LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უბრალოდ ავიღებ ბილეთს და წავალ

42

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას ევროპარლამენტმა 553 ხმით 66-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. უვიზო მიმოსვლით სულ მალე ისარგებლებს საქართველოს ყველა მოქალაქე.

რა შეფასებებს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები

„ფორტუნამ“ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისა და შემოსავლის მქონე მოქალაქეებში გამოკითხვა ჩაატარა. როგორც შედეგებმა აჩვენა, თითოეული გამოკითხული დადებითად აფასებს საქართველოს ევროპულ ოჯახთან დაახლოებას. მათი ნაწილი საქართველოს საზღვრებს გარეთ ნამყოფი არ არის და ვიზალიბერალიზაციის მიღების ფაქტმა იმედი გაუჩინა, რომ ოდესმე შეძლებენ ვიზის მოსაკრებელის გადახდის გარეშე, მხოლოდ ბილეთის საფასური გადაიხადონ და იხილონ ევროპის ქვეყნები. ნაწილისთვის აქამდე ევროპაში მოგზაურობა მხოლოდ იმ მიზეზით წარმოადგენდა სირთულეს, რომ ვიზის მისაღებად გარკვეული დრო და ბევრი პროცედურის გავლა უწევდათ, ახლა კი ახარებთ ფაქტი, რომ როცა მოისურვებენ, მაშინ აიღებენ ბილეთს და თავისუფლად შეძლებენ ევროპულ ქვეყნებში გადაადგილებას. ვიზალიბერალიზაციის მიღების ფაქტს იმედის თვალით უყურებს ქართველი სტუდენტობის ნაწილიც და მიაჩნიათ, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე ევროპაში თავისუფლად გადაადგილება მათთვის ახალი და ძალიან საინტერესო გამოწვევაა.

 

თავისუფლების მეტი განცდა მაქვს

ნინო, 18 წლის:
„პირველი კურსის სტუდენტი ვარ და აქამდე არასდროს არსად ვყოფილვარ. დღევანდელი დღე ისტორიულია მთელი ქვეყნისთვის, უმნიშვნელოვანესია ჩემთვის და ჩემი თაობისთვის. ყოველთვის მინდოდა, სურვილის გაჩენისთანავე ამეღო ბილეთი და წავსულიყავი უბრალოდ დასასვენებლად. ბუნებრივია, დღესაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული ევროპაში მოგზაურობა, მაგრამ ვიზის თანხას რომ არ იხდი, უამრავი საბუთის მოგროვება რომ არ გიწევს და თავისუფლების მეტი განცდა გაქვს, ეს ყველაზე კარგი შეგრძნებაა.“

 

უვიზო მიმოსვლა – უდიდესი მოვლენა

რატი, 22 წლის:
„ხშირად დავდივარ საზღვარგარეთ, ყველაზე დამღლელი იყო საბუთების შეგროვება და შემდეგ მოლოდინი ჩამირტყამდნენ თუ არა ვიზას. ეს პროცედურები თუ არ მექნება გასავლელი, ბევრად გამიმარტივდება მოგზაურობა. უვიზო მიმოსვლა როგორც ჩემთვის, ისე მთელი ერისთვის უდიდესი მოვლენაა.“

 

ყოველ ჯერზე ვიზის კეთება დამღლელი იყო

თამუნა, 24 წლის:
„ვიზის პრობლემა ყოველთვის ძალიან მაწუხებდა. ხშირად დავდივარ ევროპაში და ყოველ ჯერზე ვიზის კეთება საკმაოდ დამღლელი იყო. ვიზალიბერალიზაცია კი ამ პრობლემას მოაგვარებს და შევძლებ, რომ სამოგზაუროდ წინასწარ დოკუმენტაციის მოგროვების გარეშე, უბრალოდ ვნახო ბილეთი, ავდგე და წავიდე.“

 

 

სასურველ ბილეთს ვიყიდი და ვიზის ქონა-არქონაზე აღარ ვიქნები დამოკიდებული

ვახო, 35 წლის:
„ცალსახად დადებითი გადაწყვეტილებაა. ევროპისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია და რაც უფრო მეტი ჩვენი თანამემამულე შეძლებს ევროპულ კულტურას და მიღწევებს გაეცნოს, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. პირადად არაერთ ევროპულ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ვიზასაც პრობლემების გარეშე ვიღებდი, მაგრამ მაინც ძალიან მოსახერხებელია უვიზო რეჟიმი. მოკლედ ვიტყვი: როდესაც გჭირდება ვიზა, უნდა დაემთხვეს ფრენის, სასტუმროს, დაზღვევის ჯავშანი და ა.შ. არადა შეიძლება უცებ ავიაბილეთი კარგ ფასად შეგხვდეს, მაგრამ ვერ იყიდო (თუნდაც იმიტომ, რომ დავუშვათ ფრენა ერთ კვირაშია, ვიზაზე განაცხადი კი ამ დროში არ კმაყოფილდება). ახლა კი ნებისმიერ აქციას მიადევნებ თვალყურს და როდესაც სასურველი ბილეთი გამოჩნდება, თამამად შეიძენ. გარკვეულ საბუთებს (ცნობას სამსახურიდან თუ ბანკის ამონაწერს) მერე მშვიდად გააკეთებ, ეს დიდი პრობლემა არ არის. ასეთ დროს აღარ ხარ დამოკიდებული საკონსულოში ჩაწერაზე, არ ელოდები ვიზას და ა.შ. ანუ მთავარი, რაც ჩემთვის შეიცვლება ის არის, რომ ნებისმიერ სასურველ ბილეთს ვიყიდი და ვიზის ქონა-არქონაზე აღარ ვიქნები დამოკიდებული.

 

შეიძლება ჩემოდნებით გამზადებული მიხვიდე საზღვართან და იქიდან მოგაბრუნონ

ლელა, 46 წლის:
„ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ საქართველომ როგორც იქნა ვიზალიბერალიზაცია მიიღო და ერთი საფეხურით მიუახლოვდა ევროპულ ოჯახს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ არასდროს გავსულვარ, იმედს მაინც არ ვკარგავდი, ახლა უფრო მეტად იმედიანი ვარ. ვიზის მოსაკრებელი გადასახდელი აღარ გვექნება, გარდა ამისა, ავცდებით ბიუროკრატიულ პროცედურებს. მაფიქრებს მხოლოდ ერთი ფაქტი: შეიძლება ჩემოდნებით გამზადებული მიხვიდე საზღვართან და იქიდან რაღაც მიზეზით უკან მოგაბრუნონ, თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ ეს ალბათობა აქამდეც იყო, არ იცოდი რა პასუხი გამოგივიდოდა საელჩოდან, მოგცემდნენ თუ არა ვიზას.“

გილოცავთ მთელ საქართველოს

ვლადიმერი, 70 წლის:
„მიხარია, რომ ევროპაში თავისუფლად წასვლის შესაძლებლობა მექნება, ძალიან კარგი ფაქტია და ვულოცავ მთელ საქართველოს.“

 

გვანცა ბზიავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები