LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუმსიშვილი: მაისში ექსპორტის ზრდამ ბოლო წლების რეკორდს მიაღწია

31

ექსპორტის ზრდისა და დივერსიფიკაციის მიმართულებით აქტიურმა მუშაობამ რეალური შედეგი მოგვიტანა, მაისში ექსპორტის ზრდამ ბოლო წლების რეკორდს მიაღწია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემების კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, გაიზარდა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს.

2018 წლის მაისში ექსპორტის რეკორდული – 50.2 პროცენტიანი ზრდა გვაქვს, რაც რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ გაიზარდა გეოგრაფია იმ ქვეყნებისა, სადაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გვაქვს და ეს სია მალე ჰონგ კონგით და სხვა სტრატეგიული ბაზრებით გაიზრდება. გარდა ამისა, ჩვენ ვახორციელებთ ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებს, რომლებიც ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციის წარმოებას უწყობს ხელს. ამასთან, ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ მეწარმეებს, რათა მათ შეძლონ გასაღების ახალი ბაზრების ათვისება“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ქუმსიშვილის ინფორმაციით, საქართველოდან ექსპორტი 2016 წლიდან ზრდის დინამიკით ხასიათდება. 2017 წელს ექსპორტი 29.3%-ით გაიზარდა და 2,731 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მისი თქმით, ექსპორტის ზრდას, სხვა ფაქტორებთან ერთად, საქართველოდან ექსპორტირებულ საქონელზე საგარეო მოთხოვნის ზრდამ შეუწყო ხელი.

„2018 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 28.0%-ით გაიზარდა და 1 284.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 894.8 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.5 პროცენტით მეტია. ასევე გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსი, კერძოდ: 2018 წლის იანვარ-მაისში აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტული პუნქტითაა გაუმჯობესებული. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით. თავისუფალი ვაჭრობის სფეროში გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები