LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ფასად შეძლებთ ზამთრის ახალ კურორტ – გოდერძიზე დასვენებას

495

გოდერძის სათხილამურო კურორტის ზამთრის სეზონი 10 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნა.

ოფიციალური ღონისძიების ფარგლებში, კურორტზე სპეციალური განათებები და დეკორაციები მოეწყო, ასევე, გაიმართა მოთხილამურეთა საჩვენებელი სრიალი.

კურორტზე ამ ეტაპზე, 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობაა განთავსებული.

როგორც ფორტუნას სასტუმრო ინფრასტრუქტურის მფლობელმა ჯემალ ბოლქვაძემ განუცხადა, ერთ სასტუმროსა და 7 სასტუმროს ტიპის კოტეჯს ერთობლივად, ღამისთევით, 105 ადამიანის მიღება შეუძლია.

ერთი ღამის გათევა სასტუმროს ტიპის 2 ადგილიან კოტეჯში 100 ლარი ღირს; ოთხ ადგილიანში კი 150 ლარი.

რაც შეეხება სასტუმროს, აქ ფასები 40 ლარიდან იწყება და 180 ლარამდე (8 ადგილიანი ნომრები) ადის.

აღსანიშნავია, რომ კურორტზე ფასები ახალი წლის დღეებშიც კი არ იცვლება. 

“ფასები ახალი წლის დღეებშიც იგივეა. საახალწლო დღეებში ჯავშნები უკვე მიღებული გვაქვს, ამ დოისთვისაც გვყავს დამსვენებლები”, – განაცხადა “ფორტუნასთან” ჯემალ ბოლქვაძემ.

გოდერძიზე ორი სახის საბაგირო გონდოლაა. ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრია.საბაგიროს მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2366 მეტრია.

საბაგიროზე ასვლის ერთჯერადი ფასი 5 ლარია. ერთდღიანი აბონიმენტის შეძენა 20 ლარად შეგიძლიათ, ორ დღიანის 40 ლარად; სამ დღიანი – 56; 4 დღე – 75 ლარად; 5 დღე – 92 ლარად; 6 დღე – 106 ლარი; 7 დღე – 116; სეზონური აბონიმენტი 200; სტუდენტური კი 100 ლარი ღირს.

ბავშვების შემთხვევაში ეს ფასები ნახევრდება. ვეტერანებისა და პენსიონერებისთვის კი საბაგიროს ერთდღიანი აბონიმენიმენტი უფასოა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძზე’’ ორი მაღალი დონის სასტუმროს მშენებლობას უკვე ჩაეყარა საფუძველი. 100 ნომრიანი „ალიანს რეზორტი“ 3 120 კვ.მ ტერიტორიაზე შენდება და ერთდროულად 250-მდე დამსვენებლის მიღებას შეძლებს.

სასტუმროს ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი განახორციელებს. პროექტში 100 ადგილობრივი დასაქმდა. კომპლექსში საცურაო აუზი, ტენისის კორტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბარი, რესტორანი, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კაზინო,საკონფერენციო დარბაზი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი მოეწყობა.

კურორტ „გოდერძზე“ კიდევ ერთი 150 ნომრიანი სასტუმრო „ეიფორია სქაი თაუერის“ მშენებლობაა დაწყებული, რომლის ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი განახორციელებს. პროექტით 15 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და ჯამში 100 ადგილობრივი დასაქმდება. სასტუმროში რესტორანი,საკონფერენციო დარბაზი, გამაჯანსაღებელი ცენტრი, საცურაო აუზი და სხვა ობიექტები განთავსდება. ტერიტორიაზე 40 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.

საბოლოო გეგმის მიხედვით კურორტმა 7 ათასი დამსვენებლის ერთდროულად მიღება უნდა შეძლოს.

აჭარის მთავრობისა და საერთაშორისო კომპანიის ერთობლივი მუშაობის შედეგად, კურორტის განაშენიანების რეგულირების გეგმის ძირითად ნაწილზე მუშაობა უკვე დასრულებულია. კურორტის სამომავლო განვითარება სწორედ აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით განხორციელდება.

 

თამთა უთურგაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები