LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო სურგულაძის ახალი წელი ჩემოდნებზე – „რაც მიყვარს, ის მებედება…“

158

ნინო სურგულაძე რადიო „ფორტუნას“ ესტუმრა და  საახალწლო სამზადისის შესახებ გვესაუბრა. როგორც თავად აღნიშნა, ნაძვის ხეს ორი-სამი დღით ადრე აწყობს, საკუთარი დიზაინით…

ნინო სურგულაძე:

ტრადიციის მეტი რა არის, მაგრამ როცა სულ მოგზაურობ, მათი დაცვა არ გამოდის. ჩემებთან ერთად შეხვედრა ძალიან მიყვარს, მაგრამ ძირითადად, ამ დროს ან თვითმფრინავში ვარ, ან თეატრში. როგორც ამბობენ, ახალ წელს როგორც შეხვდები, ისეთი იქნება მთელი წელიწადი და მეც ასე მივიჩნევ. მთელი ჩემი წელი თეატრსა და თვითმფრინავში გადის (იღიმის), ამასაც თავისი ხიბლი აქვს, რაც მიყვარს, თეატრს ვგულისხმობ, ის მებედება… ვერ ვიტყვი, რომ ფრენაზე ვგიჟდები, მაგრამ ესეც ჩემი საქმის ნაწილია…

რაც შეეხება სურვილის ჩაფიქრებას, მიყვარს ჩაფიქრება (იღიმის). ნაძვის ხეს ორი-სამი დღით ადრე ვაწყობ. სათამაშოებს არ ვცვლი, თავად ვაწყობ ბავშვობიდან, მამაჩემი ხომ გამომგონებელი იყო და განათებაში მეხმარებოდა, დიზაინი ჩემი იყო ყოველთვის.

ნინო, ახალ წელს საქართველოში შეხვდები?

ჯერ არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ 9 იანვარს აქ ვიქნები – როცა ჩემი საქველმოქმედო ფონდის „ნატვრის ხის“ მორიგი ღონისძიება გაიმართება მძიმე დაავადებების მქონე პატარებისთვის თანხის შესაგროვებლად. ჩამოდიან მსოფლიო ვარსკვლავები, ტენორი ალესანდრო საფინა, „მის ჰოლივუდი“, საოპერო და გოსპელის შემსრულებელი, ენჯელ ბლუ, ვირტუოზი პიანისტი  ოლივერ პული, უმშვენიერესი ჩელისტი, ანა რუცნერი, დირიჟორი იქნება კარლო პონტი, მას თავისი ორკესტრი ჰყავს ლოს ანჯელესში, მაგრამ აქ უდირიჟორებს ჩვენს ორკესტრს, ის სოფი ლორენის ვაჟი გახლავთ. კონცერტზე ასევე გამოვა აფხაზეთის კაპელა, ინსტრუმენტული ბენდი, მეც ვიმღერებ, რას, ნუ მათქმევინებ. მხოლოდ კლასიკას არ შევასრულებთ. ღონისძიება იმართება თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში. გენერალური სპონსორი „სოკარია“. ბილეთები უკვე იყიდება ფილარმონიის სალაროსა და tickets.ge-ზე. ბედნიერი ვარ, რომ ბევრ ადამიანს შეეძლება დასწრება და ქველმოქმედების იდეის გარშემო გაერთიანება.

საუკეთესო ახალი წელი გაიხსენე…

უფრო ბავშვობასთან ასოცირდება, უდარდელი და ნათელი ფერებით სავსესთან – საჩუქრებთან, გოზინაყთან, ბებიის ჩახუტებასა და ოჯახის ერთად ყოფნასთან…

გასული წელი თუ იყო გამორჩეული და რას ელოდები 2016-სგან?

„რასაც დასთეს, იმას მოიმკი“, ამის მჯერა და მაქსიმალურ ენერგიას და მონდომებას ვდებ ჩემს საქმესა და საქველმოქმედო ფონდში. მინდა, დავინახო ბავშვები, რომლებიც გაღიმებულები და ჯანმრთელები იქნებიან, რაც ალბათ, ყველას უნდა. ეს იქნება ჩემი სურვილების ასრულება. გარდა ამისა, მელოდება უამრავი გამოსვლა ახალ ზელანდიასა და ბრაზილიაში, იტალიაში. ამ ორი საქმის შეთავსება ძნელია და მართლა არ ვიცი, როგორ გამომდის, ფიზიკურად ძალიან დიდი ენერგია მიაქვს, მაგრამ იმდენ ანთებულ ადამიანს ვხედავ ჩემ გარშემო, იმხელა ბედნიერება მოაქვს ამ ყველაფერს, რომ უკან დახევა არ შემიძლია და არც მინდა.

2015 წელი იყო გამორჩეული, ბევრი მოგზაურობა, საინტერესო სპექტაკლი, იტალიასა თუ იაპონიაში, კოლუმბიაში თუ სხვაგან. იმით იყო გამორჩეული, რომ ბოლო კონცერტის შედეგად უკვე მესამე ბავშვს ვუშვებთ სამკურნალოდ. მთლიანობაში 21 ბავშვს დავეხმარეთ ყველა ერთად და გადავარჩინეთ. მადლობა ყველას, არა აქვს მნიშვნელობა თანხას, ვინც ჩვენ გვერდით დადგა. დარწმუნებული ვარ, უამრავი ისეთი ადამიანი არსებობს, ვისაც სურს ქველმოქმედების გაწევა.

ნინო მურღულია

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები