LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული მხარე ”გაზპრომის” მოთხოვნას დათანხმდა

39

ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა.

„გაზპრომის” საბოლოო წინადადება დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს და როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღეს.

„რამდენიმე რაუნდიანი მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ შევძელით „გაზპრომ ექსპორტისგან“, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ოპტიმალური წინადადების მიღება. მთავრობამ იმსჯელა ამ წინადადებაზე და მიიღო ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება. ამ ხელშეკრულებით საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება. იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას. რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის”, – აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, ამასთან საქართველოს აქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად, მივიღოს ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა შემცირებულ ფასად – 215 დოლარის ნაცვლად, 185 დოლარად.

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა განმარტა, ხელშეკრულება ორწლიანია, თუმცა პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომ გაგრძელდება ფულადი ანგარიშსწორება.
„ეს იყო ოპტიმალური გადაწყვეტილება არსებული ვითარების გათვალისწინებით. საქართველო პატივს სცემს საერთაშორისო პრინციპებსა და სამართლებრივ ნორმებს, რაც მისი, როგორც სატრანზიტო ფუნქციის მქონე ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ტრანზიტის საფასურს, კალაძე კონკრეტული ციფრის დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ ფინანსური თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა იღებს დაახლოებით იგივე შედეგს, რაც ნედლეულის მიღების შემთხვევაში ჰქონდა.

შეგახსენებთ, კახა კალაძე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას გუშინ, ქალაქ მინკსში შეხვდა. ”გაზპრომთან” არსებულ თანამშრომლობის ხელშეკრულებას კი ვადა 2016 წლის 31 დეკემბერს გაუვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები