LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ მახარობლიშვილი – მიმდინარე ეტაპზე საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერება ევროკავშირის დღის წესრიგში არ დგას

96

ქართული მხარის მიერ გაწეული ძალისხმევა ძალიან პოზიტიურად არის შეფასებული, როგორც გერმანიის ასევე ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიმდინარე ეტაპზე საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერება ევროკავშირის დღის წესრიგში არ დგას. ქართული მხარე ძალიან აქტიურად თანამშრომლობს, როგორც ევროკავშირთან და მის შესაბამის სააგენტოებთან, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. მოგეხსენებათ, რომ უვიზო რეჟიმის ძალაში შესვლის დღიდან შესაბამისი უწყებები საქართველოს აკვირდებოდნენ და მონიტორინგს უკეთებდნენ მიმდინარე პროცესებს. ასრულებდნენ იმ ვალდებულებებს, რომელიც ჩვენ აღებული გვქონდა შესაბამისი გეგმის მიხედვით. თუმცაღა, მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა კონკრეტული პრობლემატიკა თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნებთან და ამ პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრობლემატიკის გადაჭრას. ამ კუთხით, ცნობილია, მიმდინარეობს სხვადასხვა ღონისძიება“, – განაცხადა მახარობლიშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს აქტიური საინფორმაციო კამპანია შესაბამისი უწყებების მხრიდან, ისევე როგორც, საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით განხილვები.

„კიდევ უფრო გააქტიურდა მუშაობა, როგორც ევროკავშირის სააგენტოებთან, ასევე მის წევრ ქვეყნებთან, მათ შორის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან. შედგა არაერთი შეხვედრა თუ ვიზიტი. მათ შორის, გერმანიაში განხორციელდა შს მინისტრის მოადგილის ვიზიტი და მათი მხრიდან საქართველოში ჩამობრძანდა გერმანიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. გვქონდა ძალიან საინტერესო და პროდუქტიული დისკუსიები. ამ კუთხით უნდა ავღნიშნოთ ასევე, რომ იგეგმება შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი მაისის ბოლოს გერმანიაში.

არა მარტო გერმანიაში, აქტიური თანამშრომლობა მიდის სხვა წევრ ქვეყნებთანაც. განსაკუთრებით, იმ ქვეყნებთან რომლებთანაც ბოლო თვეების განმავლობაში გარკვეული პრობლემატიკა გამოიკვეთა.

გარდა იმ ძალისხმევისა, რომელიც ქართული მხარის მიერ იქნა გაწეული, თავის მხრივ ევრიკავშირის წევრმა ქვეყნებმა გარკვეული ზომები მიიღეს. მათ შორის ქვეყნების ნაწილმა საქართველო აღიარა, როგორც უსაფრთხო ქვეყნად. მათ შორის, შეიძლება ითქვას გერმანია, რომელიც მომავალში აპირებს საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანოს.

თავშესაფრით დაკმაყოფილება პრატქიკულად არ ხორციელდება ევროკავშირის მხრიდან, რადგან საქართველო შენგენის ზონის სივრცეში მიჩნეულია, როგორც უსაფრთხო ქვეყანა. მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას, გაუფრთხილდეს ამ მონაპოვარს, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია და ბოროტად არ გამოიყენოს უვიზო რეჟიმი და არ დაარღვიოს მისი წესები“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

შეგახსენებთ, Deutsche Welle-მ დღეს დაწერა, რომ გერმანიაში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მინიჭებაზე დაუსაბუთებელი განაცხადების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. „დოიჩე ველე“ წერს, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ევროკავშირში, შესაძლოა, დაიწყოს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის განხილვა, რომელიც შეიძლება ამოქმედდეს, თუ თავშესაფრის მინიჭებაზე დაუსაბუთებელი განაცხადების რიცხვი საგრძნობლად იზრდება ან თუ რომელიმე ქვეყნიდან შემოსული მოქალაქეები ქვეყნის უსაფრთხოებას უქმიან საფრთხეს.