LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების რეაბილიტაციაზე მუშაობა დაწყებულია – კახა კალაძე

146

უამრავი სახლი გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობაში და მომდევნო წლების განმავლობაში ვგეგმავთ განვახორციელოთ რაც შეიძლება მეტი ქუჩის, მეტი უბნის რეაბილიტაცია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების რეაბილიტაციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მერია ინდივიდუალურად ვერ მიუდგება კონკრეტული სახლის, მხოლოდ ერთი შენობის რეაბილიტაციას და საკითხის განხილვა ერთიან კონტექსტში უნდა მოხდეს.

„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების რეაბილიტაციაზე მუშაობა დაწყებულია. კომისიის შექმნა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ერთ დღეში მოგვარდება. საკმაოდ ბევრი ავარიული შენობა გვაქვს ძეგლის სტატუსის მქონე. შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩემი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტი ძველი თბილისის რეაბილიტაცია იყო. ძველი თბილისი გაჯერებულია ისტორიული შენობა-ნაგებობებით, ძეგლებით და ამის ნათელი მაგალითია გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია. თუმცა, რა თქმა უნდა, იმ პრობლემასთან შედარებით ეს ზღვაში წვეთია. უამრავი სახლი გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მომდევნო წლების განმავლობაში ვგეგმავთ, რომ არ გავჩერდეთ, გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით, რომ განვახორციელოთ რაც შეიძლება მეტი ქუჩის, მეტი უბნის რეაბილიტაცია. ეს არის ის სიმდიდრე, რომელიც ჩვენს ქალაქს გააჩნია და ამას მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაცია სჭირდება.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა, რომლებიც ამ კონკრეტულ ფართებში ცხოვრობენ, რეაბილიტაციის შემდეგ ამ შენობებს მოუარონ და მიხედონ და არ მიიღონ ის შედეგი, რაც აღმაშენებელზე გვქონდა. მე გავაკეთე განცხადება აღმაშენებელზე არსებული სახლების კადლების გახვრეტაზე, რომელიც თვითნებურად გააკეთა მოსახლეობამ, ეს ყველაფერი ახლა მოწესრიგებულია“, – განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ ინდივიდუალურად ვერ მიუდგებიან კონკრეტული სახლის, მხოლოდ ერთი შენობის რეაბილიტაციას, უნდა მოხდეს ერთიან კონტექსტში განხილვა.

„ძეგლები მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური კონტექსტი, ტურისტული მიმართულება და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ხდება გადაწყვეტილების მიღება, შემდეგ კი, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები