LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოკიოს გამოფენაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია მონაწილეობდა

47

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენა Wine and Gourmet Japan 2018-ში ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია მონაწილეობდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია „საქართველო – ღვინის აკვანი“ გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა. ღონისძიებას იაპონელი ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, წელს გამოფენაში მონაწილეობდნენ შემდეგი კომპანიები: „ვინაგორა“, „შუმი“, „ვაინმენი“, „ჩიგოგიძის ღვინოები“, „ბესინი“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „შილდა“, „მეღვინეობა დანიელი“, „მილდიანი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „მეღვინეობა ხარება“, „გიუაანი“, „მარანული“, „თბილღვინო“, „შატო მუხრანი“ და GWS.

Wine and Gourmet Japan-ზე ტრადიციულად თავს იყრიან ღვინის წამყვანი სპეციალისტები, ღვინით მოვაჭრეები და იმპორტიორები აზიის რეგიონიდან. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რამდენიმე ქართულმა კომპანიამ გამოფენის მსვლელობის დროს შეძლო, მოეძიებინა ახალი იმპორტიორი, რამდენიმემ კი პოტენციურ პარტნიორთან მოლაპარაკებები დაიწყო.

ღვინის ეროვნული სააგენტო იაპონიაში აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს 2015 წლიდან ახორციელებს. მიმდინარე წლის 3 თვის მონაცემებით, იაპონიაში ექსპორტირებულია 53 000 ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 230%-ით მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები