LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეორგანიზაცია თუ პირადი გადაწყვეტილება – საჯარო სამსახურიდან 382 პირი გაათავისუფლეს

2012 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველი ნოემბრის ჩათვლით საჯარო სამსახურებიდან 382 პირი გაათავისუფლეს. ინფორმაციას “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ასაჯაროებს. საჯარო სამსახურებიდან გაშვებულ თანამშრომლებს შორის ყველაზე ბევრი მომჩივანი შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰყავს.

თიკო ნატროშვილი ერთ-ერთია მათგან, ვისაც საჯარო სამსახური დაატოვებინეს. ის სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრში, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტად 2014-2017 წლებში მუშაობდა, 2014 წლამდე კი ამავე ცენტრში სხვა მიმართულებით ეკავა პოსტი.

თიკო „ფორტუნასთან“ ყვება, რომ მისი 7-წლიანი კარიერა სამსახურებრივ რეორგანიზაციას შეეწირა.

 

„სამსახურის დატოვება იმ პერიოდში მომიწია, როცა ერთგვარი „ქამრების შემოჭერა“ მოხდა. ჩვენს განყოფილებაში მანამდე 7 წელი ვმუშაობდი. ამ სამსახურში 2011 წელს ჩავერთე პროექტებში, რომელსაც სპორტის სამინისტრო UNICEF-თან ერთად ახორციელებდა. ბოლო სამი წელი კონკურსის შედეგად მოვხვდი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, ჩემი სპეციალობაც ზუსტად ამ საქმიანობას უკავშირდება და, როდესაც ამ სამსახურში ადგილი გათავისუფლა, ამ  პოსტზე მოვხვდი. სამსახურიდან დათხოვა დამისაბუთეს ასე, რომ იდეაში, ეს იყო რეორგანიზაციის შედეგი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩემთან მიმართებაში ძალიან უსამართლოდ განხორციელდა ეს რეორგანიზაცია იმიტომ, რომ თუ ასეთი შეფარდება იყო და თუ თანამშრომლის გაშვების არჩევა იყო, მათში ყველაზე მეტი გამოცდილება, პრაქტიკა და იქ მუშაობის სტაჟი მე მქონდა. ასე რომ, არასამართლიანი შეფარდება მოხდა,“ამბობს თიკო ნატროშვილი.

 

ნატროშვილის თქმით, ყოფილმა დამსაქმებელმა მას დაუსაბუთა, რომ რეორგანიზაციის შედეგად გაათავისუფლეს, სწორედ ამ რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა მისი შტატიც, თუმცა, როგორც თავად განმარტავს, ჯერ კიდევ გასარკვევია, შტატი მართლა  გაუქმებულია თუ არა.

 

„ფიზიკურად ჩემი შტატი აღარ არსებობს, მაგრამ ფუნქციები ჩვეულებრივ დარჩენილია, რაც სრულიად გაუქმებას არ გულისხმობს. სამსახურიდან დათხოვის შემდეგ, შემომთავაზეს ერთთვიანი ხელშეკრულება, როდესაც ვიკითხე, რა ფუნქცია მექნებოდა ახალი ხელშეკრულებით გათვალისწინებული, პასუხი არ ჰქონდათ. თავი ვიგრძენი ძალიან დამცირებულად. ამ ერთთვიანი ხელშეკრულების შემდეგ რა მოხდებოდა, ცხადია, არავინ იცოდა და გარანტიებსაც არავინ იძლეოდა. შტატიდან ამომაგდეს, ჩამსვეს ხელშეკრულებით და შემდეგ ამ ერთთვიან ხელშეკრულებაზე მე თვითონ ვთქვი უარი. ჩემი პირადი გამოსახედიდან მგონია, რომ ერთი თვის შემდეგ ეს საქმე არც გაგრძელდებოდა,“ამბობს ნატროშვილი.

 

 

თიკო ნატროშვილს კიდევ ორ ძველ თანამშრომელთან ერთად საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეტანილი აქვს, თუმცა, მისი ინფორმაციით,  ჯერ სარჩელის განხილვა არ დაწყებულა. როგორც ნატროშვილს უთხრეს, ეს ასე ზუსტად იმის გამო მოხდა, რომ  ძალიან ბევრი მსგავსი სარჩელია განხილვაში.  რაც შეეხება კომპენსაციას, ნატროშვილმა ერთი თვის დამატებითი ხელფასი აიღო მას შემდეგ, რაც, მისივე თქმით, შტატიდან გაუშვეს.

 

 

სამინისტროების გარდა სასამართლოებში სარჩელები შეჰქონდათ თვითმმართველი ქალაქების მუნიციპალიტეტიდან დათხოვნილ მოქალაქეებსაც. მთლიანობაში, „საიას“კვლევის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკომპენსაციოდ გადახდილმა თანხამ 650 ათას ლარს გადააჭარბა.

 

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ კვლევის საფუძველზე რეკომენდაციებს წარმოადგენს.

  • საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ საჯარო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება;
  • საჯარო დაწესებულებებმა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების თანახმად უზრუნველყონ უკანონოდ გათავისუფლებული ყველა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენა იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე;
  • სასამართლოს მიერ საქმის დამატებითი განხილვისა და ახალი აქტის დავალებისას საჯარო დაწესებულებამ სათანადოდ გამოიკვლიოს საქმის დაბრუნების მიზეზები და ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში შეცვალოს თავდაპირველი გადაწყვეტილება საჯარო მოსამსახურის სასარგებლოდ;
  • საჯარო დაწესებულებებმა შეცვალონ სასამართლო გადაწყვეტილების სამივე ინსტანციაში გასაჩივრების პოლიტიკა და თავი შეიკავონ სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრებისგან, თუ გადაწყვეტილება სათანადოდ დასაბუთებულია, რათა შეამცირონ საქმის განხილვის პერიოდი და საჯარო მოსამსახურისთვის განაცდურის სახით გადასახდელი თანხა, – აცხადებენ საია-ში.

 

კვლევის თანახმად, საჯარო მოსამსახურეების მიერ სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქების წინააღმდეგ 368 სარჩელი საჯარო მოხელეებმა წარადგინეს, ხოლო 14 – შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულმა პირებმა.

153 საქმეზე წარმოება დასრულდა და სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა, ხოლო 166 საქმის განხილვა სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში კვლავ მიმდინარეობს.

თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები