LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო სკოლები ბათუმში თურქეთის კონსულის ბრალდებებს პასუხობენ

134

საერთაშორისო სკოლები ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებენ. განცხადების მიხედვით, ისინი გმობენ ნებისმიერი ტიპის იმიჯისა და რეპუტაციის შემლახველ განცხადებებსა და ბრალდებებს. მათთვის მიუღებელია სკოლის მოსწავლეების, პედაგოგებისა და მენეჯმენტის მოხსენიება ნებისმიერ პოლიტიკურ ჭრილში. განსაკუთრებით კი მათი ერთ-ერთი სკოლის ხსენება ისეთ კონტექსტში, როგორიცაა ტერორიზმი.

საერთაშორისო სკოლების განცხადებას ”ფორტუნა” უცვლელად გთავაზობთ:

”გასულ კვირას ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოში მოქმედი სკოლები: რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, თბილისის ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა, თბილისი სსკოლა-ლიცეუმი ,,სხივი” და ბათუმის რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი „მეგობრობა“ ერთობლივად ვაცხადებთ, რომ ვგმობთ ნებისმიერი ტიპის იმიჯისა და რეპუტაციის შემლახველ განცხადებებსა და ბრალდებებს. ჩამოთვლილი სკოლებისთვის მიუღებელია სკოლის მოსწავლეების, პედაგოგებისა და მენეჯმენტის მოხსენიება ნებისმიერ პოლიტიკურ ჭრილში. განსაკუთრებით კი ჩვენი ერთ-ერთი სკოლის ხსენება ისეთ კონტექსტში როგორიცაა ტერორიზმი.

როგორც ცნობილია, გასული საუკუნის ბოლოს ორი ქვეყნის უერთიერთშეთანხმების საფუძველზე თურქული მხარის ინიციატივით თბილისში დაფუძნდა პირველი საერთაშორისო ტიპის სკოლა, რომლის უმთავრეს მიზანსაც წარმოადგენდა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცება, განათლებისა და კულტურის გაზიარება. 20 წლის განმავლობაში ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში გაიზარდნენ ღირსეული ქართველები, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ მსოფლიო ასპარეზზე. ამ წლების განმავლობაში ჩვენმა კურსდამთავრებულებმა დიდი როლი შეასრულეს ქვეყნის აღმშენებლობაში და დემოკრატიული ფასეულობების დაცვაში. ცნობისთვის, ჩვენს სასწავლო დაწესებულებებში სწავლება მიმდინარეობს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის მიხედვით და სკოლების ფუნქციონირება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

გენერალური კონსულის მიერ გაკეთებულმა არაეთიკურმა გამონათქვამმა, რომელიც სკოლა-ლიცეუმ „მეგობრობის“ მისამართით გაჟღერდა, შეურაცხყოფა მიაყენა მთელს გუნდს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებსა და კურსდამთავრებულებს. მსგავსი ტიპის დისკრიმინაციული ბრალდებები შეურაცხმყოფელია სკოლისთვის და მისი პარტნიორებისთვის და იმ რეგიონისთვის სადაც სკოლა ფუნქციონირებს.

ჩვენი მოთხოვნაა დაცული იქნას თითოეული მოსწავლისა და მასწავლებლის კანონიერი უფლება და აღიკვეთოს დისკრიმინაციული ბრალდებები თურქეთის საკონსულოს მხრიდან. მოხდეს გაკეთებულ განცხადებაზე შესაბამისი რეაგირება. ჩვენ ჩვენის მხრივ ცალსახად ვემიჯნებით ნებისმიერ პოლიტიკურ აქტივობას და ვგმობთ მცდელობას გარე პოლიტიკურმა ძალებმა გამოიყენონ ჩვენი სკოლები, როგორც იარაღი პოლიტიკურ ბრძოლაში, რადგან სასწავლო ინსტიტუტები გახლვათ აპოლიტიკური ორგანო, სადაც მთავარი ღირებულება განათლებული, თავისფლად მოზაროვნე და ჯანსაღი თაობის აღზრდაა.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს იურიდიულ უფლებას შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ გაჟღერებულ ცილისწამებაზე”, – ნათქვამია საერთაშორისო სკოლების განცხადებაში.

16 ივლისს, თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემისქანმა თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობაზე კომენტარი გააკეთა. მანვე ისაუბრა ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმზე.

„ეს ხალხი იმაგრებს საკუთარ პოზიციებს სკოლების მეშვეობით, ანუ ზრდიან თაობებს, რომლებიც არა სახელმწიფოს, არამედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან. სამწუხაროდ, აჭარაში არის მსგავსი სკოლები. ერთ-ერთია რეფაიდინ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი. მე მოვუწოდებ აჭარის მოსახლეობას, ქართველ ხალხს, ნუ გაუშვებთ შვილებს ამ სკოლაში, ნუ ასწავლით, იმიტომ რომ ეს არის ტერორისტული დაჯგუფება და აქ ტერორისტულ მიზნებს ემსახურებიან. უახლოეს პერიოდში მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, რათა ამ ორგანიზაციების სკოლები დაიხუროს“, – განაცხადა კონსულმა, რომლის კომენტარის ქართულ თარგამანს TV25 ავრცელებს.

პოპულალურები