LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიღაც დაკავებული, გაბოროტებული ადამიანი რაღაცას საუბრობს – კალაძე მირზა სუბელიანზე

90

ვიღაც დაკავებული, გაბოროტებული ადამიანი რაღაცას საუბრობს, ამაზე დასკვნებს ვერ გამოვიტანთ, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სადაც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ფიგურირებს.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ „ზოგიერთ მავნებელ პოლიტიკურ ძალას სურს ქვეყანში არეულობის მოწყობა“.

კახა კალაძე ყველას მოუწოდებს, არავინ გაბედოს კანონს მიღმა რაიმე ნაბიჯების გადადგმა, თორემ „ყველა სათითაოდ აგებს პასუხს, ქვეყნის, საზოგადოების და რა თქმა უნდა, კანონის წინაშე“.

„მგონია, რომ აუცილებელია გამოძიების დაწყება ყველა იმ ნასაუბრებზე, რაც მან წარმოთქვა. ასევე აუცილებელია მოხდეს გამოძიება თუ ვინ დააშანტაჟა ის კონკრეტული ადამიანი, ვინც დაავალდებულეს, რომ ეს საუბრები ჩაეწერა, გაეკეთებინა და გამოეტანა. აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეს ყველა კითხვას. ამ ყველაფერს უკავშირებენ საპრეზიდენტო არჩევნებს, მე გონია, რომ საერთოდ კავშირში არ არის საპრეზიდენტო არჩევნები ამ პროცესებთან. თუ ვინმეს რაიმე გადაცდომა აქვს, მთელი სიმკაცრით და კანონის ფარგლებში უნდა მოეთხოვოს პასუხი, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ზოგიერთ მავნებელ პოლიტიკურ ძალას სურს ქვეყანში არეულობის მოწყობა. არავინ არ გაბედოს კანონს მიღმა რაიმე ნაბიჯების გადაგმა, თორემ ყველა სათითაოდ აგებს მკაცრად პასუხს, ქვეყნის წინაშე საზოგადოების წინაშე და რა თქმა უნდა, კანონის წინაშე,“ – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, გუშინ ვითომ საპროტესტო აქციები გამართა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და 10-10 კაცი ჰყავდათ გამოყვანილი ყველა ქალაქში, ცდილობენ ფონი შექმნან, რომ რაღაც უბედურება ხდება.

„თუ რამე კონკრეტული დანაშაული აქვთ კონკრეტულ პირებს, მათ უნდა მოვთხოვოთ და კანონის წინაშე ვაგებინოთ პასუხი. ამიტომ გამოძიება უნდა ჩატარდეს და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ახლა ვიღაც დაკავებული, გაბოროტებული ადამიანი რაღაცას საუბრობს, ამაზე დასკვნებს ვერ გამოვიტანთ, ამას სჭირდება გამოძიება, რომელმაც უნდა დაადგინოს ყველაფერი,“ – განაცხადა კალაძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები