LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაზე მიუთიებს ტკივილი და დისკოფორტი გულის არეში – ზაზა კაციტაძე გულის დაავადებების შესახებ

1754

გადაცემის ლაივი LIVE

საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული მითები გულთან დაკავშირებით და რეალური საფრთხე, რომელიც გულიდან მომდინარეობს. სიმართლეა თუ არა გავრცელებული მითები გულთან დაკავშირებით, რომელია დღეს ყველაზე გავრცელებული გულის პათოლოგიები, ვინ შედის რისკ ჯგუფში და რა გამოსავალი არსებობს ამ დროს – ამ და სხვა საინტრესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის კარდიოქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელმა ზაზა კაციტაძემ ისაუბრა.

ბატონო ზაზა, შესაძლოა თუ არა ფეხების შესიება, გულის აჩქარება, ჰაერის უკმარისობა,  გულის შეკუმშვის შეგრძნება და მსგავსი  სიმპტომები საერთოდ არ მიუთითებდეს გულის დაავადებებზე?

რა თქმა უნდა არ არის გამორიცხული, რომ ჩამოთვლილი სიმპტომები საერთოდ არ იყოს გულთან კავშირში. ფეხების შესიება შესაძლოა, ვენური უკმარისობის მიზეზით მოხდეს. გულის ცემის აჩქარება და გულის ცემის შეგრძნება შესაძლოა, ელექტროლიტური დისბალანსით იყოს გამოწვეული, მით უმეტეს ახლა გავრცელებული დიეტების ფონზე. სუნთქვის უკმარისობა, თავისუფლად შეიძლება იყოს დაკავშირებული თამბაქოს მოხმარებასთან, ფილტვის დაავადებებთან ან საყლაპავის თიაქართან. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ყველა ეს სიმპტომი სწორედ  გულთან იყოს დაკავშირებული.   ნებისმიერი ჩივილის დროს აუცილებელია ჩატარდეს დიფერენცირებული დიაგნოსტიკა. ვთქვათ, თუ პაციენტი მივიდა ექიმთან, გაესინჯა კარდიოლოგს და აღმოჩნდა, რომ ეს გული არ არის, ეს არ უნდა იყოს თვითდამშვიდების საფუძველი, რადგან ყოველთვის უნდა მოინახოს მიზეზი.

მართალია თუ არა, რომ ტკივილი მარცხენა ხელის არეში და ძლიერი ტკივილი კუჭის არეში, შესაძლოა გულის შეტევაზე მიანიშნებდეს?

თუ პაციენტი არის რისკის ჯგუფში, მაგალითად შაქრიანი დიაბეტით, ჰიპერტონული დაავადებებით, შეიძლება ეს ყველაფერი გულთან იყოს კავშირში. სწორედ ამიტომ არის საჭირო კომპლექსური გამოკვლევის ჩატარება.

რაც შეეხება, ხელის და მუცლის ტკივილს, რა თქმა უნდა ასეთ დროს ერთ-ერთი რასაც ფიქრობ ადამიანი, არის გული. განსაკუთრებით ახალგაზრდებში, როდესაც მიდის უკანა კედლის იშემია, იქ შეიძლება იყოს კუჭის არეში ტკივილი გამოხატული, მაგრამ ხანდახან არც ეს არის გული, იმიტომ რომ,  მაგალითად ხელის ტკივილი ახასიათებს ძალიან ხშირად ოსტეოქონდროზს კისრის არეში. მუცლის არეში ტკივილი შესაძლოა, გასტრიტის ან საყლაპავის თიაქარის მიზეზით იყოს გამოწვეული. მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანს როგორც კი ეტყვიან, რომ ეს გული არ არის, არ უნდა დამშვიდდეს და გააგრძელოს სიმპტომების მიზეზის ძიება.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ ექიმთან სიარული, იგივე პროფილაქტიკური მედიცინა, რომელიც ძალიან ბევრ გართულებას აგვაშორებს თავიდან.

ნერვული სისტემის პათოლოგიები და პრობლემები, მაგალითად თავბრუსხვევა, სისუსტე, წნევის ცვალებადობა, ძლიერი შიშები – ხშირად როდესაც მსგავსი სიმპტომები გვაწუხებს, გარშემომყოფები ამ ყველაფერს ნერვულ აშლილობას უკავშირებენ , რეალურად კი მსგავსი სიმპტომები შესაძლოა გულთან იყოს კავშირში. როგორ შეიძლება  გავარჩიოთ ეს პრობლემები ერთმანეთისგან ?

როდესაც მდგომარეობა არის ძალიან რთული, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, სასწრაფო უნდა გამოვიძახოთ. თავბრუსხვევები და თავის ტკივილი შესაძლოა რიტმის დარღვევასთან ან მაღალ არტერიულ წნევასთან იყოს დაკავშირებული. დიაგნოზს სვამს პროფესიონალი და არა მეზობელი, რომლის აზრითაც თქვენ ნევროზი გჭირთ, ამიტომ არის აუცილებელი მიმართოთ ექიმს.

თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, შესაძლოა განპირობებული იყოს აორტის სარქვლის სტენოზით ან რითმის დარღვევით. ამიტომაც აუცილებელია კომპლექსური გამოკვლევის ჩატარება. მე მყოლია პაციენტი, როდესაც თავბრუსხვევა გამოწვეული ყოფილა ნევროლოგიური დარღვევებით, მაგრამ თანდართული იყო გულის პათოლოგიაც, ანუ ერთი მეორეს არ გამორიცხავს.

რაც შეეხება განსხვავებას, ეს გულია თუ არ არის გული, იმ პერიოდში, როგორც კი აღმოცენდება სიმპტომები, უმჯობესია მიმართოთ ექიმს. თუ არ არის კრიტიკული სიტუაცია მაშინ ჯობია  დავგეგმოთ ექიმთან ვიზიტი. გამოკვლევა იწყება მარტივად ელექტრო–კარდიოგრაფიული კვლევით და შეიძლება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია გახდეს საჭირო, ასევე კარდიოსკოპიული ეხოსკოპია და ა.შ.

 რა როლს თამაშობს გულის დაავადებებში გენეტიკური ფაქტორი და ცხოვრების წესი?

რა თქმა უნდა გენეტიკური ფაქტორი ერთ-ერთი გადამწყეტია. ყველაზე ხშირი დაავადება  არის კორონარული პათოლოგია, იგივე ინფარქტი, სტენოკარდია, როდესაც პაციენტს ვამზადებთ ჩარევისთვის და სტენდირებისთვის. არსებობს სტატისტიკა, რას უკავია პირველი ადგილი ამ დაავადებების გამომწვევ რისკებში, რომლის მიხედვითაც გენეტიკური ფაქტორი მხოლოდ მეოთხე ან მეხუთეა. დანარჩენი არის ცხოვრების წესი, როდესაც ადამიანს აქვს ჭარბი წონა, იღებს ქოლესტერინით მდიდარ საკვებს, არ მიდის ექიმთან, არ არეგულირებს მაღალ არტერიულ წნევას, არ იღებს მედიკამენტებს. ზოგადად ქართული სენია, რომ თუ წამალი დალიე, ესე იგი მთელი ცხოვრების მანძილზე უძლური იქნები.

გენეტიკური წინასწარ განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, იმიტომ, რომ გენეტიკური ფაქტორი არის ჩვენი ორგანიზმის ჯაჭვი, ცხოვრების წესით კი ამ ჯაჭვს ვქაჩავთ. რაც უფრო ცუდი ცხოვრების წესი გვაქვს, მით უფრო მეტად ვქაჩავთ და წყდება იქ, სადაც სუსტი რგოლია. თუ ისე ვიცხოვრებთ, რომ ხისტად და უხეშად არ დავქაჩავთ მას, შესაძლოა, გენეტიკური ფაქტორი არც გამომჟღავნდეს და არანაირი დაზიანება არ დაფიქსირდეს.

ძალიან ხშირად გვყოლია  პაციენტი, როდესაც მშობლებს არაფერი არ სჭირთ, მაგრამ შვილს ახალგაზრდა ასაკში საკმაოდ ცუდი ფორმის ინფარქტი და კორონარული პათოლოგია  დაუფიქსირდა, საჭირო გახდა ოპერაცია.  აღმოჩნდა, რომ შვილი სვამს, სიგარეტს ეწევა, არ მისდევს ცხოვრების ნორმალურ წესს. მამა კი სვამს ზომიერად, არ ეწევა, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, იღებს მედიკამენტებს. შესაბამისად, მას არ გამოუმჟღავნდა, შვილს კი გამოუმჟღავნდა.

ყოფით ცხოვრებაში ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ და მოულოდნელად აღმოაჩნდებათ სერიოზული პრობლემა, მათ შორის გულზე, მეორე მხრივ კი ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც ძალიან ბევრს ეწვიან, მაგრამ ფანტასტიკურად ცხოვრობენ დიდხანს და ბედნიერად. ხომ არ არის თამბაქოს მავნებლობის შესახებ აგიტაცია ზედმეტად უტრირებული ექიმების მხრიდან?

სტატისტიკურად ითვლება, რომ მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ, 5-6 წელი ადამიანი მაინც ითვლება მწეველად. ფილტვებს და გულ-სისხლძარღვთა სისტემას ყველაზე მეტად „ურტყამს” თამბაქოს მოხმარება.  გვყოლია პაციენტები, ვისაც ცხოვრებაში არ მოუწევია, არსებობენ ადამიანები, ვინც ეწევა და არაფერი არ სჭირთ, მაგრამ ეს გენეტიკური ფაქტორით არის განპირობებული. პირდაპირ გეტყვით, რომ მოწევა ძალიან ცუდად მოქმედებს სისხლძარღვებზე.

 რომელია დღეს ყველაზე გავრცელებული გულის პათოლოგიები, ვინ შედის რისკ ჯგუფში და რა გამოსავალი არსებობს ამ დროს?

ყველაზე გავრცელებული დაავადება როგორც ჩვენთან, ასევე მთელს მსოფლიოში არის კორონარული არტერიების დაავადება,  რომელიც განპირობებულია არასწორი ცხოვრების წესით. პირველი რისკ ფაქტორებია, შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, თამბაქოსა და სასმელის ჭარბი მოხმარება. საქართველოს თუ გადავხედავთ, სტატისტიკურად გავრცელებულია სარქვლოვანი პათოლოგიები, რომლებიც განპირობებულია როგორც რევმატული დაავადებებით, ასევე ასაკობრივი ცვლილებებით, რომლებიც აორტის სარქვლის სტენოზით გამოიხატება.

ბოლო პერიოდში ჩვენთან განსაკუთრებით გაახალგაზრდავებულია აორტის ანევრიზმები და აღმავალი აორტის დისექციები. უახლოეს პერიოდში 29, 39, 38 წლის ადამიანებში  მოგვიწია ოპერაციის გაკეთება,  რაც ძალიან ახალგაზრდა ასაკია. ეს არის ყველაზე საშინელი დიაგნოზი, რომელსაც ყველაზე მაღალ პროცენტში  ახასიათებს გართულებები. დაავადება კი განპირობებულია იმით, რომ ადამიანი არ სვამს წამლებს, დადის ექიმთან, მაგრამ არ იღებს მედიკამენტებს, როდესაც ვეკითხებით რატომ არ სვამს წამალს? პასუხია მივეჩვიე. შემდეგ კი პაციენტი მოყავთ უკვე გამსკდარი აორტით  და ეს ძალიან მაღალი რისკის ოპერაციაა. თუ გულის გადანერგვის ოპერაციის გართულებების რისკი 6 % – ია, ამ ოპერაციის – 20 %.

ამოსავალი წერტილი და უმთავრესი არის ის, რომ ადამიანმა მიიღოს მედიკამენტი, მიხედოს თავის თავს და თუ ამას გააკეთებს, არ დავჭირდებით არც კარდიოქირურგები და არც სხვა დარგის სპეციალისტები. ჭარბი წნევა იწვევს ინსულტებს, ნორმაა 120, მაგრამ არსებობს გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც, თუ ადამიანი მუდმივად 130 წნევას ატარებს, რისკი იმისა, რომ  ინსულტი დაემართოს 10%-ით მაღალია. ეს იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც 110-120-ს ატარებს.

ბოლო პერიოდში, საქართველოში საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგროვდა გულის ქირურგიაში, ჩვენი რეგიონი ბევრ ქვეყანასთან შედარებით საქართველო ბევრად წინ არის. მათ შორის რუსეთზე წინ, რაღაც პერიოდი სომხეთი იყო უფრო წარმატებული, მაგრამ ამ დროისთვის ჩვენ ბევრად წინ ვართ.

როდესაც ვაკეთებთ ოპერაციას, პაციენტს ვუხსნით, რომ ჩვენ ვშველით შედეგს, მიზეზს შველის მხოლოდ და მხოლოდ მედიკამენტები და ცხოვრების წესის შეცვლა.

როდესაც 3-4 წლის შემდეგ პაციენტი გიბრუნდება და კატასტროფულ მდგომარეობაშია, იწყებ მიზეზების ძიებას, ირკვევა, რომ ეს პაციენტი მას შემდეგ ექიმთან არ ყოფილა და მედიკამენტები არ დაულევია. ხშირად ქართველი პაციენტი ამბობს, რომ ოპერაცია გაიკეთა იმისთვის, რომ არ სვას წამლები. ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში მცირედით, უკეთესობისკენ ძვრები შეინიშნება.

ბატონო ზაზა, რას გულისხმობს ისეთი გავრცელებული ტერმინი, როგორიცაა  „გულის უკმარისობა“?

გულის უკმარისობაა, როდესაც გულის კუნთს აღარ შესწევს ძალა, გადატუმბოს იმ რაოდენობის სისხლი, რაც საჭიროა ორგანიზმის ცხოველმყოფელობისთვის. ძალიან ხშირად გულის უკმარისობაში აღნიშნავენ, რომ სუნთქვა უჭირთ ან ფეხები შეუშუპდათ. 80%-ში ეს გულის პრობლემებით არის გამოწვეული, მაგრამ შესაძლოა, სულაც არ იყოს გულის ბრალი.

გულის უკმარისობის რამდენიმე გამომწვევი მიზეზი არსებობს. ერთია გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტები, რომელიც გულის ისეთ დაზიანებას იწვევს, რომ აღარ შესწევს მას სისხლის გადატუმბვის ძალა. მეორე ეს არის სხვადასხვა დაავადებებისგან განპირობებული, როგორც წესი არის შექცევადი, იგივე სეფსისი, იგივე სხვა დაავადებები, რომლის დროსაც ინფექცია ვარდება და გულის უკმარისობა ვითარდება.  როგორც კი აღმოიფხვრება პრობლემა, გულის უკმარისობაც ქრება. არსებობს სარქვლოვანი პათოლოგიის შემდგომი გულის უკმარისობები, რომელიც შეიძლება იყოს განპირობებული რევმატიზმით. ასევე შეიძლება აღმოცენდეს უეცრად, ტრამვის შემდეგ, ზურგზე დაცემის ან ზურგში ჩარტყმის შედეგად.

არსებობს გენეტიკური გულის უკმარისობა, როგორიც არის დერატაციული კარდიომიოპათიები, ჰიპერტროფირებული კარდიომიოპათიები, რომლებიც არსებობს და ადამიანი უკვე გულის გადანერგვის კანდიდატია. ეს ყველაფერი, გამოკვლევის, მკურნალობის და განსჯის საგანია.

ჩხვლეტის შეგრძნება გულის არეში, რამ შეიძლება ეს შეგრძნება გამოიწვიოს?

ჩხვლეტის მიზეზი ხშირ შემთხვევაში გულია, მაგრამ შეიძლება იყოს კისრის მალების ოსტეოქონდროზით განპირობებული. ასევე შეიძლება იყოს განპირობებული ლოკალური გაციებით ან ნეკნთაშუა ნევრალგიით. ნებისმიერი ამ ჩივილის შემთხვევაში, როდესაც პაციენტი ჩვენთან მოდის, ვუკეთებთ გამოკვლევას და ვნახულობთ, რამდენად გადის რისკის ჯგუფში. თუ წნევა და ქოლესტერინი არ აქვს მაღალი,  კუმშვადობის მოშლა არ არის,  განდევნის ფრაქცია არ არის დავარდნილი,  ვუკეთებთ დატვირთვის ტესტს და შედეგმა თუ არ გვანახა ცვლილება, კეთდება დასკვნა, რომ გული არ არის ჩხვლეტის შეგრძნების მიზეზი და ვუშვებთ სხვა სპეციალისთან. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მიუმართია სხვადასხვა სპეციალისტისთვის, მათ გამორიცხეს თავიანთი პროფილი, მოხვდა ჩვენთან პაციენტი და აღმოჩნდა, რომ ეს გულია.

თითოეული ამ სიმპტომის აღმოცენებისას, უნდა მოხდეს პაციენტის რეაგირება, პირველი ეტაპი არის ოჯახის ექიმი,   შემდეგ ხდება იმის დადგენა რომელი მიმართულებით წავიდნენ.

რომელია ის ძირითადი კვლევები, რომლებიც  ყველაზე გავრცელებული პათოლოგიების ამოსაცნობად გვჭირდება, რა დროს არის მათი ჩატარება აუცილებელი და საჭიროა თუარა პროფილაქტიკის მიზნით ეს გამოკვლევები?

თუ ჩივილები არ არის გარკვეულ ასაკამდე, გამოკვლევების ჩატარება აუცილებელი არ არის. მაგალითად 40 წლამდე ქალბატონებში, თუ ის არ არის ძალიან აქტიური მწეველი და არ აქვს დიაბეტი,  გამოკვლევის ჩატარება არ არის საჭირო.

გარკვეულ ასაკს რომ გადავცილდებით, ქალბატონებში 45-50 წლის შემდეგ,  მამაკაცებში, 40-45 წლის შემდეგ, უნდა ჩავიტაროთ გარკვეული კვლევები, კარდიოგრამა, ექოსკოპია და ქოლესტერინის კონტროლი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ.

არ არის აუცილებელი გავიქცეთ და კორონოგრაფია გავიკეთოთ, ეს არის კვლევა რომელიც 100 % გვიჩვენებს კორონარული ანატომიების დაზიანებას. ნებისმიერ ჩარევას აქვს თავისი გართულება, ჩვენ როდესაც პაციენტს ვთავაზობთ გარკვეულ კვლევას, უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ის კვლევა გაცილებით ნაკლებ ზიანს მიაყენებს მას, ვიდრე არ გამოკვლევის დროს აღმოცენებული დაავადება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g