LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყვილი სტეფანეს კლიპიდან, რომელმაც სოცქსელი დაიპყრო – „მეუბნებიან, რომ საუკეთესო არჩევანი გავაკეთე…“

794

სტეფანე მღებრიშვილმა თაყვანისმცემლებს საკუთარი ძველი სიმღერა გაახსენა – „დამიბრუნდი“, რომელიც ახლებური და საინტერესო არანჟირებითა და ვერსიით შემოგვთავაზა, მისმა დიდი ხნის მეგობარმა ნესტან სინჯიკაშვილმა კი მასზე ფერადი კლიპი გადაიღო. ვიდეორგოლში თეკლა ჩიჯავაძე და ვაჟიკო გოდერძიშვილი მონაწილეობენ. ამ წყვილმა სოცქსელები დაიპყრო. კლიპზე მომუშავე ჯგუფი თავიდანვე ეძებდა ორიგინალური გარეგნობის გოგოსა და ბიჭს, რომლებიც მაყურებლის ყურადღებას დაიმსახურებდნენ და ასეც გამოვიდა.

სტეფანეს, თეკლასა და ვაჟიკოს რესტორან „ზალაში“ შევხვდით და მათთან პირველი ინტერვიუ სწორედ „ფორტუნამ“ ჩაწერა.

სტეფანე, გილოცავ ახალ ნამუშევარს. როგორ იპოვე ეს ორი ლამაზი ადამიანი?

ოოო, ძალიან რთულად (იღიმის). იმიტომ კი არა, რომ თბილისში არ ცხოვრობენ ლამაზი ადამიანები, არა, ბევრი ქუჩაში მხვდება, ვინც კლიპში მონაწილეობს, ისინიც ძალიან ლამაზები არიან. უბრალოდ, მთავარი როლის შემსრულებლებზე დიდი პრეტენზიები გვქონდა. მაძალებდნენ, რომ მე უნდა ვყოფილიყავი კლიპში. ჩემი დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ არ გამოვჩენილიყავი, კადრის გაფუჭება არ მინდოდა, მსურდა, მხოლოდ ასეთი ლამაზი ხალხი გამოჩენილიყო… ამან აალაპარაკა ხალხი ძალიან მაგრად.

ვაჟაზე ძალიან ბევრი ვიფიქრეთ. ფოტოები რომ ვნახეთ, ეგრევე დავთანხმდით, მაგრამ სანამ მას ვიპოვიდით, ბევრი კანდიდატურა ვნახეთ. გოგოზეც ბევრი ვარიანტი გვქონდა. ვფიქრობ, უკეთესს მართლა ვერ ნახავთ, რადგან ფიზიკურად არ არსებობენ (იცინის). ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ამას მაჩვენებს არა მხოლოდ სოცქსელში გამოხმაურებები. ჩემი მეგობრები რომ მხვდებიან, მათ შორის რეჟისორები, მეუბნებიან, რომ საუკეთესო არჩევანი გავაკეთე. სიმღერაზე ჰქონდათ მოლოდინი, რომ არ გავაფუჭებდი (იღიმის), მაგრამ წყვილმა მოლოდინს გადააჭარბა. სუპერპოზიტიური გამოხმაურებები მივიღეთ.

თეკლა, როგორ ვიცი, მოდელი ხარ… როგორი იყო შენი ემოციები, როცა სტეფანეს კლიპში გადაღება შემოგთავაზეს?

პირველი რეაქცია იყო, რომ ძალიან გამიხარდა, რადგან სტეფანეს ბავშვობიდან ვუსმენ და მომწონს მისი შემოქმედება. კლიპში პირველად მივიღე მონაწილეობა. არ მინერვიულია. ძალიან სასიამოვნო იყო გადაღების პროცესი, ულამაზესი გამოვიდა, კმაყოფილი ვარ შედეგით და ჩვენც ძალიან გავერთეთ.

ვაჟიკო, სტეფანემ გაგვიმხილა, რომ გადაღებაზე ერთი საათით დააგვიანე და თან, ტელეფონი გქონდა გამორთული…

სულ ყველგან ვაგვიანებ (იცინის). ეს ჩემდა უნებურად ხდება.

