LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერ ოქუაშვილმა დაამტკიცოს, რატომ დადის ზაფხულში “დუბლიონკით“ და მერე ვილაპარაკოთ ვინმეს დაბარებაზე – ირაკლი კობახიძე

62

ჯერ ზაზა ოქუაშვილმა დაამტკიცოს, რატომ დადის ზაფხულში “დუბლიონკით“ და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ, არის თუ არა საჭირო ამ საქმეზე გიორგი გახარიასა და ბიძინა ივანიშვილის დაბარება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

კობახიძეს უმცირესობის დეპუტატმა სერგო რატიანმა მიმართა, რომ “აქ მთავარია, ვინ ჩააცვა ან გახადა “დუბლიონკა“.

საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ  გიორგი გახარიამ და შალვა თადუმაძემ პარლამენტში  “ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს პასუხი უნდა გასცენ. ისინი მათ პასუხებს ასევე ითხოვენ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების შესრულებაზე. ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ამ საკითხზე გიორგი გახარია და შალვა თადუმაძე პარლამენტში მივიდნენ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციას და მმართველ გუნდს მათ დაბარებასთან დაკავშირებით საერთო პოზიცია აქვს და თუ კითხვები არსებობს, თადუმაძე და გახარია ამას პასუხს გასცემენ.

„აბსოლუტურად გახსნილი იყო როგორც ერთი, ისე – მეორე ორგანო. ისინი მოდიოდნენ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში და აბსოლუტურად ყველა კითხვაზე გაგცეს პასუხი და დარწმუნებული ვარ, რომ ასე მოვლენ და გაგცემენ ყველა კითხვაზე პასუხს. იქაც მტკიცებითი ფორმით საუბარი იმაზე, რომ ვიღაც დანაშაულის მონაწილეა, ფაქტობრივად, ახლა თქვენ დანაშაული დააბრალეთ კონკრეტულ პირებს, თან არასრულწლოვანს. როდესაც ასე ამბობთ, რომ იქ არის ჯგუფურ დანაშაულში მონაწილე პირი, მაშინ თქვით, რომ ჩვენი ეჭვის საფუძველზე. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის საქმეს, აქ არავის არ აქვს არც მოსვლის პრობლემა, არც კითხვებზე პასუხის გაცემის პრობლემა და ეს მოხდა საგამოძიებო კომისიის ფარგლებში და იგივე მოხდება ახლაც. მიზეზი ზუსტად ის არის, რომ დასამალი აქ არაფერი არ არის და ყველაფერი არის ნათელი, ყველაფერი არის ცხადი. არავის არავისთვის ხელი არ დაუფარებია და საბოლოო ჯამში, ამ დასკვნამდე მივიდა, რეალურად კომისიაც, ოღონდ სხვანაირად წერია და მესმის აბსოლუტურად პოლიტიკური კონიუნქტიურიდან გამომდინარე, რომ სხვანაირი დასკვნა თქვენგან ვერ დაიდებოდა, მითუმეტეს, ამ საარჩევნო პროცესში“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ნიუანსებს თუ არ ჩავთვლით, საპარლამენტო კომისიისა და საგამოძიებო ორგანოების მუშაობის შედეგი ერთი და იგივე იყო.

„არსად ჩვენ არ გვითქვამს, რომ კომისიას არაფერი არ დაუდგენია. ე.ი. ვთანხმდებით რაზე: ერთი, რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის მუშაობას, სამი თვის განმავლობაში სერიოზული მუშაობა გასწია საგამოძიებო კომისიამ, მე ეს შეფასება პლენარულ სხდომაზეც გავაკეთე, როდესაც დასრულდა ანგარიშის წარდგენა საგამოძიებო კომისიის მხრიდან. არის მნიშვნელოვანი ნიუანსები, რომლებიც გამოვლინდა საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად, მათ შორის, შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ამის საფუძველზე, ხარვეზებზე საუბარიც. რაც შეეხება ამ დასკვნებს, რაც თქვენ თქვით, იქ გვაქვს განსხვავებული პოზიციები, თუმცა, გეთანხმებით, რომ ამაზე არის დამატებით საუბარი საჭირო და ამას არ მოერიდება, დარწმუნებული ვარ, არც შინაგან საქმეთა მინისტრი და არც მთავარი პროკურორი. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ რა თქმა უნდა, უნდა მოვიდნენ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე, მთავარი პროკურორი. თუ არის კითხვები, ამ კითხვებს გაეცემა მათი მხრიდან პასუხი და ამის საფუძველზე დავადგენთ ერთად, სად არის ჭეშმარიტება და სად არ არის ჭეშმარიტება, ანუ, გამოდის, რომ საერთო პოზიცია გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები