LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს არასრულყოფილი რუკის გავრცელება, შესაძლოა კანონით აიკრძალოს – ინიციატივა და მისი ავტორის “ხულიგნობა”

99

სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანა იგეგმება, რომლის მიხედვითაც საქართველოს იმდაგვარი რუკის დამზადება და გავრცელება, რომლითაც დარღვეული იქნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, დაისჯება.

ცვლილების ავტორები ირაკლი სესიაშვილი და ოთარ ჩრდილელი არიან.

როგორც „ფორტუნას“ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, საქართველოს არასრულყოფილი რუკების დამზადება რუსული პროპაგანდაა, რომელმაც ფეხი ვერ უნდა მოიკიდოს.

“პირველად ხულიგნობა ჩავიდინე ამ თემასთან დაკავშირებით, ერთერთ სუვენირების მაღაზიაში, საქართველოს რუკაზე  აფხაზეთი და სამაჩაბლო არ იყო სათანადოდ წარმოდგენილი. მივედი და ჩამოვფხიწე…

მას შემდეგ ეს საკითხი მაწუხებდა და შემდეგ ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე დავფიქრდი, არა როგორც ერთ კონკრეტულ ამბავზე, არამედ როგორც რუსული პროპაგანდის მოსალოდნელ სისტემურ თავდასხმაზე…

ეს არის რუსული პროპაგანდა, რომ როგორმე ამ სახის ვიზუალური მონტაჟით მოახდინოს ვიღაცეებზე ზემოქმედება.

წარმოიდგინეთ რუსეთმა დაბეჭდოს და უცხო ქვეყანაში გაყიდოს ასეთი რუკები, ვიღაც მოექცევა ამ პროპაგანდის გავლენის ქვეშ

ამ ნაბიჯით ჩემი აზრით, რუსულ პროპაგანდას გასაქანს არ მივცემთ” – განაცხადა “ფორტუნასთან” ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე, კონსულტაციებს გადის და თუ მომზადებულ ვერსიაში, სერიოზული ხარვეზები არ აღმოჩნდა, ის პარლამენტს განსახილველად მომავალ კვირას წარედგინება.

ცვლილება ამ საქმიანობისთვის ჯარიმას, ან 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება უცხოეთში, მსგავს საქმიანობას, ეს ოკუპაციის კანონით დარეგულირდება.

შეგახსენებთ, ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში ხანტი-მანსიისკიდან დელეგაციამ ოლიმპიადის მოხალისეებს საჩუქრები დაურიგა, რომელშიც სუვენირებთან ერთად მინიატურული ზომის გასაშლელი რუკა იყო, რომელზეც საქართველო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშეა.

ოლიმპიადის დასასრულს თორნიკე რიჟვაძემ რუსეთის დელეგაციას საქართველოს რუკა აჩუქა.

პოპულალურები