LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკაშენკოს განცხადებას საქართველოს პრემიერის პრესსამსახური ეხმაურება

93

საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახური ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ბელარუსის პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილი რუს ადამიანს შეადარა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, რუსულ-ქართულ ურთიერთობებსა და საქართველოს მთავრობის პრაგმატულ პოლიტიკაზე ისაუბრეს.

“პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსი ხალხის მიმართ საქართველოში არავის აქვს აგრესია, ქვეყანაში რუსეთიდან 1.5 მილიონი ტურისტი შემოდის და არანაირი დაპირისპირება არ ხდება. ამავე კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილმა ბელარუსის პრეზიდენტს უთხრა, რომ რუსი ბებია ჰყავდა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ხალხთაშორისი, ჰუმანიტარული და კულტურული კავშირები არსებობს. თუმცა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივაზე საუბრისას პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში არსებობს წითელი ხაზები და ეს არის საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ამ მიმართულებით კი, რუსეთის ხელისუფლება ნაბიჯებს არ დგამს,“ – აღნიშნავს პრესსამსახური.

ბელორუსის პრეზიდენტმა ყოველწლიურ მიმართვაში რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქვეყანა საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ბელორუსისგან განსახვავებულად ფიქრობს, მისი ქვეყანა მათთან მაინც მჭიდრო და კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს. ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, საჭიროა რომ მეზობელი ქვეყნები ერთმანეთს უსმენდნენ და ეხმარებოდნენ. ამ კონტექსტში ლუკაშენკომ საქართველოს პრემიერ-მინისტრზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს, რუსეთთან დაკავშირებით სენტიმენტები გააჩნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები