LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია შამუგია: „ამ გადაწყვეტილების გამო ერთი კვირა არ მეძინა…“

232

ზუსტად 20 წლის წინ ფმ სივრცეში რადიო „ფორტუნა“ გავიდა ეთერში, რადიო, რომელმაც უამრავი ახალი სტანდარტი დაამკვიდრა ქართული რადიოს ისტორიაში და ასევე ქართულ ჟურნალისტიკას ბევრი ახალი სახეც შესძინა. ხატია შამუგია ერთ-ერთი მათგანი იყო. დღეს ის „ფორტუნაში“ აღარ მუშაობს, მაგრამ ხშირად არის რადიოში, თავისი სამსახურიდან გამომდინარე და აქ თავს არა სტუმრად, არამედ მასპინძლად გრძნობს…

ხატია შამუგია:

მე რომ მოვედი, რადიო „ფორტუნა“ უკვე ერთი წლის ხდებოდა და ძალიან პოპულარული იყო. მე გადმოვედი სხვა რადიოდან. ჩემმა მეგობარმა გიორგი მშვენიერაძემ, რომლის მადლიერიც ვარ მთელი ცხოვრება, შემატყობინა, რომ არსებობს „ფორტუნა“, რომელსაც აქვს უდიდესი ტექნიკური აღჭურვილობა და სრულიად სხვა სტანდარტები ფმ სივრცეში და აცხადებდნენ კონკურსს რადიო „ერასთვის“ წამყვანების შესარჩევად. პრაქტიკას გავდიოდი „ფორტუნაში“ და აქვე დამტოვეს, რადგან ჩათვალეს, რომ ამ რადიოს ფორმატს ვერგებოდი.

აქ დაიწყო ჩემი კარიერა, წინსვლა, ჩემი პოპულარობა, კონცერტების წაყვანა და ა.შ. ეს არ იყო რადიო, სადაც უბრალოდ, წამყვანს აიყვანდნენ, დაჯდებოდა და ილაპარაკებდა ეთერში, აქ ყველაფერს უდგებოდნენ სხვა სტანდარტით, პროფესიონალურად – თეატრალური უნივერსიტეტიდან მოდიოდა ქალბატონი ნუნუ ხეთურელი, რომელიც მეტყველებაში გვავარჯიშებდა.

გასაუბრებაზე სამი ტური იყო, თავი გამოცდაზე მეგონა, ჟიურიში ისხდნენ ივლიანე და გოგა ხაინდრავები და გოგი მარგველაშვილი, ისინი ამოწმებდნენ კომუნიკაციის უნარს, ინტელექტს, კლასიკურ განათლებას, მეტყველებასა და სამსახიობო მონაცემებს.

კადრები აქ თავად გაზარდეს. იმდენი რამ მომცა „ფორტუნამ“, გამოცდილება და ინფორმაცია, რადგან ყველა მოვლენის ეპიცენტრში იყო, რასაც ვერ აღვწერ. „ფორტუნა“ იყო ნოვატორი ძალიან ბევრი მიმართულებით, მაგალითად, როგორ უნდა ჩართულიყავი ეთერში და ტელეფონით გადმოგეცა და გაგეშუქებინა არა მხოლოდ მუსიკალური სიახლე, არამედ ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდეებოდა. აქ მინახავს ისეთი სტუმრები, რომლებსაც სხვაგან ვერ შეხვდებოდით – ევგენი ევტუშენკო, ნიკიტა მიხალკოვი და უამრავი ინტელექტუალური სტუმარი, რომელიც თავის ქვეყანაში შესაძლოა, არჩევით მიდიოდა რადიოში.

გაგიჭირდა „ფორტუნას“ დატოვება?

ძალიან! ძალიან! ზუსტად ერთი კვირა ღამე არ მეძინა. როგორც ხედავთ, ძალიან ერთგული ვარ სამსახურების და არ მიყვარს ხშირი ცვლა. რომ გადახედოთ ჩემს ცხოვრებას, მის დიდ ნაწილს სამსახურებში ვატარებდი. თავიდან „ფორტუნაშიც“ ვმუშაობდი და „ისი პარიშიც“, შემდეგ მივხვდი, რომ უნდა გადამედგა ეს ნაბიჯი, რადგან ახალი რაღაც იწყებოდა. მეორე მხრივ, არ გამიჭირდა იმიტომ, რომ ვიცოდი, „ფორტუნასთან“ კავშირს არასდროს გავწყვეტდი. ახლაც აქ მოვედი. ძალიან მჭიდრო სამსახურებრივი კონტაქტი მაქვს და მონატრებას ვერ ვასწრებ, სულ ერთად ვართ… აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მანქანაში ჩემი რადიომიმღები ყოველთვის მომართულია ტალღაზე ფმ 106.9 (იღიმის).

თუ გადახედავთ ისტორიას, ყველაზე მაგარი წამყვანები, ტელეწამყვანებს ვგულისხმობ, 99% აქ მუშაობდნენ: ეკა ხოფერია, ნათია ბანძელაძე, ლევან ჯავახიშვილი, ირაკლი იმნაიშვილი და ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შემიძლია… ეს არის სკოლა, სადაც ზრდიან პროფესიონალებს. საუკეთესო ტელეწამყვანებს რადიოგამოცდილება აუცილებლად მიღებული აქვთ. ამას წინათ დათო ტურაშვილის წიგნს ვკითხულობდი, სადაც წერდა, რატომ ურჩევნია რადიო ტელევიზიას და მეც ვეთანხმები – თითოეულ ამოსუნთქვასაც კი ეთერში თავისი დატვირთვა აქვს. რადიოში მსმენელი  შეცდომას არ გპატიობს, ტელევიზიით უფრო ნაკლებად გისმენენ ალბათ…

რადიოში დაბრუნდებოდი?

სულ ვამბობთ მე და ნინი ბუკია, რაღაც გავაკეთოთო. ძალიან ხშირად მესიზმრება რადიოში ყოფნის მომენტი – თითქოს რაღაც დამავიწყდა, არ მახსოვს, როგორ უნდა გავიყვანო საინფორმაციო გამოშვება (იცინის). სიამოვნებით შევუთავსებდი ჩემს ახლანდელ სამსახურს, გავაკეთებდი ერთ პროექტს. მე ჩემი კომპანიის სახე ვარ, როცა მხედავენ ადამიანები, ახსენდებათ პარფიუმერია, მაგრამ ჩემთან ასევე ასოცირდება რადიო „ფორტუნა“. ზოგმა არც კი იცის, რომ რადიოში აღარ ვმუშაობ და მეკითხებიან ხოლმე. ეს ადგილი ძალიან ჩემია, აქ თავს სტუმრად არასდროს ვგრძნობ, თავს ვაძლევ უფლებას, რომ თავი მასპინძლად ვიგრძნო. როცა რაღაც ღონისძიება ტარდება და  ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იგეგმება, მეც განვიცდი და ტელეფონით ჩართული ვარ ყველაფერში, ძალიან დიდი ემოციებით ვუდგები…

მიულოცე „ფორტუნას“ 20 წლის იუბილე…

მართლა ყველაზე მაგარი რადიოა და ეს 20 წლის განმავლობაში დაამტკიცა. დიდი კონკურენციის მიუხედავად, არ დათმო სადავეები ჰოლდინგის შიგნითაც. „ფორტუნა“ სიახლეებისკენ ილტვის, ეს არ არის რადიო, რომელიც ინერციით მიდის. მინდა, ეს შემართება არ დაკარგოს. რეიტინგი მოაქვს ცოდნას, შრომისმოყვარეობასა და გამოცდილებას. ამ რადიოში ზუსტად ასეთი კადრებია დასაქმებული. ეს არ არის სამსახური, სადაც მოდიხარ, საათს დაახედავ და მიდიხარ, ეს არის ერთი ოჯახი, გუნდი, სადაც ყველას ყველა უყვარს. მინდა, სულ ასეთი იყოს და ვიცი, რომ ასეთი იქნება. დაიწყო ერთი რადიოთი და ახლა ოთხი რადიო და ერთი ტელეკომპანიაა. „ფორტუნას“ ადგილი არის ფმ დიაპაზონის ოლიმპოს მწვერვალი, რომელსაც ის ღირსეულად იპყრობს.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები