მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი კამკამიძემ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების სანდოობის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
„რატომ „ასტრაზენეკას,“ „ფაიზერის,“ „ნოვავაქსის“ ვაქცინები და არა რუსული ან ჩინური ვაქცინები?! რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით არ გაჩენილა ასეთი შეკითხვები, ასეთი შემოწმებები არ ჩატარებულა. ამ ვაქცინის ფართო გამოყენება მოხდა ამ კვლევებისა და გამოძიებების გარეშე. აქ მიკროსკოპის ქვეშ ხდება ვაქცინაციის პროცესის დაკვირვება. ასეთი შეჩერებები იყო აქამდეც, ეს პირველი არ არის. შეჩერება მოხდა, რათა გამოიკვლიონ ყველა ის თეორიული შანსიც კი, რაც შეიძლება იყოს დაკავშირებული ადამიანის სიცოცხლის რისკთან.
სამწუხაროდ, ეს ცუდად დაემთხვა ჩვენთან ვაქცინაციის დასაწყისს. უკვე ერთი-ორი თვის დაწყებული რომ ყოფილიყო ვაქცინაცია, ეს შედარებით ნაკლებ ზიანს მოგვიტანდა. ამ ვაქცინებს არ აქვს ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღემატება სხვა ადრე არსებულ კლასიკურ ვაქცინებთან არსებულ გვერდით ეფექტებს. სამწუხაროდ, თუ ერთხელ გაფუჭდა და ჩავარდა ვაქცინაციის კამპანია, მერე მისი უკან შემობრუნება ძალიან ძნელია. ეს გვაჩვენა ჩვენ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩავარდნამ. 2013 წელს იყო ახალი შემთხვევები და სიკვდილობის შემთხვევები ბავშვებში, ზუსტად იმის გამო, რომ ჩავარდა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის კამპანია,“ – ამბობს კამკამიძე.
