LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს

65

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ორი ხელმძღვანელი პირი, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე – თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებუს შედეგად დადგინდა, რომ  ბრალდებულებმა ერთ-ერთი კომპანიის სახელით 2017 წელს მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების შესყიდვას.

“არამართლზომიერი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა ყალბი მონაცემები შეიტანეს ფაქტიურად გაწეული მომსახურების ამსახველ დოკუმენტებში, კერძოდ 179 000 ლარის ღირებულების საკურორტო მომსახურება თითქოსდა გაეწია 600 პირს, მაშინ როდესაც, გაწეული მომსახურების ამსახველ დოკუმენტებში დაფიქსირებულ პირთა ნაწილს მომსახურება საერთოდ არ მიუღია, ხოლო ნაწილმა არასრული მოცულობით მიიღო.

აღნიშნული დანაშაულებრივი გზით, კომპანიის ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 34 775 ლარს,”- აღნიშნავენ საგამოძიებო სამსახურში.

საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, რომ ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების სრულყოფილად შესრულებაზე კონტროლი და ზედამხედველობა ევალებოდათ  მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებმაც არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა, არ გადაამოწმეს ტენდერით გათვალისწინებული საკურორტო მომსახურებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა და არ შეისწავლეს კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია გაწეული მომსახურების შესახებ.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3, ასევე 342-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

პოპულალურები