LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი ვაშინგტონს საქართველოს მხარდასაჭერი აქტის მიღებას სთავაზობს

85

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელ კონგრესმენს მიმართავს. გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონს მოუწოდებს მიიღოს საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ინიციატივით პრეზიდენტი კონგრესში გამართულ კონფერენციაზე გამოვიდა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველოს ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს და ამ განსაკუთრებული ურთიერთობების განმტკიცების მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი სწორედ მხარდამჭერი აქტის მიღებაა. სიტყვით გამოსვლის დროს გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ოკუპაციასა და არჩილ ტატუნაშვილზეც ისაუბრა.

 

“30 წლის წინ, როდესაც ცივი ომი დასრულდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თავისუფალი სამყარო კვლავ ცივი ომის გამოწვევების წინაშე დადგებოდა, მაგრამ დღეს, საქართველოს 20% ოკუპირებულია, მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობა კვლავ დარღვეულია, ყირიმი ანექსირებულია, უკრაინაში ომია. დღეს, ჩვენ ყველანი ვლაპარაკობთ მკვლელობის მცდელობაზე სოლსბერიში, საქართველოში, რამდენიმე კვირის წინ, ყოფილი ქართველი სამშვიდობო, რომელიც ერაყში მოკავშირეებთან ერთად მსახურობდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლეს; დღეს, მოსკოვიდან კიდევ უფრო შემაშფოთებელ საომარ რიტორიკას ვისმენთ.

დღეს, რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, ჩვენ კვლავ გვჭირდება ის ერთობა, რომელმაც ერთხელ უკვე დაამარცხა ცივი ომი. ეს გამარჯვება მიღწეული იქნა თავდადებით. როგორც ერთმა გენერალმა აღნიშნა, ეს იყო „ომის ბრძოლის გარეშე მოგება“.

საქართველო, როგორც რეგიონში დასავლეთის ალიანსების და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის საყრდენი, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსრეგიონული თანამშრომლობის გრძელვადიან გადაწყვეტილებებს, ქმნის ენერგეტიკისა და ტრანსპორტირების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს; ჩვენ გავხსენით “საზღვრები” რეგიონალური ეკონომიკისა და ჩაკეტილი ქვეყნებისთვის; ჩვენ დასავლური სტანდარტების მიხედვით ჩამოვაყალიბეთ პოლიტიკური და სახელმწიფო ინსტიტუტები.

ყოველივე ამის გამო, საქართველოს წარმატებას დაკვირვებით ადევნებენ თვალს და შესაბამისად, ის ხშირად დგას გამოწვევების წინაშე.

როდესაც მწვავე გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ჩვენ უნდა გავიხსენოთ ისტორიული მომენტები, ის ჭეშმარიტი მომენტები, რომლებიც დიდმა ლიდერებმა შექმნეს; თამამი ნაბიჯები, რომლებმაც მოუტანეს სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა მსოფლიო ერებს;

კაცობრიობის უახლოეს ისტორიაში, არ არსებობდა შემთხვევა, რომ ვინმეს ამ ეტაპისთვის ამერიკული ხელმძღვანელობის გარეშე მიეღწია.

პრეზიდენტ ტრუმანმა, ეიზენჰაუერმა და პრეზიდენტმა რეიგანმა, საკუთარი გამბედავი ნაბიჯებით, (ვგულისხმობ ცივი ომის კედლების დანგრევას), მილიონობით ადამიანს შვება მოჰგვარეს, გაბედული და საპასუხისმგებლო პოლიტიკის სტანდარტები ჩამოაყალიბეს.

ამ დღეების განმავლობაში, ჩვენ ჩვენს მოკავშირე შეერთებულ შტატებთან გავავითარეთ სტრატეგიული პარტნიორობა; ჩვენ ვიფიქრეთ და ჩამოვაყალიბეთ სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას; მოხარული ვარ, რომ აქ საქართველო აღიქმება, როგორც შეერთებული შტატების განსაკუთრებული პარტნიორი და მოკავშირე ქვეყანა რეგიონში.

მიმაჩნია, რომ ამ განსაკუთრებულ პარტნიორობას განსაკუთრებული დაფასება სჭირდება.
ამ გამორჩეულ აუდიტორიასთან საუბრისას, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მხარდამჭერი აქტი მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა ამ განსაკუთრებული ურთიერთობების მხარდაჭერისა და განმტკიცებისათვის.

საქართველოს მხარდამჭერი აქტი გააერთიანებს ყველა არსებულ თანამშრომლობის ფორმატს და ასევე წარმოქმნის ახალ ფორმატებს. ის უზრუნველყოს როგორც ჩემი ერის გრძელვადიან სტაბილურობას, ასევე აშშ-ს ინტერესების დაცვას რეგიონში,” – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე საათში სიტყვით ჰერითიჯის ფონდში გამოვა. გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მხარდაჭერის აქტის შესახებ უფრო დაწვრილებით ისაუბრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები