LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბოლოო ამოცანა უნდა იყოს, რომ მომხმარებლები ციხეში აღარ ისხდნენ – უმრავლესობა ნარკოპოლიტიკაზე მსჯელობს

87

ნარკოგასაღებასთან მიმართებაში პოლიტიკა გამკაცრდება, ხოლო ნარკომომხმარებლებთან დაკავშრებით მოხდება ჰუმანიზაცია, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება ოდენობებს, დოზებს, აკაკი ზოიძის თქმით, ამასთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა. მისივე თქმით, თუ შეჯერება ვერ მოხერხდება, არას თქმა ყოველთვის შესაძლებელია.

„როგორც იტყვიან, ჯიბეში გვიდევს არა,“ – ამბობს აკაკი ზოიძე.

მისი თქმით, საბოლოო ამოცანა უნდა იყოს ის, რომ მომხმარებლები ციხეში აღარ ისხდნენ.

“საუბარი იქნება ვადებთან დაკავშირებით და ასევე იმაზე, თუ რა ფორმით მოხდება გარდამავალ ეტაპზე ამის გაკეთება.

რაც შეეხება გარდამავალ ეტაპს, ჩვენ ყველა ოპონენტი უნდა დავარწმუნოთ, რომ ასეთი ცვლილების შედეგად არ მოხდება არანაირად ნარკოტიკების მომხმარებლების რაოდენობის მატება, მათი წახალისება თუ ახალი მომხმარებლების გაჩენა,“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

დეპუტატი კახა ოქრიაშვილი კი აცხადებს, რომ ნარკოდამოკიდებული პირი სახელმწიფო სტრუქტურებში ვერ უნდა საქმდებოდეს, ხოლო კერძო სტრუქტურების ხელმძღვანელებს უნდა ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციაზე, არის თუ არა სამუშაოს მაძიებელი პირი ნარკოდამოკიდებული.

“ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საბოლოო ხედვები ჩამოყალიბებული არ მაქვს, თუმცა რამდენიმე პუნქტი უკვე მაქვს – წვდომა არალეგალურ ნარკოტიკთან უნდა იყოს ნულოვანი, სრული ლეგალიზაცია უნდა მოვახდინოთ ნარკომანიის, არა ნარკოტიკების, არამედ ნარკომანიის. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ნარკომანი უნდა იყოს აღრიცხვაზე და უფასოდ უნდა მიიღოს ის პრეპარატი, რაზეც არის დამოკიდებული. უნდა იყოს მრავალი შემაკავებელი ფაქტორი ნარკოტიკის პოპულარიზაციის და მათ შორის დასაქმების კუთხით, ნარკოდამოკიდებული ვერ უნდა საქმდებოდეს სახელმწიფო სტუქტურებში, ხოლო კერძო სტრუქტურების ხელმძღვანელებს უნდა ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციაზე, არის თუ არა სამუშაოს მაძიებელი პირი ნარკოდამოკიდებული. ასევე, უნდა იყოს მუდმივი საინფორმაციო ბრძოლა ნარკომანიის წინააღმდეგ. ეს ოთხი პუნქტი მაქვს ჩამოყალიბებული და მერე ვნახოთ რა იქნება,” – განაცხადა ოქრიაშვილმა.

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ესწრება.