LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიყავი ის დამოუკიდებელი კანდიდატი, რომლის ხელახლა გადაფუთვასაც დღეს ცდილობს მმართველი პარტია – გიორგი მარგველაშვილი

38

“მე ვერ ვისაუბრებ რომელიმე კონკრეტულ ადამიანზე, მითუმეტეს, როცა ადამიანს თავისი თავი ჯერ არ დაუფიქსირებია, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე “ქართული ოცნების” შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატთან – სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე უპასუხა.

“მინდა, ძალიან მარტივად გითხრათ, 2013 წელს, როდესაც მე მხარს მიჭედა „ქართული ოცნება“, არ ვიყავი არც „ქართული ოცნების“, არც სხვა პარტიის წევრი. ანუ, ვიყავი ის დამოუკიდებელი კანდიდატი, რომლის ხელახლა გადაფუთვასაც დღეს ცდილობს მმართველი პარტია. ამ დამოუკიდებელ კანდიდატს 5 წლის განმავლობაში იმას აყვედრიდნენ, რომ ის პარტიის ერთგული არ იყო. შესაბამისად, ეს კურიოზი, რომ გვეტყვიან, რომ დამოუკიდებელია, მაგრამ მის უკან იდგება პარტია, არ გაიყიდება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. უნდა ვაღიაროთ, რომ სხვა ადამიანებსაც აქვთ ინტელექტი, ანალიზის უნარიც და ყველა შეაფასებს იმას, რაც მომხდარა,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განმარტებით, ვინაიდან, “ქართულ ოცნებას” კანდიდატი ჯერ ოფიციალურად არ დაუსახელებია, ამ საკითხზე საუბარი გაუჭირდება.

“ქართული ოცნების” კანდიდატმა თავის თავზე უნდა აიღოს, რომ თუ ვეტოს გამოიყენებს, მტერია ან თუ სასახლეში შევა მოღალატე და ხელი უნდა მოაწეროს, რომ იქნება მორჩილი და ყველაფრის შემსრულებელი. როცა ვისმენთ, რომ იქნება არაპარტიული კანდიდატი, რომელსაც მმართველი პარტია დაუჭერს მხარს, ეს ცალკე ფენომენია. რა განსხვავება იქნება ამ კანდიდატსა და ჩემს შორის. არც მე ვიყავი არცერთი პარტიის წევრი. “ქართულმა ოცნებამ” უნდა უპასუხოს ერთ კითხვას – 5 წლის მანძილზე რომ მაყვედრიდა, რომ არჩევნებისას გვერდით მედგა და ამის გამო ყველა გადაწყვეტილებაზე უნდა მომეწერა ხელი, რანაირ დამოუკიდებელ კანდიდატზეა საუბარი. ეს კიდევ ერთი კურიოზული სიტუაციაა,” – აღნიშნა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი – 28 ოქტომბერი დაასახელა.

პოპულალურები