LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mister Two: სუხიშვილების მოცეკვავის ბიზნესი ევროპას იპყრობს

734

“სუხიშვილების” მოცეკვავის ორიგინალური ბიზნესი ევროპის ყურადღებას იპყრობს. Mister Two-ს ბრენდის ქვეშ წარმოებული ხელნაკეთი ხის ბაფთები ევროპის რამდენიმე ქვეყანასა და მეზობელ უკრაინაში უკვე გავიდა. მაღალია აღნიშნულ აქსესუარზე მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზეც.

როგორც ”ფორტუნას” Mister Two-ს დამფუძნებელმა, სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის მოცეკვავემ- დავით ჭანიშვილმა განუცხადა, ბაფთები კეთდება როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის.

”ნივთები ანტიალერგიულია, რაც ბავშვებისთვისაც უსაფრთხოს ხდის პროდუქტს. თითოეული ნივთი ხელნაკეთია და ვცდილობთ, მომხმარებელს უნიკალური პროდუქტი შევთავაზოთ. ბაფთები იქმნება როგორც მათი სურვილისამებრ, ისე ჩვენივე იდეებითა და დიზაინით”, – აცხადებს ხელნაკეთი ბაფთების შემქმნელი. მისივე ინფორმაციით, Mister Two-ს პროდუქციის ღირებულება მომხმარებელზეა მორგებული.

”დღეისათვის ბაფთების ფასი 20 ლარიდან იწყება და 150-ლარამდეა. პროდუქციის რეალიზაციას რაც შეეხება, ძირითადად, ონლაინ-გაყიდვებზე ვმუშაობთ. ვიღებთ შეკვეთებს Mister Two-ს ოფიციალური ”ფეისბუქ” გვერდის საშუალებით. ამასთან, პროდუქცია თბილისის მასშტაბით სუვენირების რამდენიმე პატარა მაღაზიაშიც იყიდება”, – აღნიშნავს დავით ჭანიშვილი. 

როგორც დამწყები ბიზნესმენი ამბობს, ხის ბაფთების შექმნის იდეა საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს გაუჩნდა. ”იქ ვნახე ადამიანი, რომელიც მსგავს ნივთებს ქმნიდა და სწორედ აქედან წამოვიდა ინსპირაციაც. საქართველოში კი პირველი კომპანია ვართ, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და ფაქტობრივად, კონკურენტი არ გვყავს”, – განმარტავს ჭანიშვილი.

ცნობისთვის, Mister Two-ს ხის ხელნაკეთი ბაფთები ბაზარზე 2017 წლის დასაწყისში გამოჩნდა. პროდუქციაზე სახლის პირობებში ორი ადამიანი მუშაობს: დავით ჭანიშვილი და მისი მეგობარი – პაპუნა ნუცუბიძე. ბრენდის პროდუქცია ყველა ასაკობრივი სეგმენტის მომხმარებელზეა გათვლილი და შეკვეთიდან ერთ დღეში მზადდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები