LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი ყველასია: წლის განმავლობაში პრობლემები აუცილებლად მოგვარდება

156

თბილისში სხვადასხვა მიმართულებით ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა გამოდარების შემდეგ სამუშაოები კიდევ უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. დედაქალაქის მერია რამდენიმე მსხვილ პროექტს ახორციელებს, რომელთა პარალელურად მიმდინარეობს სხვა ტიპის კეთილმოწყობის სამუშაოებიც.

”ავტორადიოს” თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი ესტუმრა. მან ისაუბრა რა პროექტები ხორციელდება ამჟამად და რა არის დაგეგმილი.

ბატონი გივი, რა ვითარებაა ამჟამად დედაქალაქში, რა პროექტები ხორციელდება?

– ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს დაგეგმილი. კარგი ამინდებიდან გამომდინარე, ბევრი პროექტი დავგეგმეთ. მიმდინარეობს რამდენიმე ქუჩის კაპიტალური შეკეთება, ასევე თითქმის დასრულებისკენ მიგვყავს პუშკინის ესტაკადის პროექტი. გაიხსნა ბარათაშვილის ხიდი, ასევე გულიას ხიდი და მუხათგვერდის ესტაკადა, რომელიც ხელს შეუწყობს მოძრაობის განტვირთვას დიდი დიღმის ტერიტორიაზე. რამდენიმე ისეთ გზასაც ვაკეთებთ, რომელიც ათეული წლების განმავლობაში საერთოდ არ შეკეთებულა. მაგალითად, პატარა ლილოს დასახლება, სადაც დაახლოებით 400 მოსახლე ცხოვრობს. იქ 30-40 წელია არ ჩატარებულა სამუშაოები. ასევე ჩეჩელაშვილის ქუჩა, სადაც კანალიზაციაც კი არ ჰქონდა მოსახლეობას და ეს პრობლემაც მოვაგვარეთ, პლუს ამას იქ გზის საფარსაც ვაკეთებთ.

agladzis quchaგარდა ამისა, აღმაშენებლის გამზირი ძალიან მალე შეკეთდება. კეთდება ჩიტაიას ქუჩა, ჯავახიშვილის ქუჩა, ამათ შემდგომ დაემატება წინამძღვრიშვილის ქუჩაც. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვახორციელებთ ახალ პროექტს ”ახალი ტიფლისი”, გადაკეტილია აღმაშენებლის მიმდებარე ქუჩები. ამიტომ ცოტა ფრთხილად ვეკიდებით საკითხს, რომ არ შეიქმნას საცობები. როდესაც ჩიტაიას და ჯავახიშვილის ქუჩებზე სამუშაოები დასრულდება, შემდეგ დავიწყებთ წინამძღვრიშვილის ქუჩის შეკეთებას. ვცდილობთ, რომ ზაფხულისთვის საერთოდ თბილისში ცენტრალური მაგისტრალური ქუჩები გამართული იყოს.

– რა ხდება შიდა კვარტალურ გზებზე? ფაქტია სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა საზოგადოებაში მაინც უკმაყოფილებაა.

– ვფიქრობ, რომ ეს მოსაზრება, რომ საზოგადოება უკმაყოფილოა, თანდათან კარგავს აქტუალობას, რადგან ხალხიც ხედავს, რომ ძალიან ბევრი რამ კეთდება თბილისში. მინდა აღვნიშნო, რომ ზაფხულის პერიოდში თითქმის ყველა კვარტალური ქუჩები იქნება მოწესრიგებული. ასევე კარგად მოგეხსენებათ, რომ ქუჩების მოწესრიგება დამოკიდებულია ამინდზე და ჯერ სრული მასშტაბით ვერსად ვერ შევდივართ. ასევე არ გვინდა, რომ არაკომფორტულად იმგზავროს მოსახლეობამ და ყველა ქუჩა ერთბაშად გადავკეტოთ. ვცდილობთ ეს მომენტიც გავითვალისწინოთ.

baratash– თითქოს ქვეითებისთვის განკუთვნილი გადასასვლელი ხიდები აღარ კეთდება. როგორ გგონიათ გაამართლა ამ პროექტმა? რადგან ჩვენ ვხედავთ მორბენალ ადამიანებს ხიდებს ქვემოთ.

– ვფიქრობ, რომ ჯერ შინაგანი კულტურა გვაქვს მოსაწესრიგებელი და ალბათ,  როდესაც ეს პრობლემა მოგვარდება, შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ დამატებით გადასასვლელებზე ფიქრი. მაგრამ გვაქვს ბევრი სხვა ახალი იდეა, რომლის განხორციელებასაც ვფიქრობთ. მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გადასასვლელების მოწყობა, რომელიც გარკვეული დოზით უკვე ზაფხულში დაწყებულ ყველა პროექტში ჩაიდება. შემდეგ კი გვინდა მთლიანად მოვიცვათ მთელი ქალაქი. პირველი პროექტი ნუცუბიძის ქუჩის რეაბილიტაცია იქნება, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და სწორედ იქ აისახება ეს ჩვენი ახალი იდეა.

– რას ფიქრობთ გაფერადებულ ზებრა ხაზებზე?

– სხვათა შორის, ძალიან ბევრმა ადამიანმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ ძალიან სასიამოვნოა ასეთი ინოვაცია, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის დიდუბის გამგებლის ქალბატონი ირმა ზავრადაშვილის იდეა. ვფიქრობთ, სხვაგანაც გავაკეთოთ ანალოგიური გადასასვლელები.

baratashvili– რაც შეეხება ხიდებს. ხომ არ იგეგმება მათი ვიზუალურად შეცვლა. მაგალითად, თუნდაც მოაჯირების გალამაზება?

– დიახ, ჩვენ არა მხოლოდ საფარის შეკეთებას ვაკეთებთ, არამედ ვიზუალურადაც ვცვლით. მაგალითად, ბარათაშვილის ხიდზე შეიცვალა სანათები, ასევე მოაჯირები, გადასასვლელის სრული რეაბილიტაცია ხდება. ის მოპირკეთდება თანამედროვე მასალებით.

– მიწისქვეშა გადასასვლელებსაც შევეხოთ. ადამიანებს მაინც არ სიამოვნებთ მისით სარგებლობა. თუნდაც არასასიამოვნო სუნის ან სხვა პრობლემების გამო.  მოგვარდება თუ არა მიწისქვეშა გადასასვლელების პრობლემა?

– ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ 80%-ზე მეტი გასხვისებულია და კერძო მფლობელები ყავთ. ამან ჩაგვაყენა ძალიან რთულ მდგომარეობაში. ბევრი მათგანი ექსპლუატაციას არ უწევს მოვლა-პატრონობას. ახლა გავერთიანდით ”თბილსერვის ჯგუფთან”, რომელიც ყველანაირად ეცდება ჩვენივე სახსრებით და შესაძლებლობებით ეს პრობლემები აღმოფხვრას.

– რაც შეეხება გამწვანებას და ამ კუთხით ქალაქის კეთილმოწყობას. რა პროექტებია დაგეგმილი?

– გამწვანება ჩვენს სამსახურში არ შედის, თუმცა აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან. ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ყველა ვალდებულია თბილისი იყოს მოვლილი და გამწვანებული. აქედან გამომდინარე ჩვენც აქტიურად ვთანამშრომლობთ გამწვანების სამსახურთან. აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ”მზიურის” ტერიტორიაზე. გაიხსნა ტენდერი ტერიტორიის პროექტირებაზე და მალე დაიწყება სამუშაოები. ასევე სრულად ტარდება რეაბილიტაცია სვანიძის ქუჩაზე, რომელიც სტიქიის დროს დაინგრა. უკვე ჩატარდა კალაპოტის  ფორმირებაზე ტენდერი. ვფიქრობ, რომ შემოდგომამდე ძალიან დიდ სამუშაოს შევასრულებთ ამ მიმართულებით.

muxatgverdisken– თუ იგეგმება ველობილიკების გაკეთება, გვაძლევს თუ არა ქალაქი ამის საშუალებას?

– უკვე არსებული გზები ძალიან ძნელი გადასაწყობია ველობილიკებისთვის, მაგრამ რასაც დავიწყებთ ახლის გაკეთებას, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩაიდოს ველობილიკების პერსპექტივა. მოგეხსენებათ, როგორი საცობებიც არის ჩვენს დედაქალაქში და კიდევ გზების დაპატარავება ძალიან გაართულებს მოძრაობას. პირიქით ვფიქრობთ, რომ რამდენიმე ადგილზე, მაგალითად ლაგუნა ვერასთან, გზა გავაფართოოთ. უნივერსიტეტის ქუჩასთან თამარაშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მასშტაბურად გავადიდოთ გზა.

– როგორც თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, რას ეტყოდით თბილისელებს?

– ვფიქრობ, რომ ძალიან მალე არა მხოლოდ გადაადგილება იქნება კომფორტული, არამედ სასიამოვნო გახდება თბილისში ცხოვრება. წლის განმავლობაში პრობლემები აუცილებლად მოგვარდება. ჩემი დევიზი არის ყოველთვის – თბილისი არ არის მხოლოდ მერიის თანამშრომლებისთვის, თბილისი არის ყველასი.

 

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები