LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონაწილეობენ, თუ არა ცნობილი ბიზნესმენები უკანონო მშენებლობებში- კალაძის განმარტება

74

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში არსებობენ სპეციალური ჯგუფები, რომლებსაც სოციალურად დაუცველი ადამიანები ჩამოჰყავთ და უკანონოდ მითვისებულ მიწებზე შენობებს აშენებენ.

კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით, მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტები დედაქალაქის მთავრობისთვის მიუღებელია.

”ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რომელიც გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა და საკმაოდ დიდი ხანი არსებობს. ის განცხადება, რომელიც გავაკეთე, ბევრმა გაიგო, ბევრმა შეიძლება ვერ გაიგო. არსებობს სპეციალური ჯგუფები, რომლებსაც ეს ადამიანები რეგიონებიდან ჩამოჰყავს, მართლაც სოციალურად დაუცველები არიან, გარკვეულ თანხებს აძლევენ იმისთვის, რომ უკანონოდ, გარკვეულ ტერიტორიებზე მონიშნონ ან ააშენონ ერთსართულიანი შენობები, რომელსაც სახლსაც ვერ დავარქმევ იმისთვის, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მოხდეს მისი დაკანონება. ეს ადამიანები ფარად ჰყავთ, იმიტომ, რომ სოციალურად დაუცველია, თუმცა ამის უკან გარკვეული ჯგუფია. შესაბამისად, ეს ჩვენთვის მიუღებელია. არა აქვს მნიშვნელობა სოციალურად დაუცველები არიან თუ არა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა, გაგრძელდება იმ შენობა-ნაგებობების დემონტაჟი, რომელიც უკანონოდ არის აშენებული. ეს საკმაოდ საინტერესო მიმართულებაა, ახალია და რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს მოსაზრებებს გავაცნობთ შესაბამის სამსახურებს. სამართალდამცველებთანაც გვექნება კონსულტაციები. კანონდარღვევაა ის, რომ უკანონოდ აშენებ შენობას ნებართვის გარეშე, თანაც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე, სახელმწიფოს საკუთრებაზე. ასეთი ძალიან ბევრი შემთხვევაა, ასეულობით”,- განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, არიან თუ არა ამ ჯგუფების უკან ცნობილი ბიზნესმენები, კალაძემ უპასუხა, რომ “არა, ეს უფრო დაბალ დონეზე ხდება”.

მისივე განცხადებით, იმ შენობების მეპატრონეებს, რომელთა სახლების დემონტაჟის განკარგულება მერიამ რამდენიმე დღის წინ გასცა, მიეცათ გონივრული ვადები, რომ აღნიშნული შენობები დაშალონ. “თუ თვითონ არ იმოქმედებენ, აღსრულება იმოქმედებს”, -განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები