ნუკი კოშკელიშვილი: „არც კი ვგეგმავ არავისთან დაშორებას“

414

ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი და მოდელი ნუკი კოშკელიშვილი წელიწადნახევრის წინ ამერიკაში გათხოვდა და ახლა იქ ცხოვრობს. მართალია, აქტიურ საქმიანობას ჩამოშორდა, მაგრამ საქართველოში პოპულარობას მაინც არ კარგავს. ნუკი რამდენიმე დღის წინ, თბილისში დაბრუნდა და „ფორტუნას“ მკითხველს მისი ამერიკული ცხოვრების შესახებ ესაუბრა.

– რთულია, მარტივად წახვიდე შენი ქვეყნიდან და აღარ გაგახსენდეს შენი სამშობლო. წელიწადნახევრის წინ გავთხოვდი ამერიკაში, თბილისში მყავს ოჯახი და უახლოესი მეგობრები, საქართველო სულ მენატრება, ამიტომ ვგეგმავ, წელიწადში ორჯერ მაინც ჩამოვიდე საქართველოში. არასდროს მეგონა, დასასვენებლად საქართველოში თუ წავიდოდი, მაგრამ რაც ამერიკაში გავთხოვდი, მას შემდეგ საქართველოში ვისვენებ.

– როგორია ნუკი კოშკელიშვილის ერთი დღე ამერიკაში?

– მაინცდამაინც საინტერესო არ არის, უფრო ვდიასახლისობ. დილით ვიღვიძებ, ყავას და საჭმელს ვიმზადებ, მივირთმევ, ვწესრიგდები და შემდეგ უკვე სასეირნოდ გავდივარ ნიუ იორკში. ხშირად დავდივარ გამოფენებზე და სხვა კულტურულ ღონისძიებებზე, მაგრამ ჩემი ყოველდღიურობა საინტერესო მაინც არ არის. იმდენს ვსეირნობ ნიუ იორკში, ადგილობრივებზე კარგად ვიცნობ ქალაქს, მაგრამ ჯერ მაინც ტურისტად მიმაჩნია თავი.

– ამერიკის მოქალაქეობა არ მიიღე?

– ჯერ მხოლოდ ბინადარი ვარ და მოქალაქეობის მიღების პროცესში ვარ.

– არ გენატრება ტელევიზია?

– როგორც იცით, ტელევიზიამ მიჩვევა იცის, რთულია აქტიური ცხოვრების მერე წყნარ გარემოზე გადართვა, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი უნდა სცადო ცხოვრებაში. 18 წლიდან აქტიურად ვცხოვრობდი და ეს დასვენება ჩემთვის საინტერესოა.

– როგორი დიასახლისია ნუკი კოშკელიშვილი?

– დიასახლისობა სადილის კეთება არ არის. სახლში ისეთი ატმოსფერო უნდა შექმნა, გრძნობდე, რომ ვიღაც გელოდება და მე ამას ვახერხებ ბენისთვის.

– რას საქმიანობს ბენი?

– ორი საავადმყოფოს ხელმძღვანელია, ბოსობს და ძალიან დატვირთულია. ბევრს მუშაობს, დილიდიან ღამემდე გასულია, ამიტომ ძირითადად ცალ-ცალკე ყოფნა გვიწევს.

– დედამთილთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

– არსებობს ასეთი სტერეოტიპი, რომ დედამთილი ურჩხულია, მაგრამ მე გამიმართლა. მისგან არც დაყვედრება გამიგია და არც შენიშვნები. სასაცილოა, ხომ არაფერს ვაკეთებ? მაგრამ მეუბნება, ალბათ, გადაიღალეო და ცდილობს, სულ დამეხმაროს. მამამთილიც კარგი კაცია. მოკლედ, გამიმართლა და კარგ ოჯახში მოვხვდი.

– ბენს ქართული ხომ არ ასწავლე?

– ხანდახან ბენს ქართველად მიაჩნია თავი, პერიოდულად მეუბნება, ჩემი მეორე სამშობლო ხომ საქართველოაო. გამარჯობა, მადლობა, ანგარიში, ჩურჩხელა – ეს სიტყვები იცის. აღფრთოვანებულია ქართული ღვინით და სამზარეულოთი. მეუბნება, როცა სახლი გვექნება, ქვევრი უნდა ჩავდგათო. ჩურჩხელები გავაკეთეთ ერთხელ, ცოტა უშნო გამოგვივიდა, მაგრამ გემრიელი იყო. ბენი ხინკალს ახვევს, ნაოჭებსაც უკეთებს, სულ ცდილობს, რაღაცები დაამატოს და მე ვეუბნები, საუკუნეებია, ასეთია ხინკალი და არაფრის დამატება არ არის საჭირო.

– ზაფხულში გავრცელდა ჭორი, რომ დაშორდით…

– ეს ჭორები სულ მოსალოდნელია, რადგან ცალ-ცალკე ჩამოვედით. არც კი ვგეგმავ არავისთან დაშორებას, ამიტომ იჭორაონ.

– არ გიცდია ამერიკაში კასტინგებში მონაწილეობა?

– კასტინგები ხმამაღალი ნათქვამია, რამდენიმე გადაღებას დავესწარი, მაინტერესებდა, ქართული ტელევიზია და ამერიკული როგორ განსხვავდება, აღმოვაჩინე, რომ ბევრი გადაკვეთის წერტილი აქვს. უბრალოდ, ისინი უფრო ორგანიზებულები არიან. პროფესიონალიზმით ვჯობივართ, ბევრ გადაღებაზე ვყოფილვარ. მენატრება ტელევიზია და როცა ქუჩაში გადაღებას ვხედავ, ვჩერდები და ვუყურებ. ერთ-ერთი სეირნობის დროს „სი-ენ-ენ“-ის გამოკითხვისთვის გამაჩერეს, 5 კამერა იდგა ერთი წამყვანისთვის, 7 წელი ტელევიზიაში ვმუშაობდი და ვიცი, სადაც კამერა ინთება, უნდა უყურო იმ კამერას, ბუნებრივია, გადაღების დროს ზუსტად იმ კამერას ვუყურებდი, რომელიც მიღებდა,  როცა გადაღება მორჩა, გაოგნებული იყო ჟურნალისტი, მკითხეს, კამერასთან ასე პროფესიონალურად როგორ მუშაობო და ავუხსენი, რომ საქართველოში ტელევიზიაში ვმუშაობდი.

– როგორ მოახერხე ბენის უთოთი დაწვა და გახდა თუ არა ეს კონფლიქტის მიზეზი?

– უთოთი დავწვი, მაგრამ ეს კონფლიქტის მიზეზი არ ყოფილა. პიჯაკი ეცვა და მითხრა, გამიუთოვეო, მე ტანზე მივაუთოვე და ორთქლიც გავუშვი. საღამოს რომ მოვიდა მითხრა, მტკივა და ნახე აბა რა მჭირსო, როცა ვნახე, უთო ჰქონდა მთლიანად წელზე.

– ყველას აინტერესებს, რატომ არ აჩენ ბავშვს…

– ჩვენ გვინდა, ცოტა ხანი მხოლოდ ჩვენს თავს დავუთმოთ, ორივეს გვიყვარს ბავშვები და როცა დრო დადგება, გვეყოლება კიდეც.

– ბევრს ჭორაობენ იმაზე, რომ ცხვირის ოპერაცია გაიკეთე…

– არაფერი ჩემს ცხვირში არ შეცვლილა. 18 წლის გამოვჩნდი ეკრანზე, შესაძლოა, უფრო გამხდარი ვიყავი ან მას შემდეგ შევიცვალე. რეალურად არაფერი გამიკეთებია.

 

ფოტოგრაფი: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: “ტერასა”

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები