LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი VS სააკაშვილი გრძელდება: რა ცვლილებები შედის საარჩევნო კოდექსში

116

მთავარ ადრესატ მიხეილ სააკაშვილია: სისულელეა ასეთი რეგულაცია

 

საარჩევნო კოდექსში კეთდება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ პოლიტიკური სუბიექტის მხარდამჭერი აგიტაციისთვის შესაძლოა, ის პარტია დაჯარიმდეს, რომელსაც მხარდაჭერას გამოუცხადებენ. დღემდე არსებული ნორმა წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობას ზღუდავს, თუმცა ცვლილებების შესვლის შემდეგ აღსრულების მექანიზმი ზუსტდება და მკაცრდება. ცვლილებათა პაკეტის ავტორი ცენტრალური საარჩევნო კომისიაა და პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო კოდექსში ახალი რეგულაციის გაჩენას მათი ლიდერის, ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ კიდევ ერთ ნაბიჯად აფასებენ. როგორც დღეს პარტიის წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, კანონოპროექტის მიზანია მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილმა პოლიტიკური ასპარეზიდან საბოლოოდ ჩამოიშოროს.

„ცვლილებათა პაკეტი მიმართულია მხოლოდ ერთი, ანუ იმ პირის წინააღმდეგ, რომელსაც ივანიშვილი აღიქვამს საკუთარი ძალაუფლების მთავარ საფრთხედ. რუსმა ოლიგარქმა გააძევა ქვეყნიდან, ჩამოართვა მოქალაქეობა, ამ ცვლილებებით კი მას სააკაშვილის გაჩუმებაც სურს,“ – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა ბრიფინგზე.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მთავარ ადრესატად მიხეილ სააკაშვილს მიიჩნევენ „დემოკრატიულ მოძრაობაშიც“. გიორგი ახვლედიანის განცხადებით, შეზღუდვა ექს-პრეზიდენტს აგიტაციაში მონაწილეობისას არ შეაფერხებს.

„ეს არის სააკაშვილზე  მორგებული. თუმცა ის „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტაციაში მაინც მიიღებს მონაწილეობას. უბრალოდ მათ მისცეს სალაპარაკო. სხვა ქართულ პოლიტიკაში არ შეიცვლება. ისინი გადაიხდიან ჯარიმას, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილმა მათ სასარგებლოდ აწარმოოს აგიტაცია“, – განუცხადა „ფორტუნას“ ახვლედიანმა.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა არ მოსწონთ „პატრიოტთა ალიანსში“. გოჩა თევდორაძე მიიჩნევს, რომ უნდა დაისაჯოს დანაშაულის ჩამდენი და არა ვინმე სხვა. „სისულელეა ასეთი რეგულაცია. ეს ხომ შეიძლება ვიღაცას განგებ გააკეთებინო?! რადგან დამნაშავეს ვერ ვწვდებით, ამიტომ სხვა უნდა დავსაჯოთ?!“ –  უთხრა ფორტუნას თევდორაძემ.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის პოლიტიკური სუბიექტების მისამართით აგიტაციის წესების გამკაცრებას „რესპუბლიკურ პარტიაში“ მიესალმებიან. თამარ კორძაიას თქმით, კანონდებლობაში ხარვეზები სწორდება და ამით საგანგაშო არაფერია.

„სამწუხაროა, რომ აქამდე არ არსებობდა მუხლი, რომელიც ამას დააკონკრეტებდა და კონკრეტულ სანქციებს გაითვალისწინებდა. თუ პარტიას არ აქვს უფლება გამოიყენოს უცხო ქვეყნის მოქალაქეების გულშემატკივრობა და მონაწილეობა აგიტაციაში და ის ამას მაინც განახორციელებს, მან, რა თქმა უნდა შესაბამისი სანქციაც უნდა იტვირთოს“ , – აღნიშნა კორძაიამ.

 

სააკაშვილის სიტყვას ფასი არ აქვს

პარლამენტის თავმჯდომარისთვის საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა მისაღებია. ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეგულაცია არ შეეხება ისეთ შემთხვევას, როცა ვინმე ევროპული პარტიის წევრი ქართული პოლიტიკური სუბიექტის მისამართით მხარდამჭერ განცხადებას გააკეთებს.

„მიხეილ სააკაშვილის სიტყვას არც აქამდე ჰქონია ის ფასი და არც ახლა ექნება, რომ გავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესზე“, – პასუხობს კობახიძე ოპოზიციას.

ცენტრალური საარჩევნო კომისია საკუთარი ავტორობით პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის მიღების აუცილებლობას განვლილ არჩევნებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობის ფაქტებით სიმრავლით ხსნის და აცხადებს, რომ აღსრულების მექანიზმი აუცილებელ დახვეწას საჭიროებდა.

„გამომდინარე იქიდან, რომ უცხო ქვეყნის მოქლაქეები არ იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, შეიქმნა აღსრულების პრობლემა. სწორედ ამ გარემოებამ გამოიწვია ამ საკანონმდებლო წინადადების მომზადება.  იმ შემთხვევაში თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას წინასაარჩევნო აგიტაციასა და კამპანიაში და ის არ იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, იქმნება აღსრულების პრობლემა. ამ შემთხვევაში სამართალწარმოება განხორციელდება ორგანიზატორის მიმართ და  შესაძლოა მას დაეკისროს ჯარიმა,“ – განაცხადა ცსკ-ოს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და საარჩევნო დავების განყოფილების უფროსმა გიორგი ძაგანიამ.

 

ქეთი გიგოლაშვილი

 

პოპულალურები