LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა წურწუმიას გეგმები – „ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახლში უნდა დავჯდე და ვინმეს გადავაბრალო, ვჩანვარ თუ არა…“

304

ლელა წურწუმიას სასტუმრო „ბილტმორში“ შევხვდით, სადაც „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოვების ცერემონიაზე რადიო „ფორტუნას“ მხარდასაჭერად გამოვიდა და ჰოლდინგს, რომელიც წლის ერთ-ერთ რჩეულ ბრენდად კიდევ ერთხელ აღიარეს, სიმღერა მიუძღვნა.

შემდეგ კი „ფორტუნას“ წინასაახალწლო ფოტოსესიისა და ინტერვიუსთვისაც მოიცალა.

ლელა წურწუმია:

შარშან შევხვდი ახალ წელს შინ, მამულიჩასთან, მარიკოსთან და ჩემს დისშვილთან, სანდროსთან ერთად. სხვათა შორის, ისეთი ნოსტალგიური აღმოჩნდა სახლში ახალი წლის შეხვედრა, ჩვენ ხომ სულ სამუშაო რეჟიმში ვართ, ძალიან მომეწონა. წლებია, ქუჩაში ვხვდები ახალ წელს, ალბათ, ბოლო 20 წლის განმავლობაში. ძალიან შთამბეჭდავი და გულისამაჩუყებელი იყო, როცა მარიკოსთან ერთად შევხვდით ახალ წელს. ძალიან მხიარულად გავატარეთ ეს ღამე. კარგი განწყობით, ცეკვით, სიმღერით გავაცილეთ ძველი წელიწადი და შევხვდით ახალს. შემდეგ მოვიარეთ ჩემი დების ოჯახები, მამულიჩას მშობლებთან ვიყავით. მოკლედ, რაც წლებია, არ გამიკეთებია, შარშან შევძელი (იღიმის).

წელს როგორ ხვდებით ახალ წელს?

წელს ისრაელში მივემგზავრები, ჩემს კოლეგებთან ერთად. ვერ იტყვი, რა ჯობს, ოჯახში შეხვედრა თუ მუშაობა. სასურველია, რომ გქონდეს ოჯახში შეხვედრის საშუალება და შემდეგ გახვიდე სამუშაოდ.

ეს წელი ზოგადად, ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემი შემოქმედებისთვის. მქონდა არაერთი კონცერტი სხვადასხვა კლუბში, სადაც არაჩვეულებრივი დასწრება იყო. 13 იანვარს ისევ გავმართავ სოლოკონცერტს, „სქაი ბარში“, 27 იანვარს, ნინოობას – „რუფტოპზე“.

დავიწყე თანამშრომლობა ბენდთან „გუფი ლენდი“, მათ მივეცი ჩემი რეპერტუარი. შემდეგი წლიდან ვგეგმავთ  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცოცხალი სოლოკონცერტების ჩატარებას. მინდა, ახალი შემართებით და ენერგიულად დავიწყო შემდეგი წელი. ბენდთან ერთად არაერთი კონცერტი მაქვს გამართული, მაგრამ „გუფი ლენდთან“ პირველად მიწევს თანამშრომლობა და ჩემთვის ეს საინტერესოა. მათ თავიანთი ხედვა აქვთ. მივეცი სრული თავისუფლება არანჟირების თვალსაზრისით. ის სიმღერები, რომლებიც უყვარს ჩემს მსმენელს, ახლებურად აჟღერდება. როდესაც ფონოგრამა კეთდება, ეს სხვაა და ცოცხალი არანჟირებით განსხვავებულად ისმინება. ბენდთან მუშაობა სასიამოვნო პროცესია, უფრო მაგარია და ბევრად მირჩევნია სტუდიურ მუშაობას. ერთხელ რასაც იმღერებ, ერთი ემოციაა, ყოველი ახალი შესრულება კი – ახალი ემოცია, სადაც ყველაფერს დებ.

ორი ახალი სიმღერა მივიტანე ბორიკო შხიანთან, ერთი რუსა მორჩილაძისაა, მეორე – ლილიკო ნემსაძის, ორივეს ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. ვაპირებ არა კლიპის, არამედ პატარა მუსიკალური ჩანახატის გადაღებას ერთ-ერთ ახალ სიმღერაზე.

ბევრი შემოქმედებითი გეგმა გაქვთ. როგორც მივხვდი, არ გაშინებთ სიძნელეები…

ჩემმა ახალგაზრდობამ სტუნდეტობამ იმდენად რთულ პერიოდში გაიარა… რა თქმა უნდა, არის წინააღმდეგობები და ბევრი რამ არ არის ჩვენზე დამოკიდებული, მაგრამ ოპტიმისტი ვარ და სიძლიერე ზის ჩემს ხასიათში. შესაძლოა, ისე ინტენსიურად არ ვმუშაობთ, როგორც ადრე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახლში დავჯდე და ვინმეს გადავაბრალო, ვჩანვარ თუ არა. მე არ ვსაუბრობ სხვა რაღაცებზე, რაც შეიძლება, სხვის ხელში იყოს და მართალი გითხრათ, ძალიან იშვიათად ხდება…

განსაკუთრებული ახალი წელი, როცა ლელა წურწუმია იყო ყველაზე ბედნიერი…

ბევრი მქონია ასეთი წელი, მაგრამ განსაკუთრებული იყო, როცა მარიკოს ველოდებოდი… ჩემი შვილი თებერვალში გაჩნდა, გაჩნდა ახალი ადამიანი, ჩემი ნაწილი, საზრუნავი. ამან, რასაკვირველია, ძალიან შემცვალა. ალბათ, ყველა ქალი ასეა, როცა ჩნდება მისი პირმშო.

იყო ბევრი წარმატება, ფილმი, სპექტაკლი, სხვადასხვა პროექტი… ვფიქრობ, რომ ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება საინტერესოდ მიდის, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ და არ არის დიდი მასშტაბების საშუალება, მაინც ასე თუ ისე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის მხოლოდ ჩემი პროფესია, ეს არის ჩემი ცხოვრება…

რაიმე სანანებელი თუ გაქვთ, როცა თქვენს ცხოვრებას გადახედავთ ხოლმე?

კი, როგორ არა… ადამიანს თუ სინანულის გრძნობა არ აქვს, მას ცხოვრებაში ბევრი პრობლემა შეექმნება.

რაიმე საახალწლო ტრადიცია თუ გაქვთ? მაგალითად, 31-ში სურვილს თუ ჩაუთქვამთ ხოლმე?

რამდენიმე წლის წინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სთხოვა მრევლს, ახალი წლის დადგომამდე აუცილებლად წაიკითხეთ შვიდგზის ლოცვაო. არა აქვს მნიშვნელობა, სადაც უნდა ვიყო, აუცილებლად ვკითხულობ. ეს არის ჩემი იმედი. თითქოს თავდაჯერებული ხდები, თითქოს უფალს უფრო ესმის შენი თხოვნა, რასაკვირველია, ჩავიფიქრებ ხოლმე, რომ შემდეგი წელი უკეთესი იყოს. 31-ში კონკრეტული სურვილი არ ჩამითქვამს.

სამზარეულოში თუ ახერხებთ ტრიალს ამ პერიოდში?

უფრო სარკესთან (იცინის). სულ მოძრაობაში ვარ. ქალს რამდენი რამ სჭირდება, თმის, ფრჩხილების მოწესრიგება და სხვა. 31 დეკემბერი ძალიან მალე გადის ხოლმე.

მამულიჩას უყვარს სიუპრიზების კეთება?

უყვარს. მაქვს ის ნივთები, რომლებიც მას უჩუქებია ჩემთვის. როცა მითქვამს, რომ რაღაც მომწონდა, წასულა, ჩუმად უყიდია და მოურთმევია (იღიმის). მეც მიყვარს სიუპრიზები და ზოგადად, მიყვარს საჩუქრების კეთება. დიდ ბედნიერებას მანიჭებს, როცა ადამიანს უხარია ჩემი კონკრეტული ნაბიჯი…

გადაღების ადგილი: სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები