LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თან ვერთობი, თან ვხალისობ, თან მჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ

111

პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობაზე იყრის კენჭს. რადიო „ფორტუნა“ კი თავის ტრიბუნას უთმობს და ახალგაზრდებში პოპულარულ კანდიდატს ბლიც-კითხვების რეჟიმში ესაუბრა.

 

პირველი რას გააკეთებთ, პრეზიდენტი თუ გახდებით, მარიხუანას საქმეს მიიყვანთ ბოლომდე? სასწრაფოდ გასაკეთებელი საქმეების ათეული ან ხუთეული ხომ არ გაქვთ?

კი არის ასეთი საკითხები, რომლებიც ბოლომდეა მისაყვანი. მაგ. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება. ასევე საკითხები, რომლებიც შეიძლება წავიღო საკონსტიტუციო სასამართლოში, როგორც პრეზიდენტმა. ეჭვი მაქვს, რომ პირველი ნაბიჯი იქნება ვეტო რომელიღაც კანონზე, იმიტომ რომ ჩემი მთავარი დაპირებაა, დავადო ვეტო ყველა კანონს, რომელიც ადამიანის თავისუფლების შეზღუდვისკენ იქნება მიმართული და კანონების აბსოლუტური უმრავლესობა ასეთია. ამიტომ პირველი იქნება ვეტო.

და ვეტო რას უშველის, თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაძლევს?

ცხადია დაძლევა არის პრობლემა, მაგრამ ჩემი დაპირება ისაა, რომ წავალ და დავიცავ ამ ვეტოს საქართველოს პარლამენტში, ნაცვლად იმისა, რომ გავაგზავნო წარმომადგენლები, როგორც აქამდე ხდებოდა. ჩემი წინა გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ თუ არ არის ისეთი საკითხი, რომელზეც პირდაპირ ინსტრუქცია არ არის ზემოდან, სავარაუდოდ ივანიშვილსგან, იქ შეიძლება კამათი. მე დამირწმუნებია უმრავლესობა, რომ ეს კანონი არის სისულელე და შემიჩერებია, მაგ. კანონი ბუსუსებიანი პრეზერვატივების შესახებ.

პენსიებს რას ერჩით, რატომ ერთობა „გირჩი“ ამ თემით?

ზოგადად არასწორია ამ სისტემაში ბევრი ფულის ჩადება, შესაცვლელია ეს სისტემა. ახლა იმიტომ დავცინით, რომ ეს იქცა ქართველი პოლიტიკოსებისთვის მუდმივ თემად ყველა არჩევნებზე. ძალიან სასაცილოა ეს ფაქტი, როგორ აპირებენ, გაუგებარია.

პენსიების გაზრდა ამ ეტაპზე არ მაინტერესებს, მაგრამ ძალიან მაწუხებს საპენსიო ფონდი, გააუქმებთ, თუ პრეზიდენტი გახდებით?

გაუქმება რთული იქნება, პრეზიდენტი ვერ გააუქმებს, შეეძლო თავის დროზე ვეტო დაედო მარგველაშვილს, მაგრამ მე შემიძლია, გამოვიყენო საპრეზიდენტო ტრიბუნა, ყოველდღე გამოვიდე და ვლანძღო.

მაგის იქით უფლებამოსილება არ გაქვთ ანუ?..

კი, როგორ არა, შემიძლია მოვუწოდო ადამიანებს, რომლებიც ძალით ჩართეს ამ სისტემაში, რომ გამოვიდნენ სისტემიდან და შეიძლება ამიით ჩამოიშალოს. ანუ საზოგადოებრივი აზრის შექმნით შემიძლია, ვებრძოლო ცუდ რაღაცებს, მათ შორის ერთ-ერთი ცუდი რაღაც ეს საპენსიო სისტემაა.

როგორ ფიქრობთ, სწორად გააგებინეთ მოქალაქეებს მეტი თავისუფლება, იგივე მარიხუანის საკითხი რამდენად სწორად გაიგეს?

რაღაც ნაწილმა გაიგო სწორად, ახალგაზრდების ნაწილმა. ზოგისთვის ეს იყო ჩვეულებრივად მარიხუანის თემა, მათ არ უნდოდათ პრობლემები სახელმწიფოსგან, დაინახეს, რომ მათ შეიძლება, ჩვენ მოვუგვაროთ ეს პრობლემა. თუმცა ჩვენ მოვდივართ საბჭოთა კავშირიდან. ადამიანების უდიდეს ნაწილს ჯერ კიდევ საბჭოთა წარმოდგენები აქვს სამყაროზეც და ადამიანებზეც. მათ სჯერათ იმ პრინციპების, რომელიც გულისხობს მონობას და საბჭოთა კავშირი იყო რეალურად მონების საზოგადოება. ერთი მხრივ, არ ესმით რა არის თავისუფლება და მეორე მხრივ ეშინიათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. თავისუფლება რეალურად არის საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება.

ვინ არის თქვენი ამომრჩეველი, ვის უნდა, რომ გახდეს ზურა ჯაფარიძე პრეზიდენტი?

ძირითადად ახალგაზრდები, რომლებმაც გაიგეს, რა გვინდა ჩვენ. ძალიან გვიჭირს ასაკოვან თაობასთან კომუნიკაცია, ტექნიკური მიზეზების გამოც, ძირითადად სოციალურ ქსელში ვართ და არ გვაქვს რეგიონული ოფისები, თუმცა არის მენტალიტეტის პრობლემაც. გაცილებით მეტი დრო, ენერგია და რესურსი გჭირდება, რომ ადამიანებს შეაცვლევინო წარმოდგენები სამყაროზე, რისიც ამ ადამიანებს სჯეროდათ მთელი თავისი ცხოვრება. მე საკუთარ მშობლებთანაც კი მიჭირს ამის მიღწევა.

კარგი პრეზიდენტი რას ნიშნავს?

კარგი პრეზიდენტი სხვადასხვა რეალობასა და მოცემულობაში სხვადასხვა რამეს შეიძლება ნიშნავდეს. იმ რეალობაში, რაც დღეს გაქვს, როცა ყველა ძალაუფლება კონტროლდება ერთი პოლიტიკური ძალის მიერ, კარგი პრეზიდენტი იქნება მებრძოლი პრეზიდენტი, რომელიც ეცდება, ბევრი მიმართულებით რაღაცეები მიანგრ-მოანგრიოს. მართლა მჯერა, რომ „გირჩზე“ უკეთესი არავინაა. არ მგონია, სხვა კანდიდატი ამის გამკეთებელი იყოს.

რისი გამკეთებლები არიან მაშინ სხვა კანდიდატები?

მე მჯერა, რომ მათ უბრალოდ 6-წლიანი კომფორტი უნდათ, იქნებიან კომფორტსა და პატივში, 6 წელი იმოგზაურებენ დედამიწის გარშემო.

თქვენ არ გინდათ ეს კომფორტი და პატივი?

მე არ მიყვარს არც კომფორტი და არც პატივი.

ხომ არ ნანობთ, რომ ახლა ამ სტუდიის ნაცვლად, სადმე კლინიკაში არ ხართ ექიმი, ოჯახისთვისაც მეტი დრო გექნებოდათ?..

არა, ცხადია, ამ საქმეს, რასაც ვაკეთებ, პლუსებიც აქვს და მინუსებიც.

არც ამდენი ლანძღვა-გინება არ იქნებოდა სოციალურ ქსელში…

მაგას შევეჩიე უკვე, ეგ აღარ მაღელვებს, პირიქით ვერთობი. მაგით ვტესტავ ხოლმე, რაღაც სწორად გავაკეთე თუ არა, გამომდინარე იქიდან, რა აუდიტორია მაგინებს. მინუსი არის ცხადია ის, რომ შვილები მეზრდება და მათთან ვერ ვატარებ იმდენ დროს, რამდენიც მინდა. მეორე მხრივ, ეს არის საქმე, რომელსაც დიდი სიამოვნებით ვაკეთებ, თან ვერთობი, თან ვხალისობ, თან მჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ.

კატოს უნდა, რომ მამა პრეზიდენტი გახდეს?

არ ვიცი, არ მისაუბრია მასთან ამაზე.

ხომ ესწრება თქვენს ინტერვიუებს?

კი, ხანდახან, მაგრამ უფრო აინტერესებს, რომ მასთან ერთად ვიყო, რაღაც სურვილები ავუსრულო, რაღაცები ვუყიდო, ასეთი რაღაცებით არის მისი ტვინი დაკავებული.

ბოლო შეკითხვა ყველა კანდიდატთან მაქვს ასეთი – ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი?

საქართველოს პრეზიდენტი გავხდები მე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები