LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სარგებელს მიიღებს მოქალაქე დაგროვებითი პენსიით?

43

დაგროვებით საპენსიო ფონდში ჩარიცხული თანხა მთლიანად მოქალაქის საკუთრება იქნება და ანგარიშის გაკონტროლებას ნებისმიერ დროს შეძლებს, ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს საპენსიო რეფორმის ხელმძღვანელმა, ოთარ ძიძიკაშილმა, რადიო ფორტუნას, პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, პიროვნებას, ინტერნეტსერვისის საშუალებით, შესაძლებლობა ექნება, ყოველდღიური რეჟიმით შეამოწმოს თანხის რაოდენობა და დარიცხული სარგებელი.

”თუ დასაქმებული  რამდენიმე ადგილას მუშაობს, თანხა ჯამურად შეიკრიბება და ყველა შემოსავლიდან 2-2% დაერიცხება. მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში კი, შეგროვებული თანხის ასივე პროცენტი, მემკვიდრეობით გადაიცემა” – განაცხადა ოთარ ძიძიკაშვილმა.

რაც ეხება ბიზნესსექტორს, როგორც ეკონომიკის სამინისტროს საპენსიო რეფორმის ხელმძღვანელმა აღნიშნა, დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვის დროს, ბიზნესს შეღავათები არ დაუწესდება, ვინაიდან კომპანიების რეალური ხარჯი, დაახლოებით, 1% იქნება.

”აქ იგულისხმება ხელფასის და არა ოპერირების ხარჯების 2%. გარდა ამისა, საპენსიო ფონდში მოსახლეობის მხოლოდ ნაწილი გაწევრიანდება, ჩვენი ვარაუდით, ეს იქნება 40-45%. არამგონია ეს ისეთი წნეხი იყოს, რომ რაიმე დისკომფორტს უქმნიდეს ბიზნესს, თუმცა ყველა შემთხვევაში, გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. არანაირი შეღავათის საჭიროებას არ მოითხოვს, ვინაიდან, რეალურად, აქ ძალიან მცირე თანხაზეა  საუბარი. ” – განაცხადა ოთარ ძიძიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკისათვის  დაგროვებითი კომპონენტის გაჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს. როგორც ძიძიკაშვილმა აღნიშნა, დანაზოგის არქონა ეკონომიკურ ზრდაზე უკუეფექტს ახდენს, ამიტომ  დაგროვებითი საპენსიო სისტემა ეკონომიკის სტიმულირების კარგი საშუალებაა.

დასაქმებული, სურვილისამებრ, საპენსიო ფონდში გადარიცხავს ხელფასის 2%-ს, რომელსაც სახელმწიფოსგან და დამსაქმებლისგან კიდევ 2-2 პროცენტი დაემატება. მოქალაქე პენსიაზე გასვლის დროს, დაგროვილ თანხას სრულად მიიღებს. დასაქმებულს საშუალება ექნება, სისტემაში მონაწილეობაზე უარი თქვას, ხოლო დამსაქმებელს არჩევანის საშუალება არ ეძლევა და თუ დასაქმებული საკუთარი ნებით არ დატოვებს ფონდს,  დამსაქმებელი ვალდებული იქნება მას კუთვნილი 2% ჩაურიცხოს .

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები