LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველის გამზირზე შესაძლოა, „ლაღიძის წყლები“ და ცნობილი სახაჭაპურე სრულად აღდგეს

154

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დედაქალაქის მერ კახა კალაძეს სთხოვა, ბიზნესის უფლებების სრული დაცვით, ლაღიძის წყლები და სახაჭაპურე რუსთაველის გამზირს ისევ დაუბრუნდეს. პრემიერ-მინისტრმა ამ თემაზე „გალერია თბილისის“ გახსნაზე ისაუბრა და კახა კალაძეს მიმართა.

„ვისურვებდი, რომ ლაღიძის წყლები და სახაჭაპურე, რომელიც დაკარგა რუსთაველის გამზირმა, მოვახერხოთ და ბიზნესის უფლებების სრული დაცვით, გამოვისყიდოთ და განვაახლოთ. ეს არის ბევრი თბილისელის სურვილი. ეს მნიშვნელოვანი იქნება ტურისტებისა და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ახსოვს და განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებს ლაღიძის წყლებთან“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვას გამოეხმაურა თბილისის მერი კახი კალაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს „ლაღიძის წყლებისა“ და ცნობილი სახაჭაპურის აღსადგენად.

„მე ასევე ვიღებ ბატონი პრემიერის თხოვნას ლაღიძის წყლებთან დაკავშირებით. მართლაც, ჩვენ უნდა შევძლოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ღირსშესანიშნაობა დავუბრუნოთ ჩვენს დედაქალაქს, ჩვენს თბილისს და ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. აქვე მინდა განვაცხადო, როგორც დედაქალაქის მერმა, რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ჩვენს დედაქალაქში. ასეთი შენობა-ნაგებობებით თბილისი მალე გახდება სიცოცხლით სავსე ქალაქი და ჩვენი მხრიდან, დედაქალაქის მერიის მხრიდან, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან იქნება მაქსიმალური თანადგომა, რომ ხელი შევუწყოთ ასეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პოპულალურები