LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის სპეციალური საგზაო ზოლი დაიხაზა

307

კუს ტბის ასახვევიდან ვაკის პარკამდე, ვაკის პარკიდან გიორგი წერეთლის ქუჩის კუთხემდე და გორგასლის ქუჩაზე ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის განკუთვნილი ზოლები – „ბასლეინები“ დაიხაზა.

საგზაო მონიშვნები ყვითელ ფერში შესრულდა და ზოლში გაკეთდა წარწერები “Bus Lane”.

გზაჯვარედინებსა და ქუჩების შესახვევებში ბასლაინები წყვეტილია, რაც კერძო მანქანებსა და ტაქსებს სასურველი მიმართულებით შესვლის უფლებას აძლევს. უშუალოდ ”ბასლეინში” მოძრაობა მათთვის აკრძალულია.

როგორც ”ფორტუნას” ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მირიან ლებანიძემ აცნობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლების გამოყოფით, საზაოგადოებრივი ტრანსპორტი მეტად უსაფრთხოდ და სწრაფად იმოძრავებს.

”მოკლე დროში, შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ მძღოლები ძირითადად ამ მონიშვნებს ითვალისწინებენ და ყვითელ ზოლში არ შედიან. იმედი გვაქვს, დროთა განმავლობაში, უფრო და უფრო მეტი მძღოლი გაითვალისწინებს და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლით არ ისარგებლებს”, – განაცხადა მირიან ლებანიძემ.

ბასლაინის დახაზვა უახლოეს მომავალში აღმაშენებლის გამზირზეც იგეგმება.

ტრანსპორტის სამსახურმა თბილისში „ბასლეინების“ დახაზვა ევროპული გამოცდილებით გადაწყვიტა.

ამ დროისთვის, აზიის განვითარების ფონდის დაფინანსებით კომპანია „მოტ მაკდონალდი“ თბილისში „ბასლეინების“ მოწყობის შესაძლებლობებს იკვლევს.

ამის შემდეგ, ტრანსპორტის სამსახური საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლების გამოყოფას მთელი ქალაქის მასშტაბით გეგმავს.

Buslane-ები დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვისთვის გატარებული კიდევ ერთი ღონისძიებაა. როგორც უცხოელი სპეციალისტები ამბობენ, ამ მხრივ ყველაზე ეფექტიანი სწორედ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა.

”რაც უფრო ნაკლები კერძო ავტომობილი იმოძრავებს გზაზე, საცობების პრობლემა ნაკლებად შეიქმნება. ამის მიღწევა კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებითაა შესაძლებელი”, – განაცხადა ლებანიძემ ”ფორტუნასთან”.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე, დედაქალაქის მთავრობა აქტიურად მუშაობს. დღეს უკვე თბილისში MAN-ის ახალი ავტობუსების პირველი ნაწილი შემოვიდა. უახლოეს მომავალში კი ავტოპარკის სრულად განახლება იგეგმება.

ამ დროისთვის ქალაქში 512 ავტობუსი მოძრაობს, რაც მოთხოვნას სრულად არ აკმაყოფილებს. უახლოეს მომავალში, იგეგმება რომ ეს რიცხვი 750 -მდე გაიზარდოს.

პოპულალურები