდობისთვის.

ეს არის ორ ქვეყანას შორის პირველი ორმხრივი პოლიტიკური შეთანხმება. ასე რომ, ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი დოკუმენტია. მაგრამ, ძირითადად, ის მინიმუმია, რასაც ველოდებით, “ – განაცხადა სებასტიან ჰარნიკმა.

საკმაოდ რიტორიკულია სამხრეთ კორეის პუსანის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტოლოგ რობერტ კელის გამოხმაურებაც.

„ღმერთო, ეს დეპრესიულია. ესაშეთანხმების ხელოვნება?  გარიგების ხელოვნება. ასეა? ესაა პათეტიკა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი პირადად ჩაერთო.“

რა მოლოდინები აქვთ ანალიტიკოსებს რუსეთში

რუსი ექსპერტები იხსენებენ, რომ მოლაპარაკებები სამხედრო სცენარის განვითარების ფონზე დაიწყო. „შეხვედრა აძლიერებს მათ ავტორიტეტს, თუმცა ეს არ არის გარანტია კორეის ნახევარკუნძლზე არსებული პრობლემის გადაჭრის,“- ამბობს რუსეთის საერთაშორისო ანალიტიკური-კვლევითი ცენტრის დირექტორი ანდრეი კაზანცევი.

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ შეხვედრა უპრეცენდენტო და მართლაც ისტორიული იყო, თუმცა, აღნიშავენ, რომ მან არანაირი სიახლე არ მოიტანა. ამ მოსაზრებების გასამყარებლად კი, 1994 წელს გამართულ მოლაპარაკებებს იხსენებენ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკებები ხანგრძლივი პროცესი იქნება და დასძენენ, რომ „სანამ დიპლომატები საუბრობენ, იარაღი დუმს.“

კმაყოფილი სამეზობლო

ექსპერტებისგან განსხვავებით, დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის შეხვედრას პოზიტიური შეფასება კორეის მეზობელი ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებმა მისცეს.

„ნაბიჯი ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული პრობლემის მისაღები გადაწყვეტისკენ,“ – ასეთია იაპონიის პრემიერმინისტრის შეფასება. ჩინეთი კი, სინგაპურის სამიტის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების შერბილებას ელოდება.

„გაეროს უშიშროების საბჭომ ხელი უნდა შეუწყოს დიპლომატიურ მოლაპარაკებებს კორეის ბირთვულ განიარაღებაზე და მხარი დაუჭიროს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას,“– აღნიშნავენ ქვეყნის საგარეო უწყებაში.

 

რუსეთისა და ჩინეთის როლი ჩრდილოეთ კორეის პრობლემის გადაჭრის პროცესში

აშშ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობებზე საუბრისას, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მოსკოვს ფხენიანისთვის ბირთვული იარაღის შექმნაში დახმარებას და მასთან ფარულ კავშირს ედევაბიან. სინგაპურის სამიტის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ახლა უკვე ვაშინგტონშია მიწვეული. თუმცა, კიმ ჩენ ინი ვაშინგტონის გარდა, მოსკოვშიც მიიწვიეს, რამაც შეიძლება ვითარება საგრძნობლად შეცვალოს.

ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი რუსეთში საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ფხენიანში ვიზიტის დროს მიიწვია. თავის მხრივ, მაშინ რუსეთის პრეზიდენტისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა კიმ ჩენ ინმა და „აშშ-ს შეკავების“ ნაწილში ვლადიმერ პუტინის პერსონალურ როლს გაუსვა ხაზი.

მიუხედავად რუსეთის ინტერესებისა და ამბიციისა, რომ ჩრდილოეთ კორეის პრობლემის გადაწყვეტა მის გარეშე არ მოხდეს, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კრიზისის დარეგულირებაში გადამწყვეტი როლი მაინც აშშ-ს და კორეის მეზობელ ჩინეთს აქვს, რომელიც წლებია ცდილობს ჩრდილოეთ კორეასთან სავაჭრო და დიპლომატიური ურთიერთობები შეინარჩუნოს. გაეროს მონაცემებით, ფხენიანის ექსპორტის 85% პეკინზე მოდის.

ჩინეთის ინტერესებში ჩრდილოეთ კორეაში ამერიკის ჰეგემონობა და იქ ამერიკელი სამხედროების გათავსება არ შედის, თუმცა, ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის კოლაფსის შემთხვევაში, მილიონობით ლტოლვილთან გამკლავება მოუწევს. ამიტომ, ამ სიტუაციაში ჩინეთს აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობების სტაბილიზაცია უფრო აძლევს ხელს, ვიდრე არეულობა სამეზობლოში. ამიტომ, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბირთვული განიარაღების პროცესში დიდი როლი სწორედ ამერიკას და ჩინეთს შეძულია ითამაშოს.

„კიმ ჩენ ინი პუტინთან ბევრჯერაა ნამყოფი შეხვედრაზე და ამ შეხვედრით არ მგონია რაიმე მოხდეს. მოთამაშეები მაინც ამერიკა და ჩინეთი არიან, რუსეთი ამ ეტაპზე მეორე ეშელონი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, კიმი შეეცდება, რომ ყველა მხარე გამოიყენოს თავის სასარგებლოდ, მათ შორის რუსეთიც, მაგრამ მეტი მექანიზმი აქვთ ამერიკელებს და ჩინელებს. ამერიკელებს სამხედრო ზეწოლა და სანქციები, ჩინელებს კი, ეკონომიკური ბერკეტები. ჩინეთი კმაყოფილია ამით, იმიტომ რომ ყველაზე უფრო დიდ პრობლემას ჩრდილოეთ კორეასთან ომი სწორედ ჩინეთს შეუქმნიდა – მეზობელი ქვეყანაა და არეულობა სამეზობლოში არავის აწყობს. ჩინეთი ვაჭრობასა და ეკონომიკურ განვითარებაზეა ორიენტირებული,“– აღნიშნავს პოლიტიკის ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე.

 

კიმი – ამ ეტაპზე ყველა ტურში გამარჯვებული

კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული იარაღის ლიკვიდციაზე მუშაობა მხოლოდ დეკლარირებულია და რამდენად შესრულდება, სხვა საკითხია. ამიტომ, ექსპერტები თანხმებიან, რომ ამ ეტაპზე სინგაპურის სამიტს ერთი გამარჯვებული მაინც ჰყავს და ის ჩრდილოეთ კორეის 34 წლის ლიდერია.

ბირთვული და ბალისტიკური პროგრამები ჩრდილოეთ კორეაში დიდი ალბათობით გაგრძელდება, ხოლო დაძაბულობის და სამხედრო ესკალაციის რისკის შემცირებას მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში უნდა ველოდოთ,“-  –  ამბობს პარიზის  FRS-ის (Fondation pour la Recherche Stratigique) დამფუძნებელი ანუინ ბონდაზი და დასძენს, რომ კიმ ჩენ ინი აშშ-სთან “ახალი ურთიერთობების” შექმნის გზით, მისი რეჟიმის აღიარებას აღწევს. ეროვნულ დონეზე კი, მისი ლეგიტიმაცია მნიშვნელოვნად ძლიერდება.

ექსპერტები ამბობენ, რომ სინგაპურის შეთანხმების შესრულებას პოლიტიკური ნების გარდა, რომელიც ყველაზე მთავარია, მთელი რიგი მექანიზმები სჭირდება, როგორიცაა სკონტროლო კომისია, ტექნიკური სამუშაოები და ა.შ. ამიტომ, ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრით ორი ქვეყნის ლიდერმა ჯერ მხოლოდ ქულები ჩაიწერეს და აქაც მეტი ქულით კიმ ჩენ ინი გვევლინება.

„უფრო მეტი ქულა ჩაიწერა ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა, იმიტომ რომ სულ ცოტა ხნის წინ ქვეყანა იყო იზოლაციაში, კიმი იყო მიჩნეული გიჟად, ახლა გამოჩნდა როგორც სერიოზული ლიდერი, რომელიც ერთი ერთზე თანსწორად მიიღო ტრამპმა. ტრამპმა კი ქულა ჩაიწერა იმით, რომ შეძლო და კიმ ჩენ ინი დასვა მოლაპაკების მაგიდაზე. ასე რომ, მნიშვნელოვანი სწორედ შემდეგი ეტაპია. ვფიქრობ, მარტივად არ იტყვის კიმი უარს ბირთვულ იარაღაზე, თუ არ მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს,“- ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

მშვიდობის დამყარება და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების მზაობა დეკლარირებულია, მისი შესრულება კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას მოითხოვს სანაცვლოდ კიმ ჩენ ინი და რამდენად მოინდომებს ამერიკა გადაადგემივონოს მას შემდგომი ნაბიჯები, თუ დაკმაყოფილდება სინგაპურის თუნდაც, ფორმალურ შეთანხმებას.

 

თაკო ივანიაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები