LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მმართველი გუნდის ლიდერები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შესახებ

64

მამუკა ბახტაძეს აქვს ძალიან ღრმა განათლება, მრავალმხრივი გამოცდილება და უნარი, რომ მართოს ქვეყანა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენ შევარჩიეთ ძალიან ღირსეული კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე. ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე. ბატონი მამუკა ბახტაძე არის გამორჩრეული როგორც თავისი განათლებით, ასევე, მრავალმხრივი გამოცდილებით. მას აქვს მართვის ძალიან სერიოზული გამოცდილება. ის არის ძალიან სერიოზული ექსპერტი, განსაკუთრებით ეკონომიკის მიმართულებით. მას აქვს ძალიან ღრმა განათლება, მრავალმხრივი გამოცდილება, უნარი იმის, რომ მართოს ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან დიდი წარმატებით უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის წინსვლას“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, მამუკა ბახტაძე გამოდიოდა მნიშვნელოვანი ინიციატივებით, რომელთა შედეგები უკვე სახეზეა. „როდესაც ბატონი მამუკა წარდგება პარლამენტის წინაშე სამთავრობო პროგრამით, ამ პროგრამაში ასახული იქნება ახალი ინიციატივები, რომლებიც დააჩქარებს ამ ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებას“, – განაცხადა კობახიძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მამუკა ბახტაძე არის გამორჩეული ლიდერი.

„ის არ ერიდება თამამ რეფორმებს, პირველად დასვა საკითხი ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, ის არ ერიდება ფინანსურ სექტორში უსამართლობის აღმოფხვრას. ბოლო 6 თვის განმავლობაში გამოიკვეთა, რომ ის არის რეფორმატორი. ის არის ადამიანი, რომელიც პრობლემებს და გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაზე, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით გაიმართება კონსულტაციები გუნდში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძემ მამუკა ბახტაძის კანდიდატურის განხილვის პროცედურებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდში მისი კანდიდატურა ერთხმად იქნა მიღებული.

„რაც შეეხება იმ მიმართულებებს რაზეც მამუკამ თავადვე ისაუბრა, ეს არის ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, ასევე ის რეფორმები, რომელიც უნდა განხორციელდეს. მგონია, რომ ჩვენ საერთო ძალებით შევძლებთ ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში. ამით ჩვენ შევძლებთ, რომ დავძლიოთ ის პრობლემები, რომელიც დღეს აქტუალურია ქვეყანაში“, -განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები