„იაშვილის კლინიკის“ ხელმძღვანელმა, პედიატრმა ვანიკო ჩხაიძემ ბავშვებში დელტა შტამის გავრცელების თავისებურებებზე ისაუბრა.
„ბავშვებში ეს ვირუსი შეიძლება მიმდინარეობდეს, როგორც ჩვეულებრივი გაციება. პირველ ეტაპზე კორონივირუსის მიმდინარეობისას იყო მაღალი ტემპერატურა, ჰგავდა გრიპის გამოვლინებებს, იყო თავის ტკივილი, ყელის ტკივილი. უფრო აგრესიული და მძიმე მიმდინარეობა ჰქონდა თავიდან კორონავირუსს. ახლა დაავადება შესაძლებელია დაიწყოს როგორც გაციება. ამ ფორმას არ ახლავს ისეთი გამოვლინება, როგორიც არის ყნოსვისა და გემოს დაკარგვა. დელტა შტამის შემთხვევაში უფრო მეტია ფილტვების ანთების განვითარების ალბათობა. უფრო მეტად ზიანდება ქვემო სასუნთქი გზები. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბავშვებთან, რომლებიც წვანან ჩვენს კლინიკებში, არის დაფიქსირებული ფილტვების ანთება. წამყვანი არის ფილტვების დაზიანება, რაც გამოარჩევს დელტა ვარიანტს. ფილტვების ანთების მკურნალობას აუცილებლად საავადმყოფო სჭირდება. თუ კორონავირუსის დროს ფილტვების ანთება განვითარდა, ბავშვის ასაკის მიუხედავად, მისი ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველა ბავშვი, რომელსაც ცხვირიდან გამონადენი ან დაბალი ტემპერატურა აქვს, მაშინვე საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ, მაგრამ აუცილებელია ბავშვის სამედიცინო მეთვალყურეობა,“ – ამბობს ვანიკო ჩხაიძე საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში.
