LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე ევროპულ დიალოგს უმასპინძლებს

79

4-6 ივნისს თბილისში EuroDIG 2018 – „ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე“ გაიმართება.

ფორუმის მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ღონისძიება სასტუმრო „რუმსში” ჩატარდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 400-ზე მეტი სტუმარი ევროპის ქვეყნებიდან და ევროსტრუქტურებიდან, მათ შორის ევროკომისარი ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების საკითხებში მარია გაბრიელი, ევროპის პარლამენტის წევრი (პოლონეთის რესპუბლიკის გაციფროვნების ყოფილი მინისტრი) მიხალ ბონი, ევროპის სატელეკომუნიკაციო ქსელების ოპერატორთა ასოციაციის (ETNO) გენერალური დირექტორი ლის ფური, ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ვიცე პრეზიდენტი რაულ ეჩებერია და სხვა მაღალი დონის წარმომადგენლები.

ამ მასშტაბის და მნიშვნელობის ინტერნეტ ფორუმის თბილისში ჩატარება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ საქართველოში ინტერნეტ მმართველობა სწორი მიმართულებით, ინტენსიურად ვითარდება, ინტერნეტი კი ღია და დაცულია. კერძოდ, საქართველოში ბოლო პერიოდში ინტერნეტ მმართველობის რამდენიმე წარმატებული ფორუმის (GeoIGF) ჩატარების შემდეგ, რომლებმაც დადებითი საერთაშორისო გამოხმაურება და შეფასება მიიღო, ევროპული დიალოგის ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე საორგანიზაციო კომიტეტმა რიგით მე-11 EuroDIG 2018-ის თბილისში ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ რანგის და მნიშვნელობის ინტერნეტ ფორუმი საქართველოში პირველად ტარდება. ამასთან, EuroDIG 2018-ის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ინტერნეტ საზოგადოებისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფორუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში, ხოლო მეორე შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში ტარდება,“ – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

მათივე ცნობით, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები როგორც სამთავრობო, ისე კერძო, აკადემიური და არასამთავრობო სექტორებიდან. ამასთან, ფორუმების მუშაობაში აქტიურად არიან ჩართულები საერთაშორისო ორგანიზაციები და ახალგაზრდები. ისინი ერთობლივად განიხილავენ ინტერნეტის განვითარების აქტუალურ საკითხებს და იმსჯელებენ ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე. ფორუმის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, დაამყარონ ახალი კონტაქტები და შეიძინონ ახალი გამოცდილება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ძირითად ღონისძიებას წინ უძღვის ახალგაზრდა თაობის დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე (YOUthDIG), რომელიც 2-4 ივნისს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ჩატარდება. ღონისძიებაზე ახალგაზრდები დისკუსიებს გამართვენ ინტერნეტ მმართველობის ძირითად საკითხებზე და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში დაფუძნებულ ქართულ სტარტაპებს გაიცნობენ.

ცნობისთვის, ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე – EuroDIG პლატფორმა რამდენიმე ორგანიზაციის, სამთავრობო წარმომადგენლებისა და ექსპერტების მიერ 2008 წელს შეიქმნა. EuroDIG-ის წლიური მუშაობის დასკვნით ფაზას EuroDIG-ის „გზავნილები“ და წინადადებები წარმოადგენს, რომლებიც გაეროს „ინტერნეტ მმართველობის ფორუმს“ (IGF) წარედგინება. EuroDIG ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება და ევროპის ფარგლებში ყველაზე მასშტაბურ, ღია და მრავალმხრივ პლატფორმას წარმოადგენს მოსაზრებებისა და საუკეთესო გამოცდილების გასაცვლელად – თუ როგორ უნდა იმართებოდეს ინტერნეტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები