LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქსტატსა და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

123
მემორანდუმი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო შორის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ.

მემორანდუმის მიზანია კონკურენციის, ანტიდემპინგური და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის წარმართვის პროცესში თანამშრომლობის გაძლიერება და სტატისტიკური მონაცემების ეფექტიანად გამოყენება.

„საქსტატი კონკურენციის სააგენტოს მისთვის საჭირო სანდო, ობიექტური და დეტალური სტატისტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფს. ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს თანამშრომლებს გაუწევს შესაბამის კონსულტაციებს სტატისტიკურ მონაცემთა გამოყენების, დამუშავებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ. საქსტატი იღებს ვალდებულებას, განიხილოს კონკურენციის სააგენტოს წინაშე მდგარი გამოწვევები და სააგენტოს მიერ უფლებამოსილებათა ეფექტურად განხორციელების მიზნით მოახდინოს მისი ინფორმაციული უზრუნველყოფა“, – განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

„ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში, კვლევებში აქტიურად ვიყენებთ საქსტატის მიერ მომზადებულ ანგარიშებს და ინფორმაციას. საქსტატის მონაცემთა ბაზები, პორტალები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში ეკონომიკური და ბიზნეს პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაში, საზოგადოების სწორად ინფორმირებაში. მემორანდუმი კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გვიჩენს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა“, – განაცხადა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ.

მემორანდუმის ფარგლებში ერთობლივი შეხვედრები და ღონისძიებები ჩატარდება, რაც უზრუნველყოფს დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას მათთვის საინტერესო საკითხებზე.

magti 5g