სტეფანე:

აი, მე ხომ ვარ უფროსი ადამიანი. უნდა დავარიგო, რომ პუნქტუალობა მნიშვნელოვანი თვისებაა. სერიოზულ ხალხს არაპუნქტუალურ ადამიანთან არ შეუძლია ურთიერთობა. რამდენიმე ტელევიზიამ დამირეკა და ვუთხარი, რომ ვაჟიკოს მე არ დავურეკავდი და ვერ შევუთანხმდებოდი, რადგან ამისი ნერვი არ მქონდა (იცინიან). მთლიანად ვანდობ ჟურნალისტებს მათთან ურთიერთობას. ახლა ჩავიწერ ვაჟიკოს ნომერს. თეკლას ეს არ ეხება.

ჩვენ ყველა შევიკრიბეთ ძალიან პუნქტუალურად. ვაჟიკო იყო დაბარებული ორზე, მოვიდა სამზე, ტელეფონი კი გათიშული ჰქონდა. ამდენი ხალხი შეიკრიბა და მთავარი გმირი, რომელსაც უნდა ემღერა, არ იყო მოსული. უცებ დავსახე გეგმა, როგორ ვპოულობ ვაჟას და ნაწილ-ნაწილ ვშლი (იცინის). ამხელა რაღაცას მიშლიდა, თვეების ნაშრომს. ერთდღიანი გადაღება იყო, მაგრამ წინ დიდი პერიოდი უძღვოდა მოსამზადებლად. მოვიდა დაგვიანებით, მაგრამ ყველა მოთაფლა.

ვაჟიკო, მთლიანი ტექსტი როგორ დაიზეპირე?

მთლიანი ტექსტი არ ვიცოდი, მუსიკა რომ ირთვებოდა, მერე მახსენდებოდა (იღიმის). მუსიკა რომ არ ჩართულიყო, ტექსტს ისე ვერ ვიტყოდი… ახლაც ასე ვიცი, მუსიკა რომ ჩაირთოს, ვიმღერებ.

შენც მოდელი ხარ?

არა, არ ვარ. მეუბნებიან, იყავიო. რაც შეეხება კლიპს, ნესტანმა მომწერა, ჩვენს კლიპში მონაწილეობისთვის, მთავარ როლზე ერთ-ერთ ვარიანტად განგიხილავთო. თურქეთში ვიყავი. ძალიან გამიხარდა, ყველას ხომ არ სთავაზობენ ასეთ რაღაცას. რომ დავბრუნდი, ორი-სამი კვირა გავიდა და არავინ შემხმიანებია. ვიფიქრე, რომ სხვა შეარჩიეს. მერე მომწერეს, დარწმუნებული ვართ, რომ გვინდა თქვენი გადაღებაო. სტეფანეს სახლში მიგვიწვიეს, იქ ვისაუბრეთ. ნესტანიც გავიცანი. შემდეგ დაგვამტკიცეს.

მოდელი რომ არ ხარ, გამიკვირდა…

მაქვს ამ მხრივ გამოცდილება, მოდის კვირეულებზეც გამოვსულვარ. საქართველოში სააგენტოს დირექტორები მეპატიჟებიან, მოდიო, მაგრამ არ მივდივარ, დამოუკიდებლად ვმუშაობ.

სტეფანე:

ვაჟიკოზე მეკითხებიან, მაღალია თუ არაო. ვპასუხობ, რომ მაღალია (იღიმის).

მათ ნომრებს გთხოვენ?

ყველას აინტერესებს, ვინ არის ეს წყვილი. მათი ნომრები მართლა არ მქონდა აქამდე, ახლა ჩავიწერ.

თეკლა, ვაჟიკო, როგორც ვიცი, ელოდებოდით ჭორებს, რომლებიც თქვენ გარშემო გაჩნდებოდა…

ვაჟიკო:

ველოდებოდით კი არა, დაიწყეს უკვე ჭორაობა. ქართველი ლამაზი წყვილი სტეფანეს კლიპში გამოჩნდაო, და ჩვენი ფოტოები იყო. მე და თეკლა ერთმანეთს აქამდე არ ვიცნობდით, გადაღებაზე გავიცანით.

თეკლა:

ეს ჭორი სიმართლეს არ შეესაბამება. კლიპში მე და ვაჟიკო უბრალოდ ვთამაშობთ შეყვარებულების როლს.  მე ოჯახი მყავს, მეუღლე და შვილი, რომელიც 10 თვისაა. ჩემი მეუღლე ძალიან მგულშემატკივრობს და ყველაფერში მიწყობს ხელს. ძალიან უხარია ჩემი წარმატება. ჩემთვის მოტივატორია. ეს ძალიან მახარებს. მეუღლე არაფერში მზღუდავს, პირიქით.

ვაჟიკო:

მე არ ვარ შეყვარებული. არ მინდა სერიოზული ურთიერთობა, რადგან კარიერაში ხელს შემიშლის.

სტეფანე, კარიერაში მართლა უშლის პირადი ცხოვრება ხელს?

რომ გამოაცხადოს, დაკავებული ვარო, რასაკვირველია, საზოგადოების ატაცებისთვის ხელს შეუშლის. ზოგი პრინციპულია და მოსწონს, როცა ვიღაც დაკავებულია, მაგრამ ასეთი ადამიანი იშვიათად შეგხვდებათ. ძირითადად, როცა იგებენ, რომ პოპულარული კაცი ან ქალი დაკავებულია, ყველა უკან იხევს. ახლაც, „იქს ფაქტორში“ გვქონდა შემთხვევა, შემოვიდა ძალიან მაგარი ბიჭი და საოცრად იმღერა. სოფო ნიჟარაძე მაგიდის ქვეშ გადავარდა… რომ ვკითხეთ, ვინ გულშემატკივრობდა და მეუღლეო, გვიპასუხა, სოფო ისევ დაჯდა სკამზე (იცინის). ნიჭთან ერთად გარეგნობაც მნიშვნელოვანია და პირადი ფაქტორები, რასაკვირველია, უკან ხევს…

ვაჟიკო, შენ როგორი გოგონები მოგწონს?

შეიძლება, არ ჰქონდეს ცისფერი თვალები და ქერა თმა, მაგრამ ლამაზი ნაკვთები ჰქონდეს. რომ შეხედავ და თვალები ზედ დაგრჩება, ასეთი გოგონები მომწონს, მაგრამ როგორც გითხარით, სერიოზული ურთიერთობა არ მინდა. ვთქვათ, საზღვარგარეთიდან რაღაც შემომთავაზეს, გოგო, რომელთანაც სერიოზული ურთიერთობა მექნება, მეტყვის, არ წახვიდე, არ დამტოვოო (იცინის). ახლაც მაქვს შემოთავაზება მოსკოვიდან, რაღაც სააგენტოდან, მაგრამ ცივა და ჯერ არ მინდა.

სტეფანე, 22 აპრილს „მუზამეში“ შენი კონცერტია…

ძალიან ვნერვიულობ. მსოფლიო დონის მუსიკოსებთან და ხმის რეჟისორებთან ერთად ვიმუშავებ. იქნება ლაივ-კონცერტი ბევრი ძველი და ახალი სიმღერით, ხუთ ახალ სიმღერას წარმოვადგენ. 1997 წელს გამოვიდა ჩემი ელექტროტრეკი, ზუსტად 20 წელი გავიდა, რაც სცენაზე ვარ. ამ თარიღს კი არ აღვნიშნავ, მაგრამ ძალიან ბევრი სიმღერა დამიგროვდა და გამოდის კონცერტი.

ახლა რომ იწყებდე კარიერას საქართველოში, უფრო ბევრ რამეს მიაღწევდი?

მე რომ მუსიკის კეთება დავიწყე, ელექტრომუსიკა რა იყო, საერთოდ ვერ ხვდებოდნენ. „კერასინკა“ და ჭვარტლი იყო მაშინ მარტო… მგონია, რომ ბევრი რამ გავაკეთე. პოპულარობის შენარჩუნება ბევრად რთულია. როცა მრავალი წელია გიცნობენ, უფრო ძნელია. „ჩემი აღარ ხარ მორჩა“ ფოტოთი ავტვირთე „იუთუბზე“ და ყველანაირი რეიტინგი მოხსნა. „დამიბრუნდი“-ზეც ეს მოლოდინი მაქვს. ერთ დღეში იმდენი ნახვა დააგროვა, დიდი წარმატებაა იმ ადამიანისთვის, რომელიც დიდი ხანია, სცენაზეა. ამას ეს თაობა განაპირობებს. არ აგიტაცებენ, თუკი ახალი არ შესთავაზე… ამ დროშიც რომ ვყოფილიყავი, ალბათ, რაღაცას მოვიფიქრებდი.

ამ თაობის დიდი იმედი მაქვს. მგონია, რომ ისინი ჩვენზე კაი ტიპები გაიზრდებიან, დიდ ინფორმაციას იღებენ. ვფიქრობ, ბევრ რამეს გააკეთებენ ქვეყნისთვის. მათი სულიერი მდგომარეობა ძალიან სუფთაა. ეს ასაკი ყველაზე ლამაზია და ეს სიმღერა სწორედ მათ მივუძღვენი.

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: რესტორანი „ზალა“

ნინო მურღულია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები