LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 5.2%-ით გაიზარდა

65

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2018 წლის მარტში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,6 პროცენტი, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 5,2 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის წინასწარი შეფასებითვე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2018 წლის მარტში მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნებოდა სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევაში, დამამუშავებელ მრეწველობაში, ტრანსპორტში, უძრავი ქონებით ოპერაციებში და ვაჭრობაში.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ტემპის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები