LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი მელუამ ქართველ მსმენელს სიყვარული სცენიდან აუხსნა

211

ქეთი მელუას კონცერტი „ბლექ სი არენაზე“ 23 ივლისს გაიმართა და ანშლაგით ჩაიარა. ყველა ბილეთი გაყიდული იყო. ქეთის შემოქმედების თაყვანისმცემლები მისი რეპერტუარის მოსასმენად შეიკრიბნენ. ქეთი ბათუმში კონცერტამდე ორი დღით ადრე ჩაფრინდა და დააანონსა, რომ „ძალიან ძლიერი“ კონცერტის გამართვას აპირებდა. მისი გულშემატკივრები გუშინდელი გამოსვლით კმაყოფილები დარჩნენ, ქეთიმ კი ქართველ მსმენელს სცენიდან დიდი სიყვარული აუხსნა.

მუსიკოსი თავის ბენდთან ერთად ჩამოფრინდა, კონცერტის სპეციალური სტუმარი კი გორის ქალთა გუნდი გახლდათ, რომლის ხელმძღვანელი თეონა ცირამუა პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა, ხოლო თავად ქეთი მელუამ კონცერტის მიმდინარეობისას „ვერცხლის დისკით“, რომლითაც მათი ერთობლივი ალბომის 60 000 ასლის გაყიდვა აღნიშნა, გორის ქალთა გუნდი დააჯილდოვა დარბაზის აპლოდისმენტების ფონზე.

ქეთიმ კონცერტის პირველ ნაწილში ბენდთან ერთად თავისი სოლორეპერტუარი შეასრულა, ხოლო მეორე ნაწილში მას გორის ქალთა გუნდი შეუერთდა. მუსიკოსი ყველა სიმღერის წინ საინტერესო ამბებს ჰყვებოდა საკუთარი ბავშვობიდან და საქართველოში გატარებული წლებიდან, ასევე ცალკეული კომპოზიციების შექმნის ისტორიებს. განსაკუთღებული იყო მის მიერ სპეციალურად ამ კონცერტისთვის მომზადებული „თუ ასე ტურფა იყავი“, რომელიც გორის ქალთა გუნდთან ერთად სიურპრიზად შეასრულა.

ქეთი მელუას გულწრფელობით დარბაზი და მისი თაყვანისმცემლები აღფრთოვანებულები იყვნენ. ქართველმა მსმენელმა მსოფლიო ვარსკვლავისგან უამრავი დადებითი ემოცია და სიყვარულის ახსნა მიიღო – „არ მჯერა, რომ აქ ვარ, ძალიან მიხარია… ბათუმი საუკეთესო ქალაქის მსოფლიოში“, აღნიშნა შემსრულებელმა. რასაკვირველია, იყო ბისიც, გამოსვლისას ქეთიმ თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა შეასრულა…

აღსანიშნავია, რომ „ბლექ სი არენა“ კონცერტს, როგორც ყოველთვის, უმაღლეს დონეზე მომზადებული შეხვდა. განათებით გასხივოსნებული სცენა ძალიან ლამაზი სანახავი იყო, დეკორაციის თითოეული დეტალი კარგად იყო გათვლილი.

„ბლექ სი არენაზე“ მუსიკალური და საცეკვაო საღამოები გაგრძელდება. ლაინ-აფში შემდეგი „ერისიონის“ კონცერტია, რომელიც 1-ელ აგვისტოს გაიმართება.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